პოლიტიკოსები ხშირად აპელირებენ, რომ სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატები გაბერილია და გამოთქვამენ ეჭვს, რომ აღნიშნულ თანამდებობებს ძირითადად მმართველ პარტიასთან დაახლოებული ან მათდამი ლოიალურად განწყობილი პირები იკავებენ.
„ფაქტ-მეტრი“ შეეცადა, გაერკვია, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა სტატისტიკა წლების განმავლობაში როგორ იცვლებოდა.
ცხრილი 1: სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება
წყარო: ფინანსთა სამინისტრო, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები
როგორც მონაცემები ცხადყოფს, 2014 წელს სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად - 9420-ით, გაიზარდა. ასევე გაიზარდა შრომის ანაზღაურებაც - 280.5 მლნ. ლარით. საყურადღებოა ერთი დეტალიც, 2014 წელს 2013 წელთან
შედარებით, შტატიან თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კი საგრძნობლად - 12 899 ადამიანით, გაიზარდა. შემდგომ წელს მომუშავეთა რიცხოვნობა შემცირდა, სამაგიეროდ, გაიზარდა შრომის ანაზღაურება. 2019 წლიდან მოყოლებული, გარდა პანდემიური 2020 წლისა, ყველა კომპონენტში ზრდა ფიქსირდება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება (მუხლი 8).
შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმება, შტატიან თანამშრომლებთან შედარებით (რომელნიც ძირითადად კონკურსის შედეგად იკავებენ თანამდებობას), მარტივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რაც ნეპოტიზმის და პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის ალბათობას ზრდის და აადვილებს კიდეც. აქედან გამომდინარე, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობაზე ცალკე გავამახვილებთ ყურადღებას.
გრაფიკი 1: სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
როგორც მონაცემები ცხადყოფს, შტატგარეშე თანამშრომელთა სტატისტიკას 2020 წლამდე გამოკვეთილი ტენდენცია არ აქვს, მათი რაოდენობა წლების მიხედვით ხან მატულობდა, ხან მცირდებოდა, თუმცა 2020 წლიდან მოყოლებული მზარდია, განსაკუთრებული ზრდა 2022 წელს დაფიქსირდა, როცა შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7 745-ით - 15.3%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კანონით დასაშვებ ზღვარს აჭარბებს. ამის შესახებ მითითება არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევასა და აუდიტის ანგარიშებში გვხვდება.
აუდიტის ანგარიშებში ხშირად ყურადღება იმ ფაქტებზეც არის გამახვილებული, რომ მუნიციპალიტეტებში ხშირად იქმნება ისეთი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, რომელთა ობიექტური საჭიროება სათანადოდ დასაბუთებული არ არის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ფუნქციები ადგილობრივი ორგანოებისა და მუნიციპალური სხვა ა(ა)იპ-ების საქმიანობასთან არის დუბლირებული, ასევე ზოგიერთი ა(ა)იპ-ისთვის არ არის შექმნილი სათანადო შრომის პირობები.
გარდა ამისა აუდიტის დასკვნებში იმასაც ესმება ხაზი, რომ მუნიციპალიტეტების მიერ დაარსებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა არაგონივრულად მაღალია, ხშირად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიზეზი და აუცილებლობა დასაბუთებული არ არის, ასევე ხშირია ფუნქციების დუბლირების შემთხვევები.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალურ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წლიდან მოყოლებული იზრდება. განსაკუთრებით მზარდია შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, რაც ყურადსაღებია, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შტატგარეშე თანამშრომელთა დანიშვნის წესი უფრო მარტივია, ვიდრე შტატიანი თანამშრომლების. აღნიშნული კი მმართველ პარტიას პარტიული აქტივის დასაქმების და ამ ორგანიზაციების პოლიტიკური ნიშნით გამოყენების შესაძლებლობას უადვილებს.