სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში, ასევე ანტიოპოზიციური TikTok-ანგარიში Avoe.ge თაკო ჩარკვიანის ვიდეოს ავრცელებენ, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია. ანგარიშების მტკიცებით, ვიდეოს მიხედვით, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში რევოლუციის სურვილს აღარ მალავს. რეალურად, ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში გამოსვლისას „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და ურჩევს, რომ რიტორიკა შეცვალოს, მათ შორის ახალგაზრდებთან მიმართებით, რათა ქვეყანაში, სადაც ხალხს ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილმა წაართვა, ფერადი რევოლუცია არ მოხდეს. აღნიშნული კონტექსტი გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს.

თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის წევრებს 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენის მიმდინარეობისას მიმართა. ვიდეოს სრულ ვერსიაში თაკო ჩარკვიანი კორუფციულ სქემაზე საუბრობდა. მისი თქმით, სწორედ ამ სქემის გამო, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში სასამართლოს სისტემის რეფორმირებით უნდა აღმოიფხვრას, ბევრი დეპუტატი სამარცხვინო გზას ადგას. „გარეთ თქვენ ხომ ხედავთ 25-30 დღეა, რა რაოდენობის ხალხი გამოდის, ამ ტალღას ვერ გააჩერებთ, ხალხო. ამ ქვეყნიდან ხომ არ უნდა წახვიდეთ, ხომ უნდა დარჩეთ, გეკითხებით, აქ ხომ უნდა იცხოვროთ?! (...)ეს კონფორმიზმი საზარელი, რომელსაც როგორმე უნდა მოვცილდეთ, ამაში გვეხმარება ის 27 ქვეყანა, რომლებსაც ომი გამოვუცხადეთ, რომლებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთს მოვცილდეთ. მათ რატომ ეჯინებით ხალხო? რატომ ეჯინებით ახალგაზრდებს, ის მომავალი თაობაა, დიდი ტალღაა. დაიმახსოვრეთ, ჩემი კეთილი რჩევა, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით, მერწმუნეთ, საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია იმიტომ, რომ ძალაუფლება წაგვართვა ივანიშვილმა ხალხს, ეს არის სიმართლე. გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა, რჩევა, რაც გნებავთ, საქართველო დგას გადაბარების წინაშე“.

ამდენად, ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ დეპუტატი ფერად რევოლუციაზე როგორც „ქართული ოცნების“ ქმედებით გამოწვეულ შესაძლო სცენარზე საუბრობს და არა როგორც - საკუთარ სურვილზე.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.