სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედი“, POSTV, Newshub და სხვა Facebook-გვერდები (1; 2; 3) ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ესპანეთში პატარა, ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა“. (არქივირებული ბმული 1; 2)
სინამდვილეში, აღნიშნული წიგნი საბავშვო არ არის. წიგნი, სახელად „პატარა იესოს არ სძულს ჰომოსექსუალები“, ესპანეთში მართლაც გამოიცა, თუმცა ის ფაქტი, რომ წიგნი საბავშვო არ არის, საგამომცემლო სახლმა Fandogamia-მ და თავად წიგნის ავტორმა ესპანურ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Maldita-სთან საუბარში დაადასტურა. საგულისხმოა, რომ წიგნის შესახებ ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა ესპანეთშიც, როდესაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ფოტოანაბეჭდი, ონლაინ გაყიდვების ვებგვერდ Amazon-დან. ფოტოზე ჩანდა, რომ Amazon-ს წიგნის აღწერაში მითითებული ჰქონდა, რომ იგი „6 წლიდან ზემოთ“ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. საგამომცემლო სახლ Fandogamia-ს რედაქტორმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ წიგნი ზრდასრულებისთვის არის, თუმცა რედაქციისგან დამოუკიდებლად, წიგნის დისტრიბუტორმა ორგანიზაციებმა DILVE-მ და CEGAL-მა არასწორი ასაკობრივი ზღვარი მიუთითეს, თუმცა შეცდომის აღმოჩენისთანავე, რედაქცია დისტრიბუტორ კომპანიებს დაუკავშირდა და თითოეულ მაღაზიაში ინფორმაციის შესაბამისი შესწორება დაიწყო. 2024 წლის 20 მაისის ინფორმაციით, წიგნი Amazon-ზე აღარ იძებნება, თუმცა Fandogamia-ს რედაქტორი ამტკიცებს, რომ წიგნი პლატფორმაზე შესაბამისი შესწორებით ისევ განთავსდება.
წიგნის ავტორმა Maldita-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ის არ არის ბავშვებისთვის, რასაც მის სათაურში არსებული უცენზურო სიტყვებიც მოწმობს.
2024 წლის 18 აპრილს გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელშიც ჩამოთვლილია ახალი წიგნები, „პატარა იესოს“ შესახებ წიგნიცაა მოხსენიებული. წიგნს უშუალოდ ასაკობრივი ზღვარი არ უწერია, თუმცა წიგნის აღწერაში ვკითხულობთ, რომ იგი ზრდასრულებისთვისაა.
პრესრელიზის გარდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წიგნი ბავშვებისთვის არ არის, გამომცემლობის ვებგვერდზეც მითითებულია.
ტელეკომპანია „იმედმა“ ეს ინფორმაცია Facebook-ზე თავდაპირველად ქარდთან ერთად მხოლოდ ერთი წინადადებით გაავრცელა: „ესპანეთში პატარა, ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა“.
თუმცა შემდგომ პოსტში ცვლილება შეიტანა და აღწერაში შემდეგი ინფორმაცია დაამატა: „გამომცემელი ამტკიცებს, რომ წიგნი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, თუმცა იმის გამო, რომ მასზე არანაირი მითითება არ არის დატანილი, ის ესპანური მაღაზიების საბავშვო განყოფილებებში მოხვდა“. გამომცემლობის ვებგვერდზე და პრესრელიზში ნამდვილად წერია, რომ წიგნი ზრდასრულებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა აღნიშნული „იმედმა“ დამატებულ ინფორმაციაში არ ასახა. ასევე, დამატებული ტექსტი არც ქარდზეა ასახული, რომელსაც Facebook-ანგარიშები ცალკე აქვეყნებენ, რითაც ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.
ამგვარად, მტკიცება იმის შესახებ, რომ ესპანეთში გამოცემული წიგნი „პატარა იესოს“ შესახებ საბავშვოა, სიმართლეს არ შეესაბამება.
----------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.