სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა გიორგი იბერიელმა 2024 წლის 12 მაისს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგოდ მიმდინარე პროტესტის კადრების ფონზე ევროვიზიის გამარჯვებულის ფოტო ჩანს. ვიდეოზე ტექსტის სახით დატანილია, რომ „ევროვიზიის გამარჯვებული უსქესო ნემო გახდა“, რაშიც იგულისხმება, რომ ევროვიზიის გამარჯვებული არატრადიციული იდენტობისაა. ამ ფაქტთან კავშირში ვიდეოში ასევე ვხვდებით მტკიცებას, რომ აქციაზე მყოფ ხალხს, რეალურად, საქართველოშიც იმავეს მიღწევა სურს (ვიდეოს დაარქივებული ბმული).
სინამდვილეში, დემონსტრაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას ასახავს, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ უპირობოდ უკან გაწვევაა.
„ქართული ოცნების“ მიერ აღნიშნული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო პროტესტი მრავალმა ჯგუფმა, მათ შორის, უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, სკოლის მოსწავლეებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოხატა.
მაგალითად, 4 აპრილიდან დღემდე, გამოქვეყნდა განცხადებები, რომლებშიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოთხოვნა ცალსახად ფიქსირდება. 2024 წლის 8 აპრილს განცხადება 400-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიამ გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად მოსახლეობის დაყოფას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებასა და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას ისახავს. განცხადებაში ხელმომწერები კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. „რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. ეს კანონი, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
13 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს. განცხადებაში დაგმობილია „ქართული ოცნების“ მიერ საზოგადოებისთვის არაერთხელ გაცემული პირობის მიუხედავად, ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირება. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის მიღება „მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მშვიდობის მშენებლობის პროცესს, რისი წარმატებაც დიდწილად სწორედ საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება“. განცხადებაზე ხელმომწერებმა ასევე აღნიშნეს, რომ „სამოქალაქო პლატფორმას მშვიდობისთვის, მის წევრ ორგანიზაციებს და ექსპერტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კონფლიქტებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებასა და ნდობის აღდგენაში, ასევე გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების საქმეში, რაც არა უცხო ძალის, არამედ უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხისა და სამშვიდობო პოლიტიკის ინტერესებს ემსახურება. ყველა მოქმედება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ღიად და გამჭვირვალედ, ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებენ, სწორედ საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით, ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით არის შესაძლებელი“. ამავე განცხადებაში მოთხოვნილია ინიციირებული კანონპროექტის უკან გაწვევა, ევროინტეგრაციის გზაზე დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება და დეკლარირებული სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება.
25 აპრილს საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციებმა ასევე განაცხადეს, რომ აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ე.წ. „რუსული კანონის“ უკან გახმობამდე.
13 მაისის განცხადებაში ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე განაცხადეს, რომ „ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული. ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის ამოქმედება ჩვენს საზოგადოებას მოუტანს“.
ორგანიზაციებმა კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგაც უარყვეს და მოითხოვეს ხელისუფლების მიერ კანონის უპირობოდ გაწვევა.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გაფიცვა რამდენიმე ათეული უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოაცხადეს.
კერძოდ, რუსული კანონის გაწვევამდე აუდიტორიებში ლექციებზე დასწრებაზე უარს აცხადებენ სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA); ალტე უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თავისუფალი უნივერსიტეტი; აგრარული უნივერსიტეტი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU); საქართველოს უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; ალტერბრიჯი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ); სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი; ევროპის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. სტუდენტთა მოთხოვნაც ხელისუფლების მიერ ე.წ. რუსული კანონის უკან გაწვევაა.
ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს კულტურის წარმომადგენლებიც გამოთქვამენ.
მაგალითად, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის, „თეატრი სახელოსნო 42-ის“, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, სამეფო უბნის თეატრის სცენებიდან. ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა ბათუმის დრამატული თეატრის დასმა, ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა.
ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს საქართველოს ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა.
10 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს პენ-ცენტრმა, რომელიც საქართველოს 70-ზე მეტ მწერალს აერთიანებს. განცხადებაში საქართველოს პენ-ცენტრმა, წერილზე ხელმომწერმა მწერლებმა, მთარგმნელებმა, გამომცემლებმა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა დაგმეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია აღნიშნული ქმედებით უარს ამბობს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ ანგარიშვალდებულებაზე და დგამს მოღალატეობრივ ნაბიჯს ქართველი ერის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნებით, დეკლარირებულად ამბობს უარს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ისარგებლოს ევროკავშირის გაფართოების ისტორიული შესაძლებლობით.“
ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა მეცნიერებმა და მედიკოსებმაც. განცხადებაში ისინი საქართველოს პარლამენტისადმი ავრცელებენ მოწოდებას, გაითვალისწინოს ხალხის დამოკიდებულება, საქართველოს პარტნიორების რჩევა და არ მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“. „ჩვენ, მეცნიერებს და მედიკოსებს, კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა პროგრესის, ინოვაციებისა და კეთილდღეობისთვის. აღნიშნული კანონი არის ფუნდამენტურად რეგრესული და ის შეაჩერებს უკლებლივ ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის მედიცინისა და მეცნიერების. რუსული კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას ვითანამშრომლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. ხელს შეგვიშლის, უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა, ჩვენი სტუდენტების მეცნიერების და ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებში დროული ჩართვა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ყური უგდოს ხალხის ხმას, სტრატეგიული პარტნიორების რჩევას და არ მიიღოს ქვეყნის ინტერესების შეუქცევადად დამაზიანებელი კანონი“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 17 მაისის მონაცემებით 575 ხელმომწერი უერთდება.
კანონის უკან გაწვევის მოწოდება საზოგადოების სხვა არაერთმა ჯგუფმა გაავრცელა, მათ შორის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, კვლევით ცენტრებსა და პროფესიული სერვისის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებმა, განათლების სფეროს მკვლევრებმა და სხვა.
ამასთანავე პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირების ფონზე გამართული მრავალათასიანი აქციები ასევე ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგალითად 9 აპრილს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართა, სოციალურ ქსელში აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილი ღონისძიების აღწერაში აღნიშნულია, რომ მარში რუსული კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული, მარშის მონაწილეები კი არჩევანს ევროპაზე აკეთებდნენ. „ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, - ვკითხულობთ განცხადებაში. „რუსული კანონის“ გაწვევა იყო 15 აპრილის 10:00 და 19:00 საათზე ჩატარებული საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნაც, ისევე როგორც მოგვიანებით ჩატარებული აქციების შემთხვევაში, მათ შორის, 28 აპრილისა და 11 მაისის მარშის.
ამდენად, საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეთა გაცხადებული მიზანი მმართველი ძალის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გახმობაა, ხოლო Facebook-ზე გავრცელებული პოსტი დემონსტრანტთა დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.