კახა კალაძე: აქ არ არის საუბარი ფიზიკურ პირებზე…საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტელევიზიებზე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ ხელმეორედ დაინიციირებული „რუსული კანონი“ ფიზიკურ პირებს არ ეხება. ამ შინაარსის კიდევ ერთი განცხადება, 16 მაისს, თბილისის მერმა კახი კალაძემ გააჟღერა - „აქ [კანონპროექტში] არ არის საუბარი ფიზიკურ პირებზე, შშმ პირებზე, მეცნიერებზე, სტუდენტებზე, საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტელევიზიებზე“.
„ფაქტ-მეტრმა“ კახი კალაძის განცხადება გადაამოწმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ პირველად ინიციირებული ვერსიის პირდაპირი სუბიექტები ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები არიან, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20%-ს უცხოელი დონორებისგან იღებენ. მათ კანონპროექტი ტოტალური გაკონტროლების და საქმიანობის შეზღუდვის მიზნით, გამჭვირვალობის ყალბ მოთხოვნებს უდგენს. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების და ამ ვალდებულებების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციების უმრავლესობა სწორედ არასამთავრობოებსა და მედიებს მიემართება.
მიუხედავად ამისა, კანონპროექტში არსებული რეპრესიული მექანიზმები ფიზიკურ პირებსაც შეეხება - მაგალითად, კანონპროექტით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრო აღიჭურვება ორგანიზაციაში დასაქმებული ფიზიკური პირებისა თუ ორგანიზაციის ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების დამუშავების შეუზღუდავი ძალაუფლებით , [1] რითაც სახელმწიფო ფაქტობრივად უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, უფლებაში ჩარევის თანაზომიერი, მაშასადამე, აუცილებელი და პროპორციული გზა აირჩიოს. [2] ამასთან, კანონპროექტი, გამჭვირვალობის „კეთილშობილური მიზნის“ საფუძვლით, ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის თითქმის ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, იმ ორგანიზაციებს, რომელთა სერვისით სარგებლობენ შშმ პირები, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები, უფასო იურიდიული დახმარების საჭიროების მქონე პირები და ა.შ. შესაბამისად, კანონპროექტი საკუთარი ყოვლისმომცველი რეგულირებით ისედაც ეხება ფიზიკურ პირებს, როგორც ირიბად, ასევე პირდაპირ.
კანონპროექტის თავდაპირველად ინიციირებული ვარიანტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე კანონპროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ის რისკები, რაც უშუალოდ ფიზიკურ პირებს მიემართება. მათგან ორი განსაკუთრებით საყურადღებო ცვლილებაა.
ერთმა ცვლილებამ შესწორებები შეიტანა კანონპროექტის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლებში და შემდეგი შინაარსი ჩაამატა: იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ინფორმაცია გამოითხოვოს, მათ შორის, ფიზიკური პირისგანაც, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მის ხელთ არსებული მოთხოვნილი ინფორმაცია.
კერძოდ, მოცემულ მუხლებში შესული ცვლილება შემდეგია: კანონპროექტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების ჩანაწერი - „სააგენტო ვალდებულია, მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს განაცხადი, რისთვისაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი“ დაზუსტდა და შეიცვალა შემდეგნაირად:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, განაცხადის სააგენტოსთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი. ამ მიზნით, ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია“.
ანალოგიური შინაარსის ცვლილებები განხორციელდა კანონპროექტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში, მე-7 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში არსებულ მსგავს ჩანაწერებთან მიმართებითაც.
ამას გარდა, მეორე პლენარულ მოსმენაზევე ცვლილება კიდევ ერთ მუხლში შევიდა, კერძოდ - მე-9 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის ნორმა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით“. ამრიგად, მოცემული ცვლილებით, იუსტიციის სამინისტროს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ დააჯარიმოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, მათ შორის, ის პირები, რომლებიც არასამთავრობოებსა თუ მედიებში მუშაობენ და მოთხოვნილი ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს არ მიაწოდეს.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ფიზიკური პირების გაკონტროლებისა და მათი უფლებების შეზღუდვის მექანიზმებს როგორც ირიბად, ასევე პირდაპირაც შეიცავს. მეორე მოსმენის ფარგლებში, „საჭირო ინფორმაციის“ მოძიების ტვირთს სახელმწიფო ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებზეც ავრცელებს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მათ ფინანსურ სანქციებს უდგენს. ამრიგად, მტკიცებას, თითქოს კანონპროექტში საუბარი იყოს მხოლოდ ორგანიზაციებსა თუ მედიებზე, და არა ფიზიკურ პირებზე, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
[1] იხ. კანონპროექტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი.