სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ ტყუილს უწოდებს ეკა გიგაურის პოსტს, სადაც ის წერს, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა ახალგაზრდების სასტიკი ცემის ფონზე, ოპოზიციური დეპუტატების დაშვების გარეშე გაიმართა.
ცნობისთვის, Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია და მათ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მხილებას ისახავს მიზნად.
„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, 13 მაისის იურიდიული კომიტეტის სხდომა თუ რა პირობებში შედგა, კერძოდ, ადგილი ჰქონდა, თუ - არა აქციაზე მყოფი დემონსტრანტების ცემის ფაქტს და კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციური დეპუტატების არ დაშვებას.
2024 წლის 13 მაისს პარლამენტთან მიმდებარე აქციას ტელევიზიები, ონლაინ მედიები და დემონსტრანტები აშუქებდნენ. სოციალურ ქსელში რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ 13 მაისის დილას გადაღებულ და გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები ახალგაზრდას აკავებენ და ფიზიკურად უსწორდებიან.
დემონსტრანტების დაკავებისა და ცემის ფაქტები გააშუქეს სხვა ტელევიზიებმაც. მაგალითად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები, სავარაუდოდ, დაკავებულ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პროტესტის მონაწილეთა ცემის კადრები გაავრცელა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთმაც“.
ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერის კადრებში, დილის 08:33 საათზე, ჩანს დემონსტრანტებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის მცირე დაპირისპირება, მოგვიანებით კი მათ მიერ დემონსტრანტების დაკავების მცდელობის კადრები.
აქციაზე მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის მომხმარებლებიც აშუქებდნენ. Instagram-პლატფორმაზე natiatalks-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც დემონსტრანტის დაკავებისა და მასზე ძალადობის ამსახველ კადრებს შეიცავს.
2024 წლის 13 მაისის 08:39 საათზე განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმაც გამოაქვეყნა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი“. განცხადებაში გაჟღერებული იყო მოწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და აღნიშნული იყო, რომ „ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე“.
ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 13 მაისს 10:00 საათზე ასევე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. „საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამდენად, აქციაში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ძალადობის ფაქტები ჩანს ტელევიზიის, ონლაინ მედიისა და სოციალური ქსელის მომხმარებელთა მიერ გადაღებულ და გამოქვეყნებულ კადრებში.
რაც შეეხება ეკა გიგაურის პოსტში გაჟღერებულ მეორე მტკიცებას, რომლის მიხედვით, პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა ოპოზიციური დეპუტატების დაშვების გარეშე გაიმართა, Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ ასევე ტყუილს უწოდებს.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული მტკიცებაც გადაამოწმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ YouTube გვერდზე 2024 წლის 13 მაისის იურიდიული კომიტეტის მთლიანი სხდომის ამსახველი ვიდეო 1 წუთი და 7 წამი გრძელდება. კადრებში ჩანს, რომ კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ტექსტს 1 წუთზე ნაკლებ დროში უყარეს კენჭი, კენჭისყრის მიმდინარეობისას, დეპუტატთა ნაწილი ჯერ კიდევ დარბაზში შესვლას ცდილობდა, სკამებზე კი დაახლოებით 20 დეპუტატი იჯდა.
პარლამენტის შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატთა პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობას ტელევიზიები ასევე აშუქებდნენ. მაგალითად ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში დილის 08:51 საათზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მათ პარლამენტში არ უშვებდნენ. „სპეცრაზმით შეიყვანეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ჩვენ აქედან არ გვიშვებენ რომ შევიდეთ“, - აღნიშნა მან. იმავე საკითხზე კომენტარი სალომე სამადაშვილმაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ „ჩვენი უფლებაა კონსტიტუციური ახლა კომიტეტის სხდომაზე შევიდეთ და ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“ რომ არალეგიტიმურია საერთოდ ეს პროცესი. [...] პოლიციის ჯარი არ უშვებს ოპოზიციონერ დეპუტატებს“. პირდაპირი ეთერი მიხედვით, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტისკენ 08:53 საათზე გაატარეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 09:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ის მხოლოდ რამდენიმე ათეული წამი გაგრძელდა და როგორც თავად პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, კენჭისყრას დეპუტატთა მცირე რაოდენობა ესწრებოდა, დეპუტატთა ნაწილი კი დარბაზში ჯერ კიდევ შედიოდა.
უკვე 09:12 საათზე ხატია დეკანოიძემ განცხადება პარლამენტიდან გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატებს დასწრების საშუალება არ მისცეს. „ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მოგვეცა იმის საშუალება რომ სხდომას დავსწრებოდით იმიტომ, რომ ჩვენ სანამ კიბეებზე ჩამოვდიოდით, გარეთ შეგვაყოვნეს პოლიციელებმა. სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში. ანუ ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა. მხოლოდ შევიდა თავმჯდომარე კომიტეტის ოხანაშვილი და იქ რამდენიმე ადამიანი, ვითომ ლეგიტიმაცია მიანიჭეს. ამიტომ ეს არის არალეგიტიმური სხდომა [...] მე გუშინ საღამოს საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შემიშვეს საქართველოს პარლამენტის წევრი სამაგიეროდ უშვებდნენ ქართული ოცნების ფრაქციის წარმომადგენლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ასევე აღნიშნა, რომ სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე ჩატარდა. „ჩვენ დეპუტატები ოპოზიციის დაგვაყოვნეს. ზუსტად 9 საათსა და 1 წუთზე, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატები შედიოდნენ დარბაზში და ჩვენც შესაბამისად, ვაპირებდით შესვლას, დაასრულეს კომიტეტის სხდომა. ზუსტად წუთნახევარი დასჭირდათ მათ მიეღოთ რუსული კანონი“.
9:41 საათზე რომან გოცირიძემ ტელეკომპანია ფორმულასთან ასევე განაცხადა, რომ „ეს დეპუტატები რეკორდულად შედიან მოღალატეთა სიაში და ასე გინესის რეკორდში მოხვდებიან კომიტეტის სხდომის ხანგრძლივობის მიხედვით. 55 წამში დაამთავრეს სხდომა. შესვლა ვერ მოვასწარით და მომენტალურად კენჭი უყარეს, ვინაიდან თურმე ეს არის რედაქციული ხასიათის და ამიტომ არ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე“.
ამდენად, სხდომამ ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე ჩაიარა, სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გაშუქებული კადრებით ირკვევა, რომ მათი პარლამენტში შეშვება პარლამენტის გარეთა ტერიტორიაზე დაყოვნებით მიმდინარეობდა, უშუალოდ კომიტეტის სხდომაზე კი, რომელიც რეგლამენტის მიხედვით 09:00 საათზე გაიმართა და 1 წუთი გაგრძელდა, დეპუტატების დიდმა ნაწილმა შესვლა ვერ მოასწრო.
აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი „სინამდვილეში“, რომელიც აცხადებს, რომ ეკა გიგაურის განცხადება სიცრუეა, ამ მტკიცების მხარდასაჭერად მტკიცებულებებს არ აქვეყნებს. პოსტი ხაზს უსვამს მხოლოდ იმას, რომ ეკა გიგაურისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმდინარე პროექტების ბიუჯეტი დაახლოებით 6.000.000 ლარია, მისი ძირითადი დონორი კი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა (Sida). სავარაუდოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია როგორც ეკა გიგაურის, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და ე.წ. „რუსული კანონის“ მიმართ მათ საწინააღმდეგო განწყობას სწორედ უცხოური დაფინანსების არსებობას უკავშირებს. ამის მანიშნებელია პოსტის კომენტარებში მომხმარებლების გამოხმაურება, რომლებიც ეკა გიგაურისა და ორგანიზაციის მიმართ იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „გამყიდველი“, „გრანტიჭამია“. ხოლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს „ეკა გიგაურის ჯიბის გავსებას“ უკავშირებენ.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.