ირაკლი კობახიძე: ბოლო 16 წელიწადში ევროკავშირის რეალური ეკონომიკა შემცირდა, იქამდე, 5-6 წელიწადში გაორმაგდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
2007 წელს ევროკავშირის ეკონომიკა 13 ტრლნ ევროს შეადგენდა, ბრიტანეთის გამოკლებით - 10.7 ტრლნ ევროს. 2023 წელს ევროკავშირის ნომინალურმა ეკონომიკამ, ხორვატიის გამოკლებით, 16.9 ტრლნ ევროს მიაღწია [1]. ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკის მოცულობა 2007-2023 წლებში 58%-ით გაიზარდა, რეალური ეკონომიკის კი - 19.3%-ით.
თუ უფრო ადრინდელ პერიოდს განვიხილავთ, 2001-2007 წლებში, ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა არ გაორმაგებულა და მხოლოდ 29%-ით გაიზარდა [2], კიდევ უფრო ნაკლებს - 15.3%-ს შეადგენდა მისი რეალური ზრდა.
მტკიცება, რომ რომ 2007-2023 წლებში ევროკავშირის რეალური ეკონომიკა შემცირდა, ტყუილია. ტყუილია ისიც, რომ 2007 წლამდე ევროკავშირის ეკონომიკა 6 წელიწადში გაორმაგდა. სიმართლეს არ შეესაბამება არც ის რიცხვები, რომელიც ირაკლი კობახიძემ საკუთარი მტკიცების გასამყარებელ არგუმენტად დაასახელა. რიცხობრივი უზუსტობებისა და ტენდენციის საპირისპიროდ ჩვენების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ტყუილი.
ანალიზი:
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა: „ევროკავშირის ეკონომიკა 16.3 ტრილიონი იყო 16 წლის წინ და ახლა არის 17.3 ტრილიონი, თან ეს ინფლაციის ფონზე ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ეკონომიკამ თვისებრივად დაიხია უკან 16 წლის განმავლობაში. როცა მანამდე, 5-6 წლის განმავლობაში ჰქონდა ორმაგი ზრდა. ანუ 7 ტრილიონიდან გადასცდა 16 ტრილიონს და ამის შემდეგ დარჩა პრაქტიკულად იგივე მაჩვენებელზე, მხოლოდ 1 ტრილიონით გაიზარდა ნომინალური ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფლაციას თუ გამოაკლებ, რეალური ეკონომიკა არის ქვემოთ წასული“.
ევროკავშირის ეკონომიკის დინამიკის გასაზომად ორი აუცილებელი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების რაოდენობის ცვლილება და ვალუტა. დაარსების შემდეგ, ევროკავშირის წევრთა რაოდენობა, როგორც წესი, იზრდებოდა. თუმცა 2020 წელს მას მსოფლიოს #5 ეკონომიკის მქონე ბრიტანეთი გამოაკლდა, რამაც გაერთიანების მშპ 2.5 ტრლნ ევროთი შეამცირა. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 20-ში ოფიციალური ვალუტა ევროა და შესაბამისად, უფრო ზუსტი იქნება, თუ მშპ-საც დოლარის ნაცვლად ევროში დავითვლით.
ევროპის სტატისტიკის სამსახურის (eurostat) ცნობით, 2023 წელს ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკის მოცულობა 17 ტრლნ ევროს შეადგენდა, 16 წლით ადრე, 2007 წელს, 13 ტრლნ ევროს, თუმცა 2007 წელს ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იყო და მის გარეშე ევროკავშირის ეკონომიკა 10.7 ტრლნ ევროს უტოლდებოდა. 2013 წელს ევროკავშირის რიგებს ხორვატია დაემატა. შესადარებლად უფრო მეტი სიზუსტისთვის თუ ხორვატიასაც გამოვაკლებთ, ევროკავშირის ეკონომიკა 2023 წლისთვის 16.9 ტრლნ ევრო გამოვა. ანუ 26 ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა 2007-2023 წლებში 10.7-დან 16.9 ტრლნ ევრომდე გაზრდილა, რაც 58%-იან ნომინალურ ზრდას ნიშნავს.
გრაფიკი 1: ევროკავშირის მშპ (ბრიტანეთისა და ხორვატიის გამოკლებით) მიმდინარე ფასებში (ტრლნ ევრო)
წყარო: ევროპის სტატისტიკის სამსახური (Eurostat)
ნომინალურ ზრდაზე გავლენას ინფლაციაც ახდენს. იმის დასადგენად თუ რა მოცულობით გაიზარდა დროის გარკვეულ შუალედში რეალური ეკონომიკა, მშპ მუდმივ ფასებში უნდა გაიზომოს ან მშპ-ის წლიური ზრდის ტემპები გადამრავლდეს ერთმანეთზე.
2007 წლის შემდეგ, ევროკავშირში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა სულ 4-ჯერ დაფიქსირდა - 2009, 2012, 2013 და 2020 წლებში. ჯამურად, 2007 წლის შემდეგ, ანუ 2008-2023 წლებში, ევროკავშირის რეალური ეკონომიკა 19.3%-ით გაიზარდა.
გრაფიკი 2: ევროკავშირის მშპ-ის ზრდა (2007=100%)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
მაშინაც კი, თუ ირაკლი კობახიძის მეთოდოლოგიას გამოვიყენებთ, მისი ნათქვამი რიცხობრივად მაინც მცდარი იქნება, რადგან 2007 წელს ევროკავშირის ეკონომიკა 14.7 ტრლნ დოლარს შეადგენდა და არა 16.3-ს, ხოლო 2023 წელს 18.3 ტრლნ-ს და არა 17.3 ტრლ-ს.
ირაკლი კობახიძემ 2007 წლამდელი პერიოდიც შეაფასა და აღნიშნა, რომ იქამდე 5-6 წელიწადში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა, რაც ასევე ტყუილია. 2001 წელს ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა 10.1 ტრლნ ევროს შეადგენდა, ხოლო 2007 წელს 13 ტრლნ-ს. ანუ 6 წელიწადში 29%-ით გაიზარდა, რეალური ეკონომიკა - 15.3%-ით.
2001-2007 წლებში ევროკავშირში მშპ-ის ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2008-2023 წლებში, თუმცა ანალოგიური ვითარებაა მთელ მსოფლიოში, სახელმწიფოთა უმრავლესობაში და მათ შორის საქართველოშიც.
გრაფიკი 3: ევროკავშირის მშპ (27 ქვეყანა) მიმდინარე ფასებში (ტრლნ ევრო)
წყარო: ევროპის სტატისტიკის სამსახური (Eurostat)
მთლიანობაში, ბოლო 16 წელიწადში, ევროკავშირის რეალური ეკონომიკა მინუსში არ გასულა და 19.3%-ით გაიზარდა, ნომინალური ეკონომიკა 58%-ით - 10.7 ტრლნ-დან 16.9 ტრლნ ევრომდე და არა 6%-ით - 16.3 ტრლნ-დან 17.3 ტრლნ-მდე. რაც შეეხება უფრო ძველ პერიოდს, 2001-2007 წლებში, ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა 29%-ით, ხოლო რეალური 15.3%-ით გაიზარდა, ერთიც და მეორეც ძალიან შორსაა გაორმაგებისგან. რიცხვებში დაშვებული შეცდომებისა და ტენდენციის საპირისპირო მიმართულებით ჩვენების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ტყუილი.
[1] ხორვატია ევროკავშირის რიგებს 2013 წლიდან შეუერთდა, ბრიტანეთმა კი ის ოფიციალურად 2020 წელს დატოვა, შესაბამისად გრძელვადიან პერიოდში შედარებისთვის ორივეს გამოკლება უფრო მართებული იქნება.
[2] 2004 წელს ევროკავშირში 10 და 2007 წელს კიდევ 2 ქვეყანა გაწევრიანდა. დაანგარიშებისას 27 ქვეყანაა ნაგულისხმევი, საწყისი 15 ქვეყნის შემთხვევაში ნომინალური ზრდა 26% ანუ დაახლოებით იგივე იქნებოდა.