სამთავრობო ტელეკომპანია POSTV სოციალურ ქსელში გია ჯაფარიძესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს. POSTV-ის მტკიცებით, გია ჯაფარიძე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფრანკლინის კლუბის ხელმძღვანელია. რეალურად, გია ჯაფარიძე კლუბის ხელმღვანელი არც ახლა და არც წარსულში არ ყოფილა. ის აკადემიის ერთ-ერთი ლექტორი იყო.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეს, რომელიც ღიად უპირისპირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს, 8 მაისის ღამეს თავს დაესხნენ. ძალადობასთან დაკავშირები ინფორმაცია თავდაპირველად მისმა ძმამ, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ გაავრცელა.
გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ჯაფარიძე ფრანკლინის კლუბის ხელმძღვანელი არაა. კლუბის ვებ-გვერდზე სექციაში „გუნდი“ მისი სახელი მოხსენიებული არაა. კლუბში აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ალექსანდრე შარაშენიძეს უკავია.
დამატებით, „ფაქტ-მეტრი“ ინფორმაციის გადამოწმებისთვის ფრანკლინის კლუბს დაუკავშირდა. მათი თქმით, გია ჯაფარიძე კლუბის ხელმძღვანელი არასდროს ყოფილა. ის კლუბის საერთაშორისო ურთიერთობისა და პოლიტიკის მიმართულებით ერთ-ერთი ლექტორი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ვებ-გვერდზე „ლექტორების“ სექციასა და Facebook-გვერდზეც არის ხელმისაწვდომი.
ამდენად, მტკიცება, რომ გია ჯაფარიძე ფრანკლინის კლუბის ხელმძღვანელია, მცდარია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.