ლევან დავითაშვილი: პირველ კვარტალში 1.3 მლნ ვიზიტორი გვყავდა, უფრო მეტი, ვიდრე 2019 წელს, საიდანაც 1 მლნ-ზე მეტი ტურისტი იყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მცდარი.

ვიზიტის მიზნებიდან გამომდინარე, ერთმანეთისგან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტებსა (ტურისტულ და ერთდღიან ვიზიტებს) და სხვა არატურისტულ ვიზიტებს განარჩევენ. ორივე მათგანი საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების ჯგუფში ერთიანდება. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ტურისტულის გარდა, ყველა სხვა ტიპის ვიზიტის რაოდენობა შემცირებულია.

ლევან დავითაშვილმა რიცხვი 1.3 მლნ დაასახელა და ტერმინი ვიზიტორი ახსენა. თუ მინისტრი საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებს გულისხმობდა, ამ შემთხვევაში რიცხვი სწორია, მაგრამ 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 317 ათასითაა შემცირებული. თუ საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები იგულისხმება, მაშინ რიცხვიც მცდარია და დინამიკაც, რადგან 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ის 1.334 მლნ-დან 1.157 მლნ-მდე შემცირდა.

ტურისტული ტიპის ვიზიტები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 57 ათასითაა გაზრდილი, თუმცა მათ რაოდენობას 1 მილიონისთვის არ გადაუჭარბებია და მხოლოდ 939 ათასს მიაღწია.

საერთო სურათში პოზიტიურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია, თუმცა აღნიშნულზე მინისტრს ყურადღება არ გაუმახვილებია. ვიზიტორებისა და ტურისტების ნაწილში, რიცხობრივი უზუსტობებისა და მცდარი დინამიკის წარმოჩენის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.

ანალიზი:

„ტვ იმედის“ ეთერში 22 აპრილს, გადაცემა დღის ქრონიკაში ჩართვისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტურიზმის შესახებ ისაუბრა (4:22-დან): „პირველი კვარტლის მონაცემები საკმაოდ პოზიტიურია, 1.3 მლნ ვიზიტორი გვყავდა და ეს უფრო მეტია, ვიდრე იგივე 2019 წელს და გასულ წელთან შედარებით. აქედან უმნიშვნელოვანესია, აღინიშნოს, რომ მილიონზე მეტი ტურისტი იყო ამ ვიზიტორებში“.

პანდემიამდე ტურიზმმა მაქსიმალურ მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია. 2020 წელს ოთხიდან სამი კვარტალი უმოქმედო აღმოჩნდა. აღდგენის ნიშნები 2021 წელსვე გამოჩნდა, 2022 წელს ტურიზმიდან მიღებულმა ნომინალურმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა, 2023 წელს კი რეალურმა შემოსავალმაც, თუმცა ტურისტების რაოდენობრივი ჩამორჩენა ვერ აღმოიფხვრა.

საერთაშორისო განმარტების თანახმად, საზღვრის მკვეთები სხვადასხვა კატეგორიაში კლასიფიცირდებიან.

1) მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ის გამორიცხავს საქართველოს რეზიდენტ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და მოიცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყნის რეზიდენტები არიან;

2) ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით. ვიზიტორი ორ ქვეკატეგორიას აერთიანებს: ტურისტებს, მათ ვინც ღამე გაათია საქართელოში და ერთდღიან ვიზიტორებს;

3) სხვა კატეგორია - მოიცავს ყველა იმ ვიზიტს, რომელიც არ შედის საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაში. ეს კატეგორია მოიცავს 14 წლის ან უმცროსი ასაკის მოგზაურების ვიზიტებს და ჩვეულ გარემოში განხორციელებულ ვიზიტებს (8 და 8-ზე მეტი თვეში).

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მოგზაური ყველა არარეზიდენტ საზღვრის მკვეთს აერთიანებს, რომლებიც ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტებად და სხვა ტიპის ვიზიტებად იყოფა, ხოლო თავად ვიზიტორები - ტურისტებად და ერთდღიან ვიზიტორებად.

გრაფიკი 1: ტურიზმის სტატისტიკა ვიზიტის ტიპის მიხედვით

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მლნ შეადგინა, რაც არაზუსტია, რადგან 1.3 მლნ-ს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ მიაღწია, ხოლო ვიზიტორების რაოდენობამ 143 ათასით ნაკლები - 1.157 მლნ, შეადგინა. გარდა ამისა, არც ვიზიტორების და არც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლისთვის არ გადაუჭარბებია.

საერთაშორისო მოგზაურებიდან ყველაზე შემოსავლიან მიმართულებად ტურისტული ტიპის ვიზიტები მიიჩნევა, მათი რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ნამდვილად გაზრდილია, თუმცა მინისტრის ნათქვამისგან საწინააღმდეგოდ, მას 1 მილიონისთვის არ გადაუჭარბებია და 939 ათასი შეადგინა.

პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებულ ვიზიტთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.6%-ით გაიზარდა, პანდემიამდე 2013-2019 წლებში (ოთხივე კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით) ეს მაჩვენებელი საშუალოდ 10.4%-ს შეადგენდა. ტურისტების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, რაც თითქმის იგივეა, რაც პანდემიამდელი საშუალო 11.2%-იანი მაჩვენებელი.

ლევან დავითაშვილს არ უხსენებია, თუმცა ტურიზმიდან მიღებული ნომინალური შემოსავალი პირველ კვარტალში, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 40%-ით - 578-დან 808 მლნ დოლარამდე, გაიზარდა. თუმცა თუ დოლარის ინფლაციას გავითვალისწინებთ, ზრდის ტემპი 14%-მდე მცირდება, რადგან 2019 წლის 578 მლნ დოლარი მსყიდველუნარიანობით იგივეა, რაც 2024 წლის 706 მლნ დოლარი. 2023 წელთან შედარებით, 1.5%-იანი ნომინალური ზრდა კი რეალურად, 2%-იანი კლებაა.

თუ შემოსავლებს ქვეყნების მიხედვით ჩავშლით, მნიშვნელოვანი - 31%-იანი კლება ფიქსირდება ბელარუსიდან, 36%-იანი რუსეთიდან და 41%-იანი უკრაინიდან. თანხობრივად ეს ჯამში 126 მლნ დოლარია, საიდანაც ყველაზე დიდი - 95 მლნ დოლარიანი კლება, რუსეთზე მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლებში რუსეთის წილი 34%-დან 21%-მდე შემცირდა, ის 2024 წლის პირველ კვარტალშიც პირველ ადგილზეა. ვიზიტორების რაოდენობაში თურქეთის შემდეგ მეორეზე.

ეროვნული ბანკის განმარტებით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 34%, უკრაინის მოქალაქეების 26% და რუსეთის მოქალაქეების 30%, ქვეყანაში იმყოფებიან ან 1 წელზე მეტი ხნის ვადით აპირებენ დარჩენას და სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის თანახმად, მათ მიერ გაწეული ხარჯები ტურიზმის სტატისტიკაში ვეღარ მოხვდა.

შემოსავლების თვალსაზრისით, მიმდინარე წელს ზრდის პრაქტიკული განულება (მცირე ნომინალური ზრდა და მცირე რეალური კლება) სწორედ მიგრანტების ეფექტით აიხსნება, თუმცა 2023 წლის ზრდაც ნაწილობრივ იმავე მიგრანტების ეფექტით აიხსნება.

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა და ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია, თუმცა მინისტრის განცხადების საწინააღმდეგოდ, 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ზრდა მხოლოდ ტურისტების რაოდენობაში ფიქსირდება, ვიზიტორთა და საერთაშორისო მოგზაურთა საერთო რაოდენობა შემცირებულია. გარდა ამისა, არც 2024 წლის პირველ სამ თვეში, არც ვიზიტორთა რაოდენობას მიუღწევია 1.3 მილიონისთვის და არც ტურისტების რაოდენობას გადაუჭარბებია 1 მილიონისთვის. საერთო სურათში პოზიტიურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია, თუმცა აღნიშნულზე მინისტრს ყურადღება არ გაუმახვილებია. რიცხობრივი უზუსტობებისა და მცდარი დინამიკის წარმოჩენის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია