2024 წლის 2 მაისის საღამოს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად დემონსტრანტების ნაწილმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზები გადაკეტა, რის გამოც პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო. დაკავებების შედეგად ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათიათასობით აქციის მონაწილემ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზები სრულად გადაკეტა. აქციის დასრულებიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელ Facebook-სა (1, 2) და TikTok-ზე გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს აქციაზე გადაღებული სურათში ერთნაირსქესიანი წყვილის კოცნა არის გამოსახული. რეალურად, სურათზე ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ჩანს.

„ფაქტ-მეტრმა“ გადამოწმების შედეგად გაარკვია, რომ სურათზე გამოსახული ერთ-ერთი პირი მოძრაობა „სირცხვილიას“ დამფუძნებელი თათუშა არველაძეა. “ფაქტ-მეტრი“ მას დაუკავშირდა, რა დროსაც მან თავად დაადასტურა, რომ სურათზე ნამდვილად ის არის გამოსახული. ამას ადასტურებს მის მიერ მოწოდებული დამატებითი სურათი, რომელიც გმირთა მოედანზე იმავე დროს იქნა გადაღებული.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ 2 მაისს გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე გადაღებულ სურათზე ერთნაირსქესიანი წყვილი არის გამოსახული, ყალბია.

გავრცელებული დეზინფორმაცია იმ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია, რომელსაც ანონიმური Facebook (1, 2, 3) და TikTok (1, 2, 3) გვერდები, ისევე როგორც პროსახელისუფლებო მედია (1, 2, 3), ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმართ აწარმოებენ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.