სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ „ტრადიციული მასკულინობა“ ოფიციალურად აღიარებულია, როგორც „მავნე“. პოსტის ავტორის მტკიცებით, კაცები „მავნებლებად“ მიიჩნევიან და „ერთადერთი გამოსავალია - გახდნენ ქალები“. რეალურად, კვლევა ამტკიცებს, რომ „ტრადიციული მასკულინობა“ თავად მამაკაცებისთვისაა ფსიქოლოგიურად საზიანო და რომ „ტრადიციული მასკულინური იდეოლოგიის“ შესაბამისად სოციალიზაცია საფრთხეს უქმნის მამაკაცთა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.
Facebook-მომხმარებელი ინფორმაციას „ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის“ (American Psychological Association - APA) მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოზე - „ბიჭებისა და მამაკაცების ფსიქოლოგიური პრაქტიკის სახელმძღვანელო“ (“Guidelines for Psychological Practice With Boys and Men”), დაყრდნობით ავრცელებს. სახელმძღვანელო მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სფეროს პრაქტიკოსებს ბიჭებისა და მამაკაცების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.
„ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციას” შემუშავებული აქვს რამდენიმე გზამკვლევი ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც გარკვეულ ჯგუფებთან მუშაობენ - მაგალითად, ეთნიკური და ლინგვისტური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ან ქალებთან და გოგონებთან. თუმცა 2019 წლამდე არ გააჩნდა მამრობითი სქესის ადამიანებთან მუშაობის სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოს შესავალში აღნიშნულია, რომ აშშ-ში მკვლელობის შემთხვევების 90 პროცენტს მამაკაცები ჩადიან, ამასთანავე, მამაკაცები წარმოადგენენ მკვლელობის მსხვერპლთა 77 პროცენტსაც. მამაკაცები წარმოადგენენ დემოგრაფიულ ჯგუფს, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება გახდეს ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლი. ისინი 3,5-ჯერ უფრო ხშირად ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით, ვიდრე ქალები, ხოლო მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 4,9 წლით ნაკლებია, ვიდრე ქალების.
ახალი გაიდლაინით APA ცდილობს, ამოიცნოს და მოაგვაროს ბიჭებსა და მამაკაცებში ზემოაღნიშნული პრობლემები. სახელმძღვანელო ეყრდნობა 40-ზე მეტი წლის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ „ტრადიციული მასკულინობა“ ფსიქოლოგიურად საზიანოა და რომ სოციალიზაცია „ტრადიციული მასკულინური იდეოლოგიის“ შესაბამისად, ემოციების დათრგუნვის გზით, იწვევს ზიანს, რომელიც გამოიხატება, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად.
„მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები სარგებლობენ პატრიარქატით, პატრიარქატი ასევე არღვევს მათ უფლებებს“, აღნიშნავს რონალდ ფ. ლევანტი, აკრონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი. იგი ასევე იყო APA-ს პრეზიდენტი 2005 წელს, როდესაც გაიდლაინის შემუშავების პროცესი დაიწყო.
კვლევის თანახმად, „ტრადიციული მასკულინობა“, რომელიც ხასიათდება სტოიციზმით, კონკურენტუნარიანობით, დომინანტურობითა და აგრესიით, მთლიანობაში, საზიანოა და ამგვარად სოციალიზებულ მამაკაცებს ნაკლებად ახასიათებთ ჯანსაღი ქცევა. მაგალითად, 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელსაც რატგერსის უნივერსიტეტის დოქტორი კრისტენ სპრინგერი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ მამაკაცები, რომლებსაც ყველაზე ძლიერი რწმენა აქვთ მამაკაცურობის შესახებ, ორჯერ ნაკლები შანსი აქვთ მიიღონ ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული სერვისები, ვიდრე მამაკაცებს უფრო ზომიერი მასკულინური წარმოდგენებით. 2007 წელს, ბოსტონის კოლეჯის დოქტორის, ჯეიმს მაჰალიკის ხელმძღვანელობით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტად ემორჩილება მამაკაცი „მამაკაცურ ნორმებს“, მით უფრო სავარაუდოა, რომ საკუთარი სურვილით მიმართოს ჩვეულებრივ ჯანმრთელობისთვის სარისკო ქცევებს, როგორებიცაა: ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ბოსტნეულის თავის არიდება.
პროფესორი ლევანტი ასევე აღნიშნავს, რომ ადრეული ბავშვობიდან ბიჭებს უბიძგებენ, ჩაახშონ ნებისმიერი ემოცია, გარდა ბრაზისა, რაც აფერხებს მათ ემოციურ განვითარებას, ამიტომ ხშირად ისინი ინტერნალიზებულ პრობლემებს აგრესიითა და სხვა ექსტერნალიზებული სიმპტომებით შეიძლება ფარავდნენ.
გარდა ამისა, მამაკაცები თავს არიდებენ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. დოქტორ ომარ იუსაფის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მამაკაცები, რომლებიც იზიარებდნენ მამაკაცურობის ტრადიციულ ცნებებს, უფრო ნეგატიურად იყვნენ განწყობილი მენტალური ჯანმრთელობის სერვისების მიმართ, ვიდრე უფრო მოქნილი გენდერული დამოკიდებულების მქონენი.
კვლევის თანახმად, აღნიშნულ პირად კონფლიქტებს ტრაგიკული შედეგების მოტანა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებში დეპრესიის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ქალებში, ისინი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ბევრად უფრო ხშირად ასრულებენ, ვიდრე ქალები. რამდენადაც „ტრადიციული მასკულინური რწმენის“ მქონე მამაკაცები ნაკლებად აღიარებენ პრობლემებს და უარს ამბობენ პროფესიონალური დახმარების მიღებაზე.
სწორედ ზემოაღნიშნულის გამო მიიჩნევს APA, რომ „ტრადიციული მასკულინობა“ „მავნე“ და „საზიანოა“ და აქვეყნებს გაიდლაინებს „ბიჭებთან და მამაკაცებთან ფსიქოლოგიური პრაქტიკისთვის“. Facebook-მომხმარებელი კვლევის მიზნებსა და მიგნებებს უგულებელყოფს და სახელმძღვანელოდან ნაწყვეტს კონტექსტის გარეშე, მანიპულაციურად ავრცელებს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.