ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV” საკუთარ Facebook-გვერდებზე CIA-ს ყოფილი ჩინოსნის ლარი ჯონსონის ციტატას ავრცელებენ. ლარი ჯონსონის მტკიცებით, საქართველოში ე.წ. ფერადი რევოლუციის მოწყობაზე დასავლეთი მუშაობს: „ეს არ არის ორგანული, თავისთავად შექმნილი პროტესტი, რასაც ეკრანებიდან თვალს ვადევნებთ“. ვიდეო სხვა Facebook-ანგარიშების მიერაც გავრცელდა (1,2,3,4).

ლარი ჯონსონმა ვიდეო, რომელშიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს, საკუთარ YouTube არხზე 17 აპრილს გამოაქვეყნა. ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ციტატასთან ერთად, ვიდეოში ლარი ჯონსონი ასევე ამტკიცებს, რომ ახალი კანონპროექტი, რომელიც ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ უცხოურ დაფინანსების დარეგისტრირებას ითხოვს, მსგავსია უცხო აგენტების რეგისტრაციის აქტისა, რაც შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში მოქმედებს: „ეს ილუსტრირებას არა მხოლოდ დასავლეთის ორმაგ სტანდარტებსა და დასავლეთის თვალთმაქცობას, არამედ იმასაც, რომ [დასავლეთი] ვერ აშორებს ხელებს სხვა ქვეყნებს“.

მეტიც, ყოფილი ჩინოსნის მტკიცებით, საპროტესტო აქციაზე ადამიანები თავიანთი „კეთილი ნებით“ არ გამოდიან, ისინი დაფინანსებას დასავლეთის დაზვერვიდან იღებენ. დასავლეთის დაზვერვა კი ამ ფულის ჩადებით ცდილობს ქვეყანაში ახალი მთავრობის დასმას, რომელიც იქნება „მოქნილი, მორჩილი დასავლეთის კაპრიზების მიმართ, მათ [დასავლეთის ქვეყნებს] სურთ რუსეთს გარს შემოახვიონ მთავრობა, რომელიც რუსეთისთვის ღიად საფრთხეს წარმოადგენს“,- აცხადებს ჯონსონი.

ვინ არის ლარი ჯონსონი?

ლარი ჯონსონი, რომელიც CIA-ში 1985 წლიდან 1989 წლამდე მუშაობდა, კონსპირაციისა და ყალბი ამბების გავრცელებით გამოირჩევა. მისმა კონსპირაციის თეორიამ, რომელიც 2016 წელს რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული Russia Today-სთან ინტერვიუში გააჟღერა, აშშ-სა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება გამოიწვია. მისი მტკიცებით, აშშ-ის დაზვერვა და დიდი ბრიტანეთის GHCQ (სადაზვერვო სააგენტო) დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიიდან ჩასახსნელად ერთად მუშაობდნენ. აღნიშნული მტკიცება, შემდგომ შონ სპაისერმა, დონალდ ტრამპის სპიკერმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზეც აღნიშნა. მანამდე, კონსპირაცია ენდრიუ ნაპოლიტანომ, გადამდგარმა მოსამართლემ, ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში განაცხადა. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ჯონსონმა ბოდიშის ნაცვლად, განაცხადა, რომ მედიას [იგულისხმება Fox News] დაეყრდნო.

აღსანიშნავია, რომ ჯონსონს მცდარი ინფორმაცია გაავრცელა 2008 წელსაც, ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს, თითქოს მისმა მეუღლემ, მიშელ ობამამ თეთრკანიანების წინააღმდეგ რასისტული სიტყვა წარმოთქვა. ჯონსონის თქმით, არსებობდა ჩანაწერები, თუმცა არც კადრი, ან რაიმე სხვა მტკიცებულება არსებობს, რაც მის ნათქვამს დაამტკიცებდა.

2013 წელს ლარი ჯონსონი ასევე ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ვიეტნამში ყოფნისას ქალებზე სექსუალურად ძალადობდა. სინამდვილეში, მტკიცება არასანდო წყაროს ეყრდნობოდა და მტკიცებას ფაქტობრივი საფუძველია არ გააჩნდა. კერძოდ, დეზინფორმაცია საფუძველს იღებდა 1971 წელს სატელევიზიო დებატებში არსებული მონაკვეთიდან, რომელიც იმგვარად დაარედაქტირეს, თითქოს კერი დანაშაულს აღიარებდა. ვიდეო ერთ-ერთ ბლოგზე გავრცელდა და ავტორმა, მას შემდეგ რაც მკითხველებმა მანიპულირებაზე მიუთითეს, სტატია საერთოდ წაშალა.

CIA-ს ყოფილი ჩინოსანი ხშირად ჩნდება რუსულ სახელმწიფო მედიაში, სადაც ამერიკული დაზვერვის დასკვნებს უარყოფს, მათ შორის კონსენსუსს იმის შესახებ, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. ამ დასკვნებს ის „სულელურს“ უწოდებს.

რუსეთის ცნობილი მტკიცება, რომელსაც ჯონსონი კიდევ ერთხელ აჟღერებს, 17 აპრილს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერაც ტელეგრამ არხზე გაჟღერდა. მისი თქმით, მსგავსი აქციების უკან „ჰოლივუდის ხელია“, ამ ტერმინში კი მედვედევი აშშ-ს მოიაზრებს და ლოიდ ჯონსონის ნარატივის მსგავსად, ამტკიცებს, რომ საქართველოში პროტესტის უკან აშშ და ზოგადად დასავლეთი დგას: „თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში მხიარულ ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს. ყველა მსგავსი აქციის უკან გამოცდილი და ნაცნობი „ჰოლივუდის“ ხელია. მთავარი, რაც „მომიტინგეებს“ არ მოსწონთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ, ხედავთ, ეს არის „რუსული იდეა“ და არა დასავლური ინიციატივა“,- ვკითხულობთ მედვედევის ტელეგრამ არხზე.

18 აპრილს, მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ და უსაფრთხოების საბჭოს წევრმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა: „ასეთი ისტერიკა უცხოეთს გავლენის აგენტების კანონის გარშემო მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონს და ბრიუსელს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობა აქვს გადაწყვეტილი, ამაზე ფული უკვე გამოყოფილია და კანონის მიღებამ შესაძლოა, ეს გეგმები ჩაშალოს“.

შეთქმულების თეორიას, დასავლეთის მიერ ფერადი რევოლუციის მოწყობის შესახებ, რუსეთი უკვე მრავალი წელია აქტიურად ავრცელებს. რუსეთი აშშ-ს ბრალს სდებდა სახალხო პროტესტის გამოწვევასა და „ფერადი რევოლუციების“ დაგეგმვაში საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. თუ სახალხო მოძრაობა პროდემოკრატიული და რეფორმების მომხრეა და რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში არ ჯდება, კრემლი ხშირად ეჭვქვეშ აყენებს მის ლეგიტიმურობას და ამტკიცებს, რომ მის უკან აშშ დგას. ამ უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნეები ხშირად ხდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და კორუფციას ააშკარავებს. კრემლი უარყოფს, რომ მეზობელ ქვეყნებში ხალხს შეიძლება გააჩნდეს თვითორგანიზებულობა, ღირსება და დამოუკიდებელი სწრაფვა საკუთარი ინტერესების დასაცავად, მსგავსად როგორც ის უარყოფს რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაშიც ამგვარ თვისებებს.

მსგავსი შეთქმულების თეორიები, თითქოს დასავლეთი საქართველოში გადატრიალებას გეგმავს, აქამდეც გავრცელებულა. აღნიშნულ საკითხზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

რატომ ეწინააღმდეგება კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე დასავლურ პრაქტიკას?

საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი და დასავლური ქვეყნების პრაქტიკა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიურად, ქართული კანონპროექტით, უცხოეთის ინტერესების გამტარებლად (აგენტად) ორგანიზაცია იმაზე დაყრდნობით გამოცხადდება, იღებდა, თუ - არა ის ფულს უცხოეთიდან. დასავლური და დემოკრატიული პრაქტიკისთვის კი ეს მიუღებელი ფორმაა.

დასავლური და დემოკრატიული პრაქტიკა გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა. შესაბამისად, დასავლური კანონები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიებს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად კი არ აცხადებენ, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების აქტივობებს განსაზღვრავენ და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, ორგანიზაციამ ეს აქტივობა განახორციელა, თუ - არა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1, ბმული 2).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.