ვეხვეწებოდი ყველა ოპონენტს, ენჯეოს წარმომადგენელს. არცერთი არგუმენტი არ მოგვისმენია.

მამუკა მდინარაძე: ვეხვეწებოდი ყველა ოპონენტს, ენჯეოს წარმომადგენელს. არცერთი არგუმენტი არ მოგვისმენია.

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი: 2024 წლის 15 აპრილს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის’’ შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, საკითხის მომხსენებელმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან კომიტეტზე განვითარებული მოვლენები შეაჯამა. პოლიტიკოსის თქმით, არცერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის კანონპროექტი „რუსული“ და რით განსხვავდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებული მოწესრიგებებისგან, არ გაჟღერებულა.

,,მთელი დღის საერთო ამბავი არის ის, რომ არცერთი პასუხი ან არგუმენტი კითხვაზე რა არის რუსული, ან ცუდი, რეალურად, ჩვენ არ მიგვიღია. ყველა ლაპარაკობდა ზოგადად. „პარტნიორები გეუბნებიან“...უამრავი არგუმენტი იყო გარდა რეალური არგუმენტისა რატომ არის თავად კანონი ცუდი, რომელი მუხლი? რომელი პუნქტი? არცერთ ამ კითხვაზე ჩვენ პასუხი არ მიგვიღია...ვეხვეწებოდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველა ოპონენტს, ყველა ენჯეოს წარმომადგენელს, რომ ერთი რაიმე არგუმენტი ეთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ რა არის ისეთი, რაც ქართულ და რუსულ კანონებს ერთმანეთს ამსგავსებს და ეს არ არის სხვაგან. ქარდების დონეზეც ჩავედით და ყველა ანალოგიასთან დაკავშირებით ჩემი განმარტებები გავაკეთე, არც ერთ მათგანზე საპირისპირო არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

,,ფაქტ-მეტრმა’’ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოში ხელმეორედ დაინიციირებული რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა დაძაბულ ვითარებაში, ხმაურის ფონზე წარიმართა. საკითხის განხილვისას, მამუკა მდინარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ რეალური არგუმენტების მოსმენა სურდა, იმის შესახებ, თუ რით ჰგავს საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტი რუსეთში არსებულ კანონს და დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული კანონებისგან რით განსხვავდება.

ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის დასავლურ ქვეყნებში, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს მიუთითეს, სინამდვილეში, არსებობს მოქმედი თუ ინიციირებული კანონები/კანონპროექტები, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურებიან და მათი სამიზნე არა საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების საქმიანობა, არამედ ის რისკებია, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოებიდან შეიძლება მომდინარეობდეს.

დასავლურ და დემოკრატიულ პრაქტიკაში არსებული ზომები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს - უცხოური ჩარევისა (interference) და უცხოური გავლენის (influence) წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობები/პოლიტიკები. მათ მიმართ სახელმწიფოების მიდგომა სხვადასხვა სიმკაცრისაა, თუმცა თითოეულ ამ მიდგომაში საერთო ერთი მთავარი ასპექტია - დასავლური კანონმდებლობა გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა. შესაბამისად, დასავლური კანონები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიებს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად კი არ აცხადებენ, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების აქტივობებს განსაზღვრავენ და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, ორგანიზაციამ ეს აქტივობა განახორციელა, თუ - არა.

ამისგან განსხვავებით, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი რუსეთში მოქმედი „უცხო აგენტების შესახებ კანონის“ მსგავსად, დაფინანსების ან/და საქმიანობის გამჭვირვალობის ყალბი მიზნებით, ორგანიზაციებს და კანონით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აყენებენ. საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტი, მსგავსად რუსეთში არსებული კანონისა, ფოკუსირებულია საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიმღებ სუბიექტებზე და არა იმ კონკრეტულ აქტივობებზე, რომლებიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით თუ დავალებით ხორციელდება.

უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე, რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).

მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამომსვლელებს სიტყვა არაერთხელ შეაწყვეტინეს, განსაკუთრებით, სწორედ, საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტის რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგად წარმოჩენისას, [1] არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დასმულ საკითხებს მკაფიო პასუხები გასცა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

თქვენ FARA-ს კანონზე რომ ამბობდით, იქ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მოხვდეს რეგულირების ქვეშ, უნდა იყოს კონკრეტული სხვა ქვეყნის მთავრობის ან პარტიის დავალებით მოქმედი. რუსულში სხვანაირად წერია, უცხოური ფული საკმარისია - უბრალოდ უცხოეთიდან ფული რომ შემოდიოდეს, არ გიფიქრიათ, რომ ეს კანონი მარტო იმათზე გაავრცელოთ, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობის დავალებით მოქმედებს? უბრალოდ ენჯეოებს, ყველა ენჯეოს რატომ ვეხებით? მარტო ფულით გვაქვს განსაზღვრული საიდან შემოდის. უცხოეთიდან შემოვიდა ფული და უკვე საკმარისია.

ანა ნაცვლიშვილი

აშშ-ს, ევროკავშირს და დემოკრატიულ სახელმწიფოებს აქვთ კანონები მტრული სახელმწიფოების, მტრული გავლენების აღსაკვეთად. თქვენ შემოგაქვთ კანონი პარტნიორი სახელმწიფოების აღსაკვეთად, ამით უპირისპირდებით თქვენ ევროკავშირს. არსად, არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, არ არსებობს კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას აჭერს წიხლს და მიზნად ისახავს მის გაჩუმებას. მტრული სახელმწიფოების წინააღმდეგ არის FARA-ც, მტრული სახელმწიფოების წინააღმდეგ არის ის ინიციატივაც და გითხრათ შოლცმა, რომ სულ სხვა მიზანი და სულ სხვა კონტექსტი აქვს იმ ინიციატივას, რომელიც განიხილება ევროპულ სახელმწიფოებში...

გიორგი ვაშაძე

კანონი, რომელიც არის ინიციირებული, იმიტომ არის პირველ რიგში რუსული, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და პრინციპებს, და რატომ? იმიტომ რომ ეუთოს დასკვნა, რომელსაც თქვენ თვალს არიდებთ პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის ანალოგიაო. ორი სასამართლო გადაწყვეტილება არის მსგავსი ტიპის კანონზე. ერთი არის ევროკავშირის სასამართლო, მეორე არის სტრასბურგის სასამართლო. ერთი არის რუსეთში მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მეორე არის უნგრეთში მიღებულ კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, რაღაც სიტყვას შეცვლი თუ არ შეცვლი ეს მთავარი საკითხი არაა, შინაარსია მთავარი - ეს კანონი მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ბრძოლას. იმით კი არ დამთავრდება, ვიღაცა დარეგისტრირდება, თუ არ დარეგისტრირდება. საბოლოო ჯამში, ის კანონი, რომელიც სტრასბურგმა ცნო ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ, იმ კანონმა გააუქმა საბოლოოდ სამოქალაქო სექტორი. მე დავასახელებ ძალიან კონკრეტულ მუხლს - მუხლი 3, ამ კანონში ერთი ერთზე კოპირებულია ამ კანონიდან, ანუ პირთა წრე, ვისზეც ვრცელდება. მაგრამ მთავარი საკითხი იცით რაშია? - ბუნება და შინაარსი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს და სტანდარტებს.

ბექა ლილუაშვილი

დაისვა კითხვა, რატომ არის ეს კანონი რუსული, ეს კანონი რუსული არის რადგან, ის ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტ სახელმწიფოსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. იმიტომ არის ეს კანონი რუსული, რომ იგი ცდილობს, რომ საზოგადოება დახლიჩოს, დაყოს მოღალატეებად. ტერმინში თქვენ რა ცვლილებაც არ უნდა შეიტანოთ, იმდენად დისკრედიტირებული გახადეთ მთლიანად, რომ გასაგებია, რომ აქ საზოგადოების გახლეჩა მიმდინარეობს.

რომან გოცირიძე

მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, გარდა სამი გამონაკლისისა, მსგავსი კანონი არსად არ არის... რომ მოგყავთ კანადა, სადაც პარტიულ დონეზე განიხილება დისკუსიები, საფრანგეთი, სადაც იხილება პარლამენტში და მიღებული არ არის...ყველა ამ ქვეყნებში მიზანი იყო უსაფრთხოების კონტექსტი და არა გამჭვირვალობა. მხოლოდ იმ ქვეყნებში იყო ეს კანონი მიღებული მას შემდეგ, რაც დაინახეს, როგორ გაანადგურა რუსეთმა არასამთავრობო სექტორი და არა მხოლოდ ფიზიკურად გაანადგურა. დღეს ბევრი მათი წარმომადგენელი ციხეში ზის და გაუტკბათ რა რუსული მაგალითი, 2022 ში ეს კანონი მიიღო ნიკარაგუამ და 770 ორგანიზაცია დაიხურა მომენტალურად. 3 თვის წინ ეს კანონი მიიღო ვენესუელამ, უზბეკეთმა, ყირგიზეთმა და მანამდე ჰქონდა მიღებული ტაჯიკეთს.

შალვა შავგულიძე

ეს კანონი ნამდვილად ძალიან ცუდია. მე შევეცდები ამ კანონის ერთ მნიშვნელოვან მანკიერებაზე მივაქციო თქვენი ყურადღება და იმედი მაქვს, ნაწილობრივ დავაკმაყოფილებ მამუკა მდინარაძის თხოვნას, დამანახეთ რატომაა ეს კანონი ცუდიო. კანონპროექტის მეორე მუხლი განსაზღვრავს სუბიექტებს, თუ ვინ შეიძლება გამოცხადდეს უცხოეთის ძალის გამტარებელ ორგანიზაციებად და ასეთებად ასახელებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს. ერთადერთ კრიტერიუმად, რის გამოც აღნიშნული სუბიექტები გამოცხადდება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად, იგივე მეორე მუხლი კანონპროექტის ასახელებს გარემოებას, თუ სუბიექტის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტის წყარო არის უცხოური ძალა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შემოსავალი ე.წ. უცხოური ძალისგან მოცემულ სუბიექტს მიღებული აქვს საქართველოში ამა თუ იმ დარგის განვითარებისათვის - გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობა, ჯანდაცვის, განათლების სისტემის განვითარება, სასამართლოს რეფორმირება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნით აქვს ეს მიღებული. ამავდროულად, სახეზეც რომ იყოს ამ შემოსავლის სწორედ ამ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო მიზნით გამოყენების ფაქტი, მარტო იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი იყო ეს თანხა, აი ამ თანხის გამოყენება ასეთი სასიკეთო მიზნებისთვის საკმარისია იმისთვის, რომ ეს სუბიექტი გამოცხადდეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის სასიამოვნო იარლიყი არცერთი სუბიექტისთვის. ეს არის ბრალდება გარკვეული, რომ შენ უცხოურ ძალას ემსახურები, ასეთი სტიგმაა და ასე აღიქმება მხოლოდ... კანონპროექტი არ ითვალისწინებს დასაბუთებას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კანონით აცხადებთ, რომ აქცევთ სუბიექტს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად მხოლოდ იმიტომ, რომ თანხის გარკვეული ნაწილი არის უცხოეთიდან მიღებული.

ქეთი გაჩეჩილაძე - ,,სასამართლოს გუშაგი"

ზოგადად, ერთი კანონი მეორე კანონის ანალოგი არის, თუ - არა, ამას არ განსაზღვრავს არც კანონის მოცულობა, არც რაღაც ცალკეული ტერმინოლოგია კანონში. ამას განსაზღვრავს, თუ როგორი არის კანონის მოქმედების ფარგლები, ერთი კანონის და მეორე კანონის, რა ტიპის ურთიერთობებს აწესრიგებს და რა სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ერთი კანონიც და მეორეც. ამ კანონის მოქმედების ფარგლები არის ისეთივე ფართო, როგორც რუსეთში მოქმედი კანონის, ის უცხოური ძალის ცნების ქვეშ აქცევს უკლებლივ ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობარ ქვეყნებს, ის რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას ითვალისწინებს ნებისმიერი ტიპის იურიდიული პირისათვის და აქ ერთადერთი კრიტერიუმი არის მხოლოდ და მხოლოდ დაფინანსების წყარო და არ არსებობს არანაირი განსხვავება, თუ რა ტიპის საქმიანობას ახორციელებს ესა თუ ის ორგანიზაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმოშობს ისეთივე სამართლებრივ შედეგებს, რაც საბოლოოდ, გამოიწვია რუსეთში. ამერიკულ და ევროპულ კანონებში ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სხვისი, უცხო ძალის ინტერესების გამტარი არის ის აგენტი, რომელიც პრინციპალის უშუალო ინტერესებით და მისი დირექტივებით მოქმედებს. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და იურიდიული პირები, არცერთი არ მოქმედებენ უშუალოდ დირექტივებით დონორი ორგანიზაციებისგან. თქვენ რომ ნახოთ კვლევები, კვლევებსაც კი, იქაც კი არსებობს წარწერები, რომ ეს არის კვლევის ავტორების მოსაზრება და ის შეიძლება არ იზიარებდეს დონორების პოზიციას.

გურამ იმნაძე - ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

დავამატებ, რომ ეს კანონპროექტი შეეხება უცხოური სახელმწიფოების კეთილსინდისიერ ან არაკეთილსინდისიერ მოქმედებას საქართველოში. ეს კანონპროექტი ერთ სიბრტყეში აყენებს პარტნიორებს ამ ქვეყნისას, ერთ სიბრტყეში აყენებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ან ევროკავშირს მთლიანად, ასევე ჩვენს უმთავრეს პრობლემას, ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთს. მეტსაც ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ერთ სიბრტყეში აყენებს ამ სახელმწიფოებს, ეს კანონპროექტი იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაეფექტიანი იქნება რუსული ფინანსების წინააღმდეგ, თუკი რუსეთი ამ ქვეყანაში რაიმე არასწორის გაკეთებას ცდილობს, დიდი ალბათობით, ეს ფინანსები, ზუსტად შავი ფული ამ გზით შეიძლება რუსეთიდან შემოდიოდეს, რომელიც არცერთი ორგანიზაციის ოფიციალურ რეგისტრაციაში, ოფიციალურ რეესტრში არ აისახება. ამიტომაც ეს კანონპროექტი იმთავითვე ვთქვათ, რომ რუსული გავლენების, არაფორმალური თუ ფორმალური გავლენების აღმოსაფხვრელად, აღსაკვეთად, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დიდწილად არაეფექტური იქნება.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სხდომაზე დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააჟღერეს არაერთი არგუმენტი იმის შესახებ, თუ რით ჰგავს საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტი რუსეთში არსებულ კანონს და რით განსხვავდება ის, დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული კანონებისგან. შესაბამისად, ,,ფაქტ-მეტრი’’ მამუკა მდინარაძის მტკიცებას, თითქოს სხდომაზე არცერთი არგუმენტი არ გაჟღერებულა, აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

შენიშვნა: სტატიაში ,,ფაქტ-მეტრი’’ ოპოზიციისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ მოყვანილი განცხადებების სიზუსტეს არ ამოწმებს, არამედ, ისინი მოჰყავს იმის დასტურად, რომ კომიტეტზე მართლაც გაჟღერდა შინაარსობრივი შენიშვნები/შეკითხვები და რომელთა არსებობასაც მამუკა მდინარაძე უარყოფს.

[1] მაგალითად, როდესაც გიორგი ვაშაძე საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტისა და რუსეთში არსებული კანონის მსგავსებებზე საუბრობდა, ანრი ოხანაშვილმა სიტყვა შემდეგი შეკითხვებით გააწყვეტინა - ,,ტყუილს ნუ აკადრებთ ხალხს...მუხლები, მუხლები [დაასახელეთ] სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სად წერია ჩვენს პროექტში? ენჯეოს გაუქმება სად წერია ჩვენს პროექტში?“