სოციალურ ქსელში Facebook-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, (არქივირებული პოსტის ბმული), გერმანულ საიტზე - „The LGBT Life“ განცხადება გამოჩნდა საქართველოში მომავალი მოგზაურობის შესახებ, რომლის დროსაც LGBT თემის წარმომადგენლები „აპირებენ არა მხოლოდ ღვინის დაგემოვნებას, არამედ გაემგზავრებიან ჩვენი ქვეყნის წმინდა ადგილების დასათვალიერებლად“. პოსტში ვხვდებით გავრცელებული განცხადების თარგმანსაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოგზაურობისას, ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად ასევე იგეგმება „ტრადიციული წვეულების“ გამართვაც. რეალურად, ვებგვერდს - „The LGBT Life“ მსგავსი განცხადება არ გამოუქვეყნებია.
„The LGBT Life“ არის აქტივისტების, ხელოვანების, ლტოლვილებისა და ლგბტ თემის აქტიური წარმომადგენლების ჯგუფი, დაარსებული გერმანიაში, რომელიც ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს, მხარს უჭერს ლგბტ თემის წარმომადგენელ ლტოლვილებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ეხმარება მათ თავშესაფრის მოძიებაში და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ლგბტ და ქვიარ თემების შესახებ პოზიტიური იმიჯის შექმნას. ამასთანავე, დახმარებას აღმოუჩენს სხვა დაუცველ, მოწყვლად ჯგუფებს, სთავაზობს მათ განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებს. მათი პროგრამები ასევე მოიცავს რისკის ქვეშ მყოფი და დაზარალებული მოსახლეობის, როგორიცაა ლგბტ თემის წარმომადგენელი ახალგაზრდების, აივ/შიდსით დაავადებული ადამიანების, კონფლიქტის ზონებსა და კრიზისულ სიტუაციებში მყოფი ადამიანების, დახმარებას.
რაც შეეხება ფოტო-ანაბეჭდის გამავრცელებელ გვერდს, „The perfect figure“ არააქტიური Facebook-გვერდია, რომელსაც მხოლოდ 13 გამომწერი ჰყავს. აღნიშნულ გვერდზე განთავსებული პოსტები, ერთი შეხედვით, უწყინარია, თუმცა პოსტები, რომლებიც რეკლამების ბიბლიოთეკიდან, დასპონსორებული სახით არის გავრცელებული, ანტი-დასავლური შინაარსის შემცველია. რეკლამების ბიბლიოთეკიდან ატვირთული პოსტები უშუალოდ არაავთენტური გვერდზე არ არის განთავსებული, მაგრამ მომხმარებლების სიახლეების ზოლში (news feed) ჩნდება. მსგავსი ხერხით, არაავთენტური გვერდები ცდილობენ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას და ანტი-დასავლური, ანტი-ლგბტქი+ განწყობების გაღვივებას.
გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი განცხადება ვებგვერდზე „The LGBT Life“ არ იძებნება. მეტიც, ვებგვერდზე განცხადება 2024 წლის 15 მარტის შემდეგ არ გამოქვეყნებულა, ხოლო Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ეკრანის ანაბეჭდზე დატანილი პოსტი 2024 წლის 12 აპრილით თარიღდება. ამასთანავე, აღნიშნული განცხადება არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება.
ერთადერთი განცხადება, რომელიც ვებგვერდზე საქართველოს შესახებ გამოქვეყნდა, 2021 წლის 5 ივლისს „ღირსების მარშის“ ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილ თავდასხმას გმობს.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის დასადგენად „ფაქტ-მეტრის“ გუნდი „The LGBT Life“-ს დაუკავშირდა. ჯგუფის შემქმნელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა „ფაქტ-მეტრთან“ კომუნიკაციისას განაცხადა, რომ მსგავსი განცხადება არც სოციალურ მედიაში და არც მათ ვებსაიტზე არასდროს გამოქვეყნებულა. ამასთანავე, „The LGBT Life“-ის გუნდი ოფიციალურად აცხადებს, რომ გავრცელებული ფოტო-ანაბეჭდი ყალბია და საერთო არაფერი აქვს მათ გეგმებთან, რამდენადაც ისინი ამ დროისთვის არ გეგმავენ სამუშაო ან სხვა მიზნით საქართველოში მოგზაურობას.
წერილის სრული ვერსია: „შოკირებულები ვართ აღნიშნული ინფორმაციით, ვინაიდან მსგავსი შინაარსის წერილი ჩვენს სოციალურ მედიასა და ვებგვერდზე არ გამოგვიქვეყნებია. ფოტო-ანაბეჭდი, რომელიც თქვენ გამოგვიგზავნეთ, შეიცავს ტყუილს და არ აქვს კავშირი ჩვენს გეგმებთან! გთხოვთ, არ ენდოთ. ოფიციალურად გიდასტურებთ, რომ საქართველოში სამუშაო თუ სხვა ხასიათის ვიზიტს ამ მომენტისთვის არ ვგეგმავთ.“
ამდენად, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მტკიცება, რომ გერმანული LGBT თემის წარმომადგენლები საქართველოში მოგზაურობასა და აქ წვეულების გამართვას გეგმავენ, ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.