ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ ნეგატიური კონოტაცია არსებობს მხოლოდ ტერმინ „აგენტის“ შემთხვევაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

2024 წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე „ქართული ოცნების“ მიერ დაინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა. სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ტერმინ „აგენტთან“ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „სტრასბურგის სასამართლოსაც ეს აქვს ნამსჯელი, რომ ლეგიტიმური მიზანი სავსებით შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს გამჭვირვალობა და ნეგატიური კონოტაცია, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს შეიძლება ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ იქ იქნება აგენტი და პოსტ საბჭოთა ქვეყნების მაგალითზე სპეციალურად გამოიკვლია, აქ თქვა მხოლოდ, სხვა არ უთქვამს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

მმართველი პარტია 2023 წლის 9 მარტს, საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. აღნიშნული კანონპროექტი იმ არასამთავრობოებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20%-ს უცხოელი დონორებისგან იღებენ (რაც საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას მოიცავს), „უცხოური გავლენის აგენტად“ აცხადებდა. შესაბამისად, კანონპროექტი, როგორც დასავლური დახმარების მიმღები ორგანიზაციების, ასევე, ამერიკელი და ევროპელი დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ისეთების, როგორიცაა მაგალითად, გაერო), საეჭვო ძალებად გამოცხადებას ისახავდა მიზნად.

„რუსული კანონის“ ჩაგდებიდან 1 წლისა და 1 თვის შემდეგ მმართველმა პარტიამ ზუსტად იგივე კანონპროექტი, შეცვლილი სახელით, პარლამენტში კიდევ ერთხელ დაარეგისტრირა. საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტი 2012 წელს რუსეთში მიღებულ „აგენტების კანონს“, რომელიც საბოლოოდ რუსული სამოქალაქო საზოგადოების ფაქტობრივი გაქრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, ძალიან ჰგავს. სწორედ ამიტომ, ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა მას რუსული კანონი უწოდეს.

ერთადერთი განსხვავება 2023 წელსა და 2024 წელს დაინიციირებულ კანონპროექტებს შორის ისაა, რომ ტერმინ „აგენტის“ ნაცვლად, ახალი კანონპროექტი იყენებს ტერმინს - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი ძალის მტკიცებით, ტერმინის ცვლილება სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზების შანსებს გამორიცხავს.

რეალურად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა ტერმინ „აგენტის“ მნიშვნელობას. ECODEFENCE AND OTHERS vs RUSSIA ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ციტირებს ვენეციის კომისიის დასკვნას და მიუთითებს, რომ ტერმინი აგენტი მასტიგმატიზებელი ტერმინი სწორედ იმიტომაა, რომ გულისხმობს, თითქოს კონკრეტული ორგანიზაცია უცხოეთის ინტერესებს ატარებს და ეს ხდება იმის მიუხედავად, რა აქტივობას ახორციელებს ორგანიზაცია. [1]

ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ტერმინ „აგენტს“ ზუსტად იმ შინაარსით განმარტავს, რა შინაარსსაც „ქართული ოცნების“ მიერ დაინიციირებული კანონპროექტი სამოქალაქო ორგანიზაციებს ანიჭებს. აგენტი და ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთის ინტერესებს ატარებს, ანუ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, ფაქტობრივად ერთი და იგივეა.

ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმავე საქმეზე დაადგინა ისიც, რომ დაუშვებელია, ორგანიზაციას გარკვეული იარლიყი მიაკერო მიუხედავად იმისა, თუ რა აქტივობას ახორციელებს ის. მაგალითად, მოყვანილია ერთ-ერთი რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც დაფინანსება მიიღო საფრანგეთის საელჩოსგან და ამ დაფინანსებით ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სემინარები ჩაატარა. გადაწყვეტილების მიღებისას, არც იუსტიციის სამინისტროს და არც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის, თუ რა აქტივობას ახორციელებდა ორგანიზაცია. მათ სწორედ საქმიანობის გამოკვლევის გარეშე გადაწყვიტეს ამ ორგანიზაციისთვის „აგენტის“ იარლიყის მინიჭება. [2]

გარდა ამისა, ანრი ოხანაშვილი ახსენებს გამჭვირვალობას და მას თვითკმარ ლეგიტიმურ მიზნად ასახელებს. 2023 წელს გამოქვეყნებული ეუთოს დასკვნის თანახმად, გამჭვირვალობის გაზრდა თავისთავად არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ისეთების, როგორებიცაა საჯარო წესრიგი, ან იმგვარ დანაშაულთან ბრძოლა, როგორიცაა კორუფცია, მითვისება, ფულის გათეთრება ან ტერორიზმის დაფინანსება. ამგვარი მყარი საფუძვლის გარეშე შეუძლებელია, ადამიანის უფლების შეზღუდვის გამამართლებელ ლეგიტიმურ მიზნად მხოლოდ გამჭვირვალობა ჩაითვალოს. [3]

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ტერმინი „აგენტი“ ნიშნავს უცხოური ინტერესის გამტარებელ ორგანიზაციას, ხოლო ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ევროპულმა სასამართლომ პრობლემურად მხოლოდ ტერმინი „აგენტი“ დაასახელა. ამავე სასამართლომ უარყოფითად შეაფასა ისიც, რომ რუსული კანონი განურჩევლად საქმიანობისა, ორგანიზაციას აკრავდა „აგენტის“ იარლიყს. ამასთანავე, როგორც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების , ასევე ეუთოს დასკვნის თანახმად, მხოლოდ გამჭვირვალობა არ შეიძლება დასახელდეს ლეგიტიმურ მიზნად, თუ არ არსებობს სხვა კონკრეტული საფრთხეები, რომელთა აღმოფხვრაც მნიშვნელოვანია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ანრი ოხანაშვილის განცხადება შეაფასა ვერდიქტით ტყუილი.

უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე, რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).

[1] ECODEFENCE AND OTHERS vs RUSSIA, ECHR -ის გადაწყვეტილება, პარაგრაფი 131. ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-217751

[2] “Another applicant, Woman’s World, received a donation from a Russian NGO to hold an awareness-raising event on the prevention of domestic violence, and yet another, Tak-Tak-Tak, used funds from the French embassy in Moscow to hold a seminar on the security of human rights defenders (see paragraphs 666 and 680 below). In taking the decisions to register those organisations as “foreign agents”, neither the Ministry of Justice nor the courts concerned themselves with showing that they had acted as “agents” in the interests of the organisations indicated as being the sources of their foreign funding.” - https://hudoc.echr.coe.int/fre#{"itemid":["001-217751"]} – გვ 44

[3] ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 2023 წლის 25 ივლისის დასკვნა „უცხოელ აგენტთა კანონების“ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას შესახებ (Georgia: Note of the Legislative Initiatives on Transparency and Regulation of Associations Funded from Abroad of So-called "Foreign Agents Laws" and Similar Legislation and Their Compliance with International Human Rights Standards | OSCE) - გვ 22


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია