სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Дженни Бурджанадзе, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1; 2; 3), ამჯერად მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის შინაარსი შემდეგია: ახალი წესის თანახმად, უკრაინელები ელექტროენერგიის არარაციონალური ხარჯვისთვის დაჯარიმდებიან. კერძოდ, თუ ისინი ელექტროენერგიით დღისით ისარგებლებენ, ან საჭიროების გარეშე გამოიყენებენ მას. ასევე, აკრძალულია ელექტრომობილების გამოყენება დაწესებული კვოტის ზემოთ; იკრძალება ელექტროქვაბების, საყოფაცხოვრებო განათების გამოყენება. პირველი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 100 გრივნა, ხოლო განმეორებითი დაჯარიმების შემთხვევაში, 700 გრივნა იქნება. (არქივირებული პოსტი)

სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია.

საგულისხმოა, რომ იდენტური შინაარსის ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა ვებგვერდებმა (1; 2; 3) და ტელეგრამ არხებმაც გაავრცელეს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებსა და პლატფორმებზე არ იძებნება. ეს რომ ნამდვილი ამბავი იყოს, ბუნებრივია, მედიის ყურადღებას მიიქცევდა.

გარდა ამისა, ძებნის შედეგად პირველწყაროს მივაგენით, რომელიც ერთ-ერთი რუსული ტელეგრამ არხი აღმოჩნდა, სახელწოდებით „Империя очень зла“. მათ აღნიშნული პოსტი 13 აპრილს, 12:30 სთ-ზე გამოაქვეყნეს.

აღნიშნულ ტელეგრამ არხს აღწერაში მითითებული აქვს, რომ სატირულ და გამოგონილ შინაარსის პოსტებს ავრცელებს.

შესაბამისად, მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინაში ელექტროენერგიის არარაციონალური ხარჯვისთვის ჯარიმები დააწესეს, ყალბია.

-------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.