[აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, ავსტრალია, საფრანგეთი] თუ უცხოურ ინტერესებზე, უცხოურ გავლენაზე ლაპარაკობს, ჩვენთვის რატომ არის მაინცდამაინც აკრძალული?

მამუკა მდინარაძე: [აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, ავსტრალია, საფრანგეთი] თუ უცხოურ ინტერესებზე, უცხოურ გავლენაზე ლაპარაკობს, ჩვენთვის რატომ არის მაინცდამაინც აკრძალული?

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

2024 წლის 15 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „რაც შეეხება მეგობარ ქვეყნებს, თუ ცუდ რაღაცებს დააფინანსებს, ეს არ არის მეგობრული დამოკიდებულება. მაგრამ, თქვენ რაც ბრძანეთ და დააფინანსეს სოფლის მეურნეობა... ამ შემთხვევაში ჩვენ ვიტყვით, რომ უცხო ქვეყნის... მაგალითად, აშშ-ის ინტერესი არის პოზიტიური. მისი ინტერესი თქვენ გაქვთ წარმოდგენილი ნეგატიურ კონტექსტში და ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, რომელსაც აქვს რეესტრი უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის მიხედვით... ევროკავშირში მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზარზე ჰარმონიზებული მოთხოვნის დაწესება... ავსტრალიაში, რომელიც FARA-ს საფუძველზე შექმნეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი... საფრანგეთი - უცხოური გავლენის დასაძლევად ჰქვია [კანონპროექტს]. ყველა ქვეყანა თუ უცხოურ ინტერესებზე უცხოურ გავლენაზე ლაპარაკობს, ჩვენთვის რატომ არის მაინცდამაინც აკრძალული, ის რაც შეიძლება ყველა ქვეყანამ უწოდოს, ვისაც ასეთი რეგულაცია აქვს?“

აღნიშნული განცხადებით, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ევროკავშირში და საფრანგეთში მოქმედი ან ინიციირებულ კანონებს/კანონპროექტებს შეადარა. რეალურად, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი და დასავლური ქვეყნების პრაქტიკა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ვინაიდან ქართული კანონპროექტით უცხოეთის ინტერესების გამტარებლად ორგანიზაცია იმაზე დაყრდნობით გამოცხადდება, იღებდა, თუ - არა ის ფულს უცხოეთიდან, მიუხედავად მისი საქმიანობის და მიზნებისა. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპული და ამერიკული ფონდებიდან ფინანსდება, თითქმის ყველა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიის დიდი ნაწილი უცხოეთის ინტერესების გამტარებლად გამოცხადდება. დასავლური და დემოკრატიული პრაქტიკისთვის ეს მიუღებელი ფორმაა და გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა.

დასავლურ დემოკრატიებში მოქმედი ან ინიციირებული კანონები უზრუნველყოფს ისეთი აქტივობების გამჭვირვალობას, რაც პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად და ამასთან, ხორციელდება უცხოური ძალის სახელით. შესაბამისად, მოუწევს, თუ - არა ინდივიდს ან სუბიექტს სქემით განსაზღვრულ ბაზაში რეგისტრაცია,  მათ მიერ განხორციელებულ აქტივობების მიზნებსა და ხასიათზეა დამოკიდებული.

ამდენად, მამუკა მდინარაძის განცხადება ისეთ წარმოდგენას ქმნის, თითქოს ქართული კანონმდებლობა დასავლურ პრაქტიკასთან შესაბამისობაშია, თუმცა სულ მცირე, ზემოაღნიშნული ფუნდამენტური განსხვავების გამო, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის დასავლურ პრაქტიკასთან შედარება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ის, თუ რა კონკრეტული განსხვავებებია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტსა და აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და ევროკავშირში ინიციირებულ ან მოქმედ კანონებს/კანონპროექტებს შორის, შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (1, 2).