Facebook-ანგარიში „ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო“ სოციალურ ქსელში ევროკავშირთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მტკიცებით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება შემდეგი რეფორმების გატარებას ნიშნავს: „საქართველოში დაკანონდება ერთსქესიანი ქორწინებები; ერთსქესიანი წყვილებს მიეცემათ ბავშვების აყვანის და გაზრდის უფლება; სკოლებში შევლენ ლგბტ პედაგოგები, რომლებიც ბავშვებს აღზრდიან იმ რწმენით რომ გეი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი არის არა ავადმყოფობა, არამედ ბუნებრივი მოვლენა; საქართველოს დაევალება ყოველწლიურად ჩამოასახლოს 12-15 ათასი აზიელი და აფრიკელი ლტოლვილი, უზრუნველყოს ისინი შესაბამისი საცხოვრებლით და სოციალური დახმარებით; და ბოლოს, საქართველოს ორ რეგიონში სომხურ და აზერულ ენებს მიენიჭებათ რეგიონალური ენების სტატუსი“. პოსტში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება 1: საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დაკანონდება

ანტიდასავლური და პრორუსული რადიკალური ჯგუფები წლების განმავლობაში კულტივირებენ იმ კრემლისტურ პროპაგანდას, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნულ იდენტობაზე, ტრადიციებზე და წეს-ჩვეულებებზე უარის თქმას ნიშნავს. სწორედ ამ ნარატივის ერთ-ერთი ძირითადი დეზინფორმაციულ გზავნილს წარმოადგენს ევროკავშირის მოთხოვნა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მტკიცება სოციალურ ქსელში აქამდეც არა ერთხელ გავრცელებულა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2,3).

რეალურად, ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებას არ ავალდებულებს. ერთნაირსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები ადგილობრივი მთავრობების დონეზე წყდება, ამავდროულად, ამ ქვეყნებს ევროკავშირი კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებით კანონის მიღებას არ აიძულებს. უფრო მეტიც, ევროკავშირს თავადაც არ გააჩნია კანონმდებლობა, რომელიც მის წევრ სახელმწიფოებს მსგავს ვალდებულებას დააკისრებდა. ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი ქვეყანაში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების დაკანონება არ არის, რასაც ამ საკითხის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკა ადასტურებს.

ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება კანონიერად დაშვებულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია, შვედეთი, ესპანეთი, სლოვენია, ესტონეთი და საბერძნეთი. ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის დაშვებული, თუმცა წყვილებს შორის სამოქალაქო კავშირი დაშვებულია ჩეხეთში, უნგრეთში, კვიპროსში, ხორვატიაში და იტალიაში. ხოლო ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მათ შორის სამოქალაქო კავშირი არაა შესაძლებელი ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი და სლოვაკეთი.

საქართველოს ევროინტეგრაციის სანაცვლოდ, რომ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების დაკანონებას არ მოსთხოვენ, დასტურდება იმ ქვეყნების მაგალითზეც, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და მათ კონსტიტუციაში ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინების შესახებ ჩანაწერები არ არსებობს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი - „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. საქართველოს მსგავსი „ქორწინების“ განმარტება (ქორწინება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი) კონსტიტუციაში ჩაწერილი აქვთ მაგალითად, ევროკავშირის ისეთ წევრ ქვეყნებს, როგორიცაა:

პოლონეთი - პოლონეთის კონსტიტუციის მე-18 მუხლში აღნიშნულია, რომ „ქორწინება, როგორც კაცისა და ქალის კავშირი, ისევე როგორც ოჯახი, დედობა, მშობლობა, უნდა იყოს პოლონეთის რესპუბლიკის მიერ დაცული და უზრუნველყოფილი“.

ლატვია - ლატვიის კონსტიტუციის 110-ე მუხლში ნათქვამია, რომ „სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და მხარი დაუჭიროს ქორწინებას - კავშირს ქალსა და მამაკაცს შორის, ოჯახს, მშობლების უფლებებს და ბავშვების უფლებებს. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს განსაკუთრებული მზრუნველობა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე, მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებზე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე“.

ლიეტუვა - ლიეტუვის კონსტიტუციის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტში ნათქვამია, რომ „ქორწინება ხდება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი თანხმობის საფუძველზე“.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებით, წევრმა ქვეყნებმა ერთნაირსქესიანი წყვილების თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებები უნდა დაიცვან. ამასთან, 2013 წლის ევროპარლამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს „მოუწოდებს“, აღიარონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სამოქალაქო გაერთიანებები, როგორც „პოლიტიკური, სოციალური და ადამიანის და სამოქალაქო უფლებების საკითხი“. თუმცა, ევროკავშირს არ აქვს უფლება მსგავსი პოლიტიკის ცვლილება მის წევრ სახელმწიფოებს დაავალდებულოს.

ამდენად, ევროკავშირი არც წევრ სახელმწიფოებს და არც გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ავალდებულებს. ევროკავშირი სახელმწიფოებს ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების გაზიარებას სთხოვს, რაც მოიცავს ადამიანის ღირსების, თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვასა და პატივისცემას. ეს უკანასკნელი კი საქართველოს კონსტიტუციითაც გარანტირებულია.

მტკიცება 2: ერთსნაირქესიან წყვილებს მიეცემათ ბავშვების აყვანის და გაზრდის უფლება

აღნიშნული საკითხის შესახებ რაიმე სავალდებულო რეგულაცია ევროკავშირის კანონმდებლობაში არ გვხვდება და ის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში რჩება.

ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის ბულგარეთს, იტალიას, პოლონეთსა და უნგრეთს (უნგრეთის პარლამენტმა ამ თემაზე გადაწყვეტილება 2020 წლის ბოლოს მიიღო, მანამდე ბავშვის აყვანა შესაძლებელი იყო, თუ ერთი პარტნიორი დამოუკიდებლად განაცხადებდა) კანონმდებლობით განსაზღვრული აქვთ, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვების აყვანა არ შეუძლიათ.

შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ან გაწევრიანების შემდეგ, არ ექმნება ვალდებულება, რომ ერთნაირსქესიან წყვილს ბავშვის აყვანის უფლება მისცეს.

მტკიცება 3: სკოლებში შევლენ ლგბტ პედაგოგები, რომლებიც ბავშვებს აღზრდიან იმ რწმენით, რომ გეი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი არის არა ავადმყოფობა, არამედ ბუნებრივი მოვლენა

ევროკავშირის კანონმდებლობაში არც მსგავსი ტიპის სავალდებულო ხასიათის კანონი არსებობს. კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომ სკოლებში ლგბტ თემის წარმომადგენელი მასწავლებლები შევლენ და სასწავლო სილაბუსებში ლგბტ+ თემების ირგვლივ საგნები დაემატება. ზოგადად, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ლგბტ+ საკითხების სწავლებას არ ავალდებულებს - ეს ქვეყნების განათლების სამინისტროების ან უშუალოდ კონკრეტული სკოლების დისკრეციაა.

შესაბამისად, ყალბია მტკიცება, რომ საქართველოს განათლების სისტემაში ცვლილებები მოხდება, რის ფარგლებშიც სავალდებულო გახდება ლგბტ თემის წარმომადგენელი მასწავლებლების შესვლა სკოლებში და ლგბტ თემატიკის ირგვლივ ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

მტკიცება 4: საქართველოს დაევალება ყოველწლიურად ჩამოასახლოს 12-15 ათასი აზიელი და აფრიკელი ლტოლვილი, უზრუნველყოს ისინი შესაბამისი საცხოვრებლით და სოციალური დახმარებით

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის თემა ევროკავშირისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ევროკავშირში მიგრაციის საკითხზე ახალი პოლიტიკის შესახებ შეთანხმებას ქვეყნებმა 2023 წელს მიაღწიეს. ახალი პოლიტიკის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ არჩევანი, რომ გადანაწილების სქემის მიხედვით, ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის მიგრანტები მიიღონ ან თითოეულ მიგრანტზე, რომლის მიღებაზეც ქვეყანა უარს განაცხადებს, ევროკავშირის ფონდში გარკვეული თანხა (20 ათასი ევრო) გადაიხადოს. გადანაწილების სქემით, საქართველოზე გადასანაწილებელი მიგრანტების რაოდენობა ევროკავშირში მიგრანტების სრული რაოდენობის გარკვეული პროცენტით დაითვლება, ქვეყნის ზომის მიხედვით. ეს რიცხვი საქართველოსთვის მისი ზომიდან გამომდინარე თეორიულად შედარებით მცირე იქნება. ევროკავშირის მიზანია, რომ ყოველ წელს 30 ათასი მიგრანტის გადანაწილება მოხდეს. ჰიპოთეზურად, აღნიშნული რაოდენობა, რომ მომავალში 30-ზე მეტ ევროკავშირის ქვეყანაზე პროპორციულად გადანაწილდეს, საქართველოსთვის დიდი რიცხვი არ გამოვა (თეორიულად, ათას კაცზე საკმაოდ ნაკლები). შედარებისთვის, 2022 წელს საქართველომ უცხო ქვეყნის, დაახლოებით, 125 ათასი მიგრანტი მიიღო. მეტიც, საქართველოს შეეძლება ალტერნატიული სოლიდარობის გზების გამოყენებით (უკვე დასახელებული ფინანსური კონტრიბუცია; ასევე მოიაზრება აღჭურვილობითა და პერსონალით დახმარებაც) რელოკაციის სქემით მიგრანტების მიღება თავიდან აიცილოს.

ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ საქართველოს მოუწევს 12-15 ათასი აზიელი და აფრიკელი მიგრანტის საცხოვრებლითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა.

მტკიცება 5. საქართველოს ორ რეგიონში სომხურ და აზერულ ენებს მიენიჭებათ რეგიონალური ენების სტატუსი

ევროკავშირის კანონმდებლობა რეგიონული ენების საკითხს არ განსაზღვრავს და წევრი ქვეყნების მიმართ ვალდებულებებს ამ კუთხითაც არ განსაზღვრავს. ევროკავშირს არ გააჩნია კონკრეტული კომპეტენცია მისი წევრი სახელმწიფოების ეროვნულ, რეგიონულ ან უმცირესობათა ენებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია რეგიონული ან უმცირესობათა ენების პატივისცემა. მაგალითად, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (TEU) მე-3 მუხლი ადგენს, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ენობრივ მრავალფეროვნებას. ასევე, 2009 წელს ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტია ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ეროვნული მთავრობებისთვის იურიდიულად სავალდებულო გახდა. მისი 22-ე მუხლი ეხება ენობრივი მრავალფეროვნების პატივისცემას, ხოლო 21-ე მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას ენის ნიშნით.

ამდენად, ევროკავშირს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოთხოვნას, წევრი ქვეყნის მიმართ კონკრეტული ენის რეგიონულ ენად გამოცხადების შესახებ.

შესაბამისად, Facebook-ანგარიშის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტის ავტორის მიზანი, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დისკრედიტაციაა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.