Facebook-სა (1) და TikTok-ზე (1; 2; 3) ვირუსულად ვრცელდება POSTV-ის წამყვანის, გური სულთანიშვილის ვიდეო, სადაც იგი, თითქოს, ხსნის, რა განსხვავებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ევროპულ და ქართულ ვერსიებს შორის. ტექსტი ამგვარად ჟღერს: „და ანუ შენ რატო არ გაქვს ამ კანონის ქონის უფლება, იცი? და რა განსხვავებაა? ევროპას სჭირდება ეს რუსების გამოსააშკარავებლად და შენ პირიქით, დასავლეთს ებრძვი ამით.“ (არქივირებული ბმული)

სინამდვილეში, ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს გური სულთანიშვილი ამ ტექსტით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და თავად თვლის, რომ ეს არის განსხვავება ევროპულ და ქართულ ვარიანტს შორის.

აღნიშნული ციტატა ამოჭრილია POSTV-ის გადაცემიდან „სამნი & Co”, რომლის ერთ-ერთი თანაწამყვანი გური სულთანიშვილია. იგი რეალურად შემდეგ წინადადებას ამბობს: (3:09-დან): „ნებისმიერ ადამიანს დღეს დაარწმუნებ შენ და ნებისმიერი ოდნავ ინფორმირებული ტიპი დაარწმუნებს, რომ ეს კანონი საჭიროა. რითი იცი? ეტყვი, რომ ევრორეგულაცია, ევროკავშირის მოთხოვნაა, ეტყვი, რომ საფრანგეთში ეს ხდება, ეტყვი, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში ამ კანონის მსგავსი ანალოგი არსებობს, ან ახლა იარსებებს. საქმე და დაპირისპირება რაშია, იცი? ისინი ამბობენ, რომ ამ კანონით და ანუ შენ რატო არ გაქვს ამ კანონის ქონის უფლება, იცი? და რა განსხვავებაა? ევროპას სჭირდება ეს რუსების გამოსააშკარავებლად და შენ პირიქით, დასავლეთს ებრძვი ამით.“ - რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მონაკვეთში სულთანიშვილი არა - საკუთარ დამოკიდებულებას, არამედ ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა არგუმენტის გადმოცემას ცდილობს.

გარდა ამისა, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკასთან“ კომენტარში, სულთანიშვილმა თავადვე აღნიშნა, რომ ეს ნაწილი სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გაავრცელეს (7:18-დან): „ჩემს შემთხვევაში, ზუსტად ფეიკი იყო ეს, იმიტომ, რომ მანამდე ვამბობ მნიშვნელოვან რამეს, რომ ასე თვლიან-თქო, ანუ თუ არ ვცდები, ბაჩო მეკითხება, რომ არგუმენტი ერთი მაინც აქვთო? და მეთქი, ალბათ, არგუმენტი არის ეს. მათ მოჭრეს და ასაღებენ ისე, თითქოს მე ვფიქრობ ამას და მე ვამბობ ასე“, - ამბობს გური სულთანიშვილი.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია არ განიხილავს გური სულთანიშვილის მიერ გაჟღერებული მტკიცების შინაარსს, სადაც ის საქართველოში დაინიციირებულ კანონპროექტსა და ევროკავშირის დირექტივის პროექტზე საუბრობს. აღნიშნულ საკითხზე ვრცლად გაეცანით „ფაქტ-მეტრის“ სტატიას.

------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.