სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში რუსთავის 2-ის გადაცემიდან „The Talk შოუ“ მონაკვეთს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), სადაც წამყვანი მარიამ სანოგო ამბობს, რომ მამაკაცები სახლში უნდა ისხდნენ: „სჯობს იჯდეს სახლში და მე მირჩევნია, გაზარდოს კარგად ბავშვები, დამახვედროს მოწესრიგებული სახლი და ცოტა უხერხულია ხო, რომ კაცი დადის აქეთ-იქეთ სამსახურში, მერე მეგობრებთან. არა, ქალებს გვაქვს იმდენი საშუალება, რომ კაცები ისხდნენ სახლში, მიხედონ და ჩვენ ვარჩენთ“. რეალურად, გადაცემის სრულ ვერსიაში წამყვანები აცხადებენ, რომ ხუმრობენ და ასე ეხმიანებიან იმ სტერეოტიპებს, რომლებსაც ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, ქალების მისამართით ხშირად იმეორებენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა 2021 წლის 13 დეკემბერს გავიდა. გადაცემის მთავარი თემა თანამედროვე კაცები იყო. წამყვანებმა ხუმრობით გასცეს პასუხი კითხვას, თუ როგორი კაცები მოსწონთ მათ. ტელეწამყვანი მარიამ სანოგოც ამ ნაწილში საუბრობს იმ მახასიათებლებზე, რაც თანამედროვე მამაკაცს უნდა ჰქონდეს. მონაკვეთის ბოლოს, წამყვანი ნატა ასათიანი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხუმრობენ: „მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ფრაზები ხშირად გაგვიგია ყოველგვარ ხუმრობას მოკლებული, მხოლოდ ერთი განსხვავებით-ქალების მისამართით“. წამყვანებმა აღნიშნეს, რომ ამ სტერეოტიპებით თაობები იზრდებოდა და თითქოს ნორმად არის აღქმული.

ცნობისთვის, გადაცემის „The Talk შოუ“, რომელიც ამერიკული „The Talk“-ის ქართული ანალოგი იყო, წამყვანები სტეფანე მღებრიშვილი, რუსკა მაყაშვილი, ნატა ასათიანი, ნელი აგირბა და მარიამ სანოგო იყვნენ. ამჟამად, გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში აღარ გადის.

ამდენად, გადაცემიდან ის მონაკვეთია ამოჭრილი, სადაც წამყვანი ხუმრობს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.