მაია ბითაძე: სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვერანაირი განგაშის სისტემა ადგილზე ვერ აგვაცილებდა ამ ძალიან დიდ ტრაგედიას
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ მაია ბითაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ განგაშის სისტემა, შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის სწრაფად განვითარების გამო და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილიდან გამომდინარე, დამდგარი შედეგის თავიდან ასაცილებლად ეფექტური ვერ იქნებოდა.
შვეიცარიული კომპანია „ჯეოტესტის“ ანგარიშშიც თითქმის იგივეა ნათქვამი და აღნიშნულია, რომ განგაშის საუკეთესო სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი, დიდი მასშტაბის კატასტროფული მოვლენის დროს, მოსახლეობის ევაკუაციისთვის, დრო არასაკმარისი იქნებოდა ანუ შოვში განგაშის სისტემა რომც ყოფილიყო, სიგნალის მიღების შემდეგ, უშუალოდ სტიქიის განვითარებამდე მცირე დროის არსებობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია ვერ მოესწრებოდა.
თუმცა ამავე ანგარიშში ისიც წერია, რომ მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში, კლდის ქანების დესტაბილიზაციის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზევე იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად, მოახლოებული საფრთხის შესახებ წინასწარი გაფრთხილება და ხალხის ევაკუაციაც, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა.
მაია ბითაძე განცხადებაში მხოლოდ განგაშის სისტემაზე აპელირებს და მონიტორინგის სისტემას, რომლის შესახებ შვეიცარიული კომპანიის ანგარიშში არის საუბარი, საერთოდ არ ახსენებს. არადა შვეიცარიელების ანგარიშში, სტიქიის პრევენციის სავარაუდო შესაძლებლობად სწორედ ყოვლისმომცველი მონიტორინგის და ადრეული გაფრთხილების სისტემებია დასახელებული ტერიტორიის სივრცით დაგეგმარებასთან ერთად.
ჩვენ მიერ გაანალიზებული მასალიდან გამომდინარე, მაია ბითაძის განცხადების შინაარსი მართებულია, თუმცა განცხადებაში დასახელებული ანგარიშის მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვებულია, რაც სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ სრული სურათის დანახვას ხელს უშლის, განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ შოვის ტრაგედიას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და განაცხადა: „შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველის ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც თვალნათლივ აჩვენებს,რომ შოვის ტრაგედია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულ იქნა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის... სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვერანაირი განგაშის სისტემა ადგილზე, ვერ აგვაცილებდა ამ ძალიან დიდ ტრაგედიას. ჯერჯერობით მსოფლიოში არ გამოგონილა ამგვარი განგაშისა და პრევენციის მეთოდოლოგია, რომელიც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, სწრაფად დინამიკაში მოყვანილ ხუთ სტიქიურ მოვლენას ააცილებს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანას“.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მაია ბითაძემ თითქმის იგივე გაიმეორა: „არ წყდება რადიკალური ოპოზიციის და ვაი ექსპერტების მოსაზრებები, თითქოს განგაშის სისტემა გადაგვარჩენდა, თითქოს ზეციური საქართველოდან ექსპერტები წინასწარ დაგვიცავდნენ კლიმატისგან, მაგრამ ძალიან სამწუხაროდ, შვეიცარიელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ჩვენი ქართველი ექსპერტების დასკვნების იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამ საშინელი ტრაგედიის, ძალიან დიდი სტიქიური მოვლენის აცილება შეუძლებელი იყო“.
შეგახსენებთ, 2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში განვითარებულმა სტიქიამ კურორტ შოვში 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანია დაღუპული და დაკარგულად ერთი ადამიანი ითვლება.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, საბოლოო ანგარიში მიმდინარე წლის 16 თებერვალს გამოაქვეყნა. დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და ძირითადი ნაწილი გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური პარამეტრების გაანალიზებას ეთმობა. დოკუმენტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ჩვენ ანგარიშის დეტალურ განხილვაში არ/ვერ შევალთ.
ანგარიშის დასკვნის მიხედვით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკურ კონტაქტში შევიდა მყინვართან, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის დეფორმაცია და ჩამონგრევა, რამაც გამოიწვია ყინულშიდა ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება, ასევე მყინვარის ზედაპირზე კლდეზვავის მყარი მასალის ხახუნის შედეგად მოხდა მყინვარის უსწრაფესი (ინტენსიური) დნობა (ზემოთ აღნიშნული ფაქტორები სრულიად საკმარისი იყო ღვარცოფის მოძრაობაში მოსაყვანად), რის შედეგად წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის და შემორჩენილი თოვლის საფარის ინტენსიურმა დნობამ, წინა პერიოდში მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მყინვარის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლამ, რასაც თან დაერთო ნაპრალოვანი გენეზისის მიწისქვეშა წყლების ფრონტალური გადმოდინება, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან. ასევე, სტიქიის დაწყებამდე და მიმდინარე პროცესში მდ. ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია, რასაც სატელიტური სურათები და მდ. ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები ადასტურებს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ღვარცოფული ნაკადის გადაადგილების სიჩქარემ 18-24 მ/წმ შეადგინა, რასაც ე.წ. კოტეჯების უბნამდე 7.5-10 წუთში უნდა მიეღწია.
რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო საკითხს, განგაშის სისტემა სტიქიის პრევენციას რამდენად მოახდენდა, ანგარიშის მიხედვით, მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შემთხვევაში, განგაშის სისტემის მოწყობა, სტიქიის სწრაფად განვითარებადობის გამო და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგის თავიდან ასაცილებლად ეფექტური ვერ იქნებოდა. ზოგადად, მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე, პრაქტიკულად შეუძლებელია.
მაია ბითაძემ ბრიფინგზეც და პარლამენტში გამოსვლისასაც ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომ განგაშის სიგნალები შოვის ტრაგედიის პრევენციას ვერ მოახდენდა, ქართველი ექსპერტების დასკვნას ერთი-ერთში ემთხვეოდა.
განცხადების ავტორს მხედველობაში შვეიცარიის სპეციალიზებული კომპანიის (GEOTEST AG) მიერ მომზადებული ანგარიში - „Georgia, Shovi Disaster, Event Analysis“, Report Nr. 1423094.1; 28.11.2023, ჰქონდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მიერ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში ამავე დოკუმენტზე არის მითითება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბოლოო ანგარიშზე მუშაობისას, სხვადასხვა გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ, მეტეოროლოგიურ კვლევის შედეგებთან ერთად, შვეიცარიელების მიერ მომზადებული ანგარიშითაც იხელმძღვანელეს.
შვეიცარიული კომპანია „ჯეოტესტის“ ანგარიშიც საკმაოდ ვრცელია. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ანგარიშის მხოლოდ იმ ნაწილზე გავამახვილებთ ყურადღებას, სადაც განგაშის სიგნალებზე და ზოგადად, სტიქიის პრევენციაზეა საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, განგაშის საუკეთესო სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი, დიდი მასშტაბის კატასტროფული მოვლენის დროს, მოსახლეობის ევაკუაციისთვის, დრო არასაკმარისი იქნებოდა ანუ შოვში განგაშის სისტემა რომც ყოფილიყო, სიგნალის მიღების შემდეგ, უშუალოდ სტიქიის განვითარებამდე მცირე დროის არსებობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია ვერ მოესწრებოდა.
თუმცა ამავე ანგარიშში ისიც წერია, მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში, მოვლენები როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო. შვეიცარიელების ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში, კლდის ქანების დესტაბილიზაციის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზევე იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად, მოახლოებული საფრთხის შესახებ წინასწარი გაფრთხილება და ხალხის ევაკუაციაც შესაძლებელი იქნებოდა. „სამომავლოდ, ასეთი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველაზე ეფექტური და სანდო საშუალება ყოვლისმომცველი მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემა იქნება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ასევე, ორივე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის, ადამიანების და ინფრასტრუქტურის დასაცავად, საუკეთესო და ეფექტური გზა ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარებაა. უნდა განისაზღვროს მაღალი რისკის შემცველი ტერიტორიები, სადაც დასახლება მომეტებული საფრთხის შემცველია.
როგორც ვხედავთ, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე შვეიცარიული კომპანიის ანგარიშებში წერია, რომ განგაშის სისტემა, ამ მასშტაბის სტიქიის შემთხვევაში, რასაც შოვში ჰქონდა ადგილი, ეფექტური ვერ იქნებოდა და მოსახლეობის ევაკუაცია ვერ მოესწრებოდა.
თუმცა შვეიცარიელების ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში, მოახლოებული საფრთხის შესახებ წინასწარი გაფრთხილება იქნებოდა შესაძლებელი და, შესაბამისად, ხალხის ევაკუაციაც, სავარაუდოდ, მოესწრებოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშში მხოლოდ განგაშის სისტემაზეა საუბარი, ხოლო მონიტორინგის სისტემაზე ყურადღება გამახვილებული არ არის.
2018 წლის ივლისში ჭუბერში უხვი ნალექის შემდგომ განვითარებული მეწყრული პროცესის შემდეგ, მაშინდელი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ „2-3 წელიწადში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება“.
ამ დროიდან 5.5 წელია გასული და მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილის განცხადებიდან ირკვევა, რომ წლის ბოლომდე საქართველოს წინასწარი შეტყობინების 245 სადგური ექნება, აქედან 159 საერთაშორისო დაფინანსების ფარგლებშია შეძენილი.
აღნიშნული განცხადებები იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანეთ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების დამონტაჟებას სახელმწიფოს სტრუქტურის წარმომადგენლებიც მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ და ამ საკითხზე ოპოზიციის და სპეციალისტების მხრიდან ყურადღების გამახვილება მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია არ იყო.
მაია ბითაძე განცხადებაში მხოლოდ განგაშის სისტემაზე აპელირებს და მონიტორინგის სისტემას, რომლის შესახებ შვეიცარიული კომპანიის ანგარიშში არის საუბარი, საერთოდ არ ახსენებს. არადა შვეიცარიელების ანგარიშში, სტიქიის პრევენციის სავარაუდო შესაძლებლობად სწორედ ყოვლისმომცველი მონიტორინგის და ადრეული გაფრთხილების სისტემებია დასახელებული ტერიტორიის სივრცით დაგეგმარებასთან ერთად.
ჩვენ მიერ გაანალიზებული მასალიდან გამომდინარე, მაია ბითაძის განცხადების შინაარსი მართებულია, თუმცა განცხადებაში დასახელებული ანგარიშის მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვებულია, რაც სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ სრული სურათის დანახვას ხელს უშლის, განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.