ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: დოლარში ეკონომიკის რეალურზე მაღალი - 22%-იანი ზრდა,რუსეთიდან მიგრაციის შედეგად გამოწვეულმა ვალუტის კურსის ცვლილებამ განაპირობა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

მთლიანი შიდა პროდუქტი ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს შემთხვევაში, ლარში ითვლება და მხოლოდ შემდეგ გადადის დოლარში. ინფლაცია და კურსის ცვლილება (თუ მშპ-ს უცხოურ ვალუტაში დავითვლით) ნომინალურ ეკონომიკას რეალურზე მეტად გაზრდილად ან შემცირებულად წარმოაჩენს.

2022 წელს ლარის საშუალო გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.91 შეადგინა, 2023 წელს 10.6%-ით - 2.63-მდე, გამყარდა. იმავე 2023 წელს ინფლაცია 2.5%-მდე შემცირდა, თუმცა მან მშპ-ის ნომინალურ ზრდაზე დამატებით მცირე გავლენა მაინც იქონია.

კურსის ცვლილებაზე გავლენას ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება, მონეტარული და ნაწილობრივ ფისკალური პოლიტიკა, ასევე მოკლევადიან პერიოდში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მოლოდინები და შოკები ახდენს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი ნაკადების მოცულობა გაიზარდა. გზავნილებში ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი 2022 წელს გახდა. 2023 წელს რუსეთის წილმა ფულად გზავნილებში 37% შეადგინა, რაც მართალია, 2021 წელთან შედარებით ორჯერ მეტია, მაგრამ 2022 წელთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

თანხობრივად ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სხვა ქვეყნებიდანაც გაიზარდა. გამკაცრებული რჩებოდა მონეტარული პოლიტიკაც. შესაბამისად, კურსის ცვლილებაზე გავლენა მხოლოდ რუს მიგრანტებს არ მოუხდენიათ.

გირჩის ლიდერის განცხადების პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ეკონომიკის 22%-იანი ნომინალური ზრდა ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია, სიმართლეს შეესაბამება, ხოლო მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ლარის გამყარება რუს მიგრანტებს უკავშირდება, ნაწილობრივ სიმართლეა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ „ტვ იმედის“ დადებული სქრინი გააზიარა აღწერით: „ე.ი. რუსები რომ გამოექცნენ ომს, შემოიტანეს დოლარი, რამაც შეცვალა ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი და, შესაბამისად, ლარში გაზომილი ეკონომიკის ზომამ გაყოფილი ახალ გაცვლით კურსზე დოლარში მოგვცა უფრო დიდი რიცხვი - აი ეს ყოფილა ‘დოლარში ეკონომიკის 22%-იანი ზრდა“.

ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის განცხადება ორი ნაწილისგან შედგება: 1) დოლარში ეკონომიკის 22%-იანი ზრდა ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია, 2) კურსის ცვლილების მიზეზი რუსეთიდან გაზრდილი მიგრაცია გახდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, დოლარში სამჯერ მაღალი ზრდის ტემპის მიზეზი ვალუტის კურსის ცვლილება და ინფლაცია გახდა.

საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ინფლაციაც და ვალუტის კურსის ცვლილებაც თანმდევი პროცესია. ნომინალში დათვლილი ეკონომიკა ზოგ შემთხვევაში ზრდას გაზვიადებულად წარმოაჩენს, ზოგჯერ პირიქით შემცირებულად, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც რეალური ეკონომიკა გაზრდილა და ნომინალური შემცირებულა, ან პირიქით.

2015 წელს მშპ 3.4%-ით გაიზარდა, თუმცა დოლარში დათვლით მშპ 1 სულ მოსახლეზე 15%-ით 4800-დან 4100 დოლარამდე შემცირდა, ვარდნის მიზეზი ლარის გაუფასურება გახდა, თუ 2014 წელს ლარის საშუალო გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.77-ს უდრიდა, 2015 წელს 29%-ით მეტს 2.29-ს გაუთანაბრდა. ამის საპირისპიროდ, 2022 წელს 11%-იანი რეალური ზრდა დოლარში 32%-იანი ზრდით წარმოჩინდა - 5085-დან 6730 დოლარამდე. 2021 წელს საშუალო გაცვლითი კურსი 3.22-ს შეადგენდა, 2022 წელს 2.91-ს. კურსის გამყარებას 11.9%-იანი ინფლაციაც დაემატა, რამაც ნომინალური მშპ ეროვნულ ვალუტაშიც რეალურზე მეტად - 19.9%-ით, 16,375-დან 19,625 ლარამდე ზრდა გამოიწვია.

2023 წელს ინფლაცია 2.5%-მდე შემცირდა, თუმცა ლარი დამატებით 10.6%-ით - 2.91-დან 2.63-მდე გამყარდა. შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში 9.9%-ით - 19,625-დან 21,370 ლარამდე, ხოლო დოლარში 22%-ით - 6730-დან 8210 დოლარამდე გაიზარდა.

ნომინალურსა და რეალურ ეკონომიკას შორის სხვაობა დროის გრძელვადიან მონაკვეთში უფრო შესამჩნევი ხდება. 2003-2023 წლებში საქართველოში რეალური მშპ 1 სულ მოსახლეზე 193%-ით გაიზარდა, ნომინალური 690%-ით.

მიუხედავად იმისა, რომ „ტვ იმედის“ ქარდზე რეალური ზრდის ტემპიც წერია, ყურადღებას პირველი მონაცემი უფრო იპყრობს, რაც ეკონომიკური ზრდის გაზვიადებულად აღქმას უწყობს ხელს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სწორად აღნიშნავს, რომ 22%-იანი ნომინალური ზრდა ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. რაც შეეხება მიზეზს, კურსის ცვლილება მთელ რიგ საგარეო და საშინაო ფაქტორებზეა დამოკიდებული, მათ შორის - ფულად გზავნილებსა და ტურიზმზე.

2022-2023 წლებში რუსეთიდან საქართველოში ფულადი ნაკადების შემოდინება ნამდვილად გაიზარდა. ფულადი გზავნილები რუსეთიდან 2021 წელს 411 მლნ დოლარს შეადგენდა, 2022 წელს 2.1 მლრდ-მდე გაიზარდა, 2023 წელსაც 1.5 მლრდ-ზე შენარჩუნდა.

2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან რუსეთის მოქალაქეების მხრიდან152 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, 2022 წელს - 891 მლნ-ის და 2023 წელს - 938 მლნ-ის. პანდემიამდე, 2019 წელს, ეს მაჩვენებელი 776 მლნ-ს უდრიდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2022-2023 წლებში რუსეთიდან ფულადი ნაკადები გაიზარდა, ეს არ მომხდარა ექსკლუზიურად მხოლოდ ერთი ქვეყნიდან და ზრდა სხვა სახელმწიფოებიდანაც შეინიშნებოდა.

2021 წელს რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 18%-ს შეადგენდა, 2022 წელს დრამატულად 47%-მდე გაიზარდა, 2023 წელს კორექცია განიცადა და 10 პროცენტული პუნქტით - 37%-მდე შემცირდა.

გრაფიკი 1: ფულადი გზავნილები (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რუსეთის გამოკლებით 2019 წელს 2.3 მლრდ-ს შეადგენდა, 2021 წელს - 1.1 მლრდ-ს, 2022 წელს - 2.6 მლრდ-ს და 2023 წელს - 3.2 მლრდ-ს. მართალია, 2022 წელს რუსეთის წილი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში გაორმაგდა და 25%-ს გადააჭარბა, მაგრამ რეალურად ეს უფრო პანდემიამდელი მდგომარეობის დაბრუნება იყო, 2019 წელსაც რუსეთს 25%-იანი წილი ეკავა.

გრაფიკი 2: შემოსავალი ტურიზმიდან

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საგარეო ფაქტორებიდან კურსზე გავლენას, რაც მიგრაციას არ უკავშირდება, საგარეო ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც ახდენს. თანხობრივად რუსეთში ექსპორტი მცირედით გაიზარდა, წილობრივად პირიქით შემცირდა. მკვეთრი ცვლილება არც ინვესტიციებში შეინიშნება.

შემოვიდა, თუ - არა ოფიციალურ არხებს მიღმა უცხოური ვალუტა საქართველოში, რომელი ქვეყნიდან, რა მოცულობის და მან კურსზე რა გავლენა იქონია, „ფაქტ-მეტრი“ ამის განხილვაში ვერ შევა. ღია წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთიდან არასტანდარტული ზრდა, მხოლოდ ფულადი გზავნილების მიმართულებით ფიქსირდება და ისიც მხოლოდ 2022 წელს.

კურსზე ცვლილებას შიდა ფაქტორებიც ახდენს. 2022-2023 წლებში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა: სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 4-დან 3 წლამდე შეამცირა, შეზღუდვამ 1 წელი იმუშავა. შემცირდა ე.წ. PTI კოეფიციენტი. ვისი ხელზე ასაღები ხელფასიც 1500 ლარამდეა, მას ისეთი სესხის აღება შეეზღუდა, რომელიც თვეში ხელფასის 25%-ზე მეტის კრედიტის დაფარვას ითვალისწინებდა. პირობითად თუ მისი ხელფასი 1200 ლარია, ბანკთან ისეთ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს, თვეში 300 ლარზე მეტის შეტანა რომ ევალებოდეს. 10.5%-დან 11%-მდე გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი, თუმცა ზრდა მასშტაბური არ ყოფილა და 2023 წლის მაისში ომამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა, ხოლო აგვისტოდან ჩამოსცდა.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთიდან გაზრდილმა მიგრაციამ ლარის გამყარებაში გარკვეული წვლილი შეიტანა, თუმცა მის გარდა კურსზე გავლენა სხვა საგარეო და საშინაო ფაქტორებმაც იქონია.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის მტკიცების პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, კურსის ცვლილებამ დოლარში დათვლილი ნომინალური ეკონომიკა რეალურზე მეტად გაზარდა, სიმართლეა, ხოლო მტკიცების მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც კურსის ცვლილება რუს მიგრანტებს უკავშირდება, მხოლოდ ნაწილობრივაა სიმართლე, რადგან კურსზე მის გარდა სხვა საგარეო და საშინაო ფაქტორებმაც იმოქმედა. მტკიცების ერთი ნაწილის სიზუსტისა და მეორე ნახევრის ნაწილობრივ სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი