სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები აშშ-ში „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ (1, 2, 3, 4,5). პოსტების მტკიცებით, ჯო ბაიდენმა კათოლიკური აღდგომა „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღედ გამოაცხადა. რეალურად, ბაიდენმა პირველად 2021 წელს გამოაქვეყნა 31 მარტის, როგორც ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის შესახებ განცხადება. აღდგომის თარიღი ყოველწლიურად მონაცვლეობს და წელს 31 მარტს აღინიშნება. შესაბამისად, თარიღები ერთმანეთს დაემთხვა.

ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე პირველად 2009 წლის 31 მარტს აღინიშნა და მისი ინიციატორი რეიჩელ კრენდალი, მიჩიგანელი ტრანსგენდერი აქტივისტი იყო. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი პრეზიდენტობისას პირველად 2021 წელს გამოაქვეყნა 31 მარტის, როგორც ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის შესახებ განცხადება. თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა ამერიკელს, შეუერთდეს ბრძოლას ტრანსგენდერი ადამიანების სრული თანასწორობისთვის. პრეზიდენტის განცხადებით, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე აღიარებს თაობების ბრძოლას, აქტივიზმსა და გამბედაობას, რამაც აშშ ტრანსგენდერების და არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანების თანასწორობასთან დააახლოვა: „მათმა წარმატებულმა მუშაობამ უამრავ ტრანსგენდერს მისცა გამბედაობა, ეცხოვრათ ღიად და ავთენტურად“.

ყოველწლიურად 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ აღინიშნება, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული განცხადებებიც ადასტურებს. მიმდინარე წელსაც, 29 მარტს თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა და ამერიკელ ხალხს მოუწოდა, გაერთიანდეს გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან მიმდინარე წელს 31 მარტს კათოლიკური აღდგომაც აღინიშნა. დასახელებული დამთხვევა წელს მხოლოდ თარიღების დამთხვევით იყო განპირობებული. აღდგომის თარიღი წლიდან წლამდე მონაცვლეობს. ასე მაგალითად, 2023 წელს აშშ-ში აღდგომა 9 აპრილს აღინიშნა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოპონენტმა რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა აღდგომის პრინციპებს უღალატა და ამას ამერიკელი ხალხი დიდ ყურადღებას მიაქცევს. ოპონენტების განცხადებებს თეთრი სახლის სპიკერი ენდრიუ ბეიტსი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები, რომლებიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, „ცდილობენ, დაყონ და დაასუსტონ ქვეყანა ბოროტი, სიძულვილით სავსე და არაკეთილსინდისიერი რიტორიკით“ (...) როგორც ქრისტიანი, რომელიც აღდგომას ოჯახთან ერთად აღნიშნავს, პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს ხალხის გაერთიანებას და ყველა ამერიკელის ღირსებასა და თავისუფლებას“.

ამდენად, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე აშშ-ში უკვე მეოთხე წელია 31 მარტს აღინიშნება და წელს ის კათოლიკეების აღდგომის დღესასწაულს უბრალოდ დაემთხვა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.