ლევან ხაბეიშვილი: 303 ათასი ადამიანი 300 ევრომდე ხელფასზე მუშაობს, მათგან 11 ათასზე მეტი - 100 ლარამდე ხელფასზე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2024 წლის თებერვალში 100 ლარამდე ხელფასი 12,480 დასაქმებულს უფიქსირდებოდა, 900 ლარამდე ხელფასი (300 ევრო 875 ლარია) - 265 ათასს, 300 ევრომდე ხელზე ასაღები ხელფასი ანუ 1100 ლარამდე - 340 ათასს. მონაცემები თვიდან თვემდე იცვლება. ლევან ხაბეიშვილი ზუსტ დროს არ ასახელებს, მის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ერთი ერთში არც თებერვლის მონაცემებს ემთხვევა, არც იანვრის და არც 2023 წლის დეკემბრის, თუმცა ყველა მათგანთან ახლოსაა და მცირე უზუსტობა მტკიცების მართებულობაზე გავლენას ვერ ახდენს.
არც შემოსავლების სამსახური და არც საქსტატი საათობრივ შრომას არ აღრიცხავს. შესაბამისად, იმის განსაზღვრა, დასაქმებულს ხელფასი სრულ განაკვეთზე მუშაობის სანაცვლოდ (კვირაში 40 საათი, თვეში 173 საათი) ჩაერიცხა, ზეგანაკვეთური მუშაობისთვის, ნახევარ განაკვეთზე ყოფნისთვის თუ ერთჯერადი სამუშაოსთვის, შეუძლებელია. ტექნიკურად დასაქმებულად ითვლება ისიც, ვინც მთელი თვის განმავლობაში თუნდაც 1 დღით, ან რამდენიმე საათით დაქირავებით იმუშავა. მიზერული, შეიძლება ითქვას სიმბოლური ანაზღაურებაც უმეტეს შემთხვევაში დროებითი დასაქმებით უნდა აიხსნას.
ტექნიკურად სწორად დასახელებული რიცხვების, ტენდენციის სწორად გამოვლენის, მაგრამ გარკვეული დეტალების არ დაკონკრეტების გათვალისწინებით, რაც რეალობის არსებულზე მძიმედ წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან ხაბეიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
ანალიზი: 22 მარტს „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემა „პოლიტიკურ ამბებში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ხელფასებზე საუბრისას განაცხადა (12:35-დან): „100 ლარამდე ხელფასზე მუშაობს 11 748 ადამიანი,200 ლარამდე ხელფასზე მუშაობს 20 915 ადამიანი, 500 ლარამდე ხელფასზე მუშაობს 29 272 ადამიანი. ჯამში საუბარია 303 000 ადამიანზე, რომლებიც ყოველთვიურად მუშაობენ 35-დან 300 ევრომდე.“
ხელფასების შესახებ ინფორმაციას საქსტატი და შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქსტატი შრომის ანაზღაურებას ჩაშლილად საქმიანობის სახეების, რეგიონისა და სქესის მიხედვით აქვეყნებს, შემოსავლების სამსახურის გვერდზე კი იმ ინფორმაციის მოძიებაც შეიძლება თუ რამდენმა ადამიანმა რა ოდენობის ხელფასი აიღო რომელიმე კონკრეტულ თვეს. მონაცემები თვიდან თვემდე იცვლება: 2024 წლის თებერვალში 100 ლარამდე ხელფასი12,480 პირს გააჩნდა, იანვარში 26,167-ს, 2023 წლის დეკემბერში 8,345-ს.
ლევან ხაბეიშვილი დროს არ ასახელებს და არც იმას აკონკრეტებს, დასაბეგრ ხელფასს გულისხმობს თუ ხელზე ასაღებს. 300 ევრო 875 ლარია. შემოსავლების სამსახური დასაბეგრ ხელფასს აღრიცხავს. თავის მხრივ, ხელზე ასაღები 875 ლარი დასაბეგრი 1120 ლარია.
იმის მიხედვით, თუ რა პერიოდს ავიღებთ საზომად, 2023 წლის დეკემბერს, 2024 წლის იანვარსა თუ 2024 წლის თებერვალს, 300 ევრომდე დასაბეგრი ხელფასი 214-319 ათას ადამიანს ჰქონდა, ხელზე ასაღები 300 ევრომდე - 270-385 ათასს.
ლევან ხაბეიშვილის სათქმელის მთავარ მიზანს იმის მტკიცება წარმოადგენდა, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი ძალიან მცირე ან სულაც მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობდა. მის მიერ დასახლებული რიცხვები შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ მონაცემებს დაახლოებით ემთხვევა და მცირე უზუსტობა მტკიცების მართებულობაზე გავლენას ვერ ახდენს.
ზოგადად, განვითარებად ქვეყნებში ხელფასებიც დაბალია, თუმცა ამის ფონზეც კი ერთი შეხედვით პარადოქსულად გამოიყურება ის ფაქტი, რომ ადამიანი თუნდაც მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო 100 ლარამდე (ხელზე ასაღებ 80 ლარამდე) ხელფასს თანხმდება.
ასეთი მცირე და შეიძლება ითქვას სიმბოლური ხელფასი შეიძლება ორი მთავარი მიზეზით აიხსნას: 1) დასაქმებულთა ნაწილი სტაჟიორია და მათ კომპანია მხოლოდ ტელეფონზე სალაპარაკო დროს ან მგზავრობის საფასურს უნაზღაურებს, 2) დასაქმებული არ მუშაობს სრულ განაკვეთზე. თუ ორგანიზაციამ პირობითად იანვარში რამდენიმე საათით ონკანის ან კარის საკეტის შეცვლისთვის არასაშტატო თანამშრომელი დაიქირავა და 60 ლარი ჩაურიცხა, სტატისტიკაში გამოჩნდება, რომ მან იანვარში ხელფასის სახით 60 ლარი მიიღო.
საათობრივი ხელფასი შრომის რეალური ანაზღაურების შესახებ უფრო სრულყოფილ წარმოდგენას ქმნის, თუმცა მის შესახებ ინფორმაციას არც საქსტატი გასცემს და არც შემოსავლების სამსახური.
თებერვალში ხელფასის სახით შემოსავალი სულ 957 ათასმა ადამიანმა მიიღო, მათგან მესამედზე მეტის - 340 ათასის ანაზღაურება 1200-დან 2400 ლარის ფარგლებში (ხელზე ასაღები 940-1880 ლარი) მერყეობდა. 1000 ლარამდე ხელფასი 300 ათასს და 9600 ლარზე მეტი ხელფასი 21 626 ადამიანს უფიქსირდება. დასაქმებულთა 88%-ის ხელფასი 3600 ლარამდე ანუ ხელზე ასაღებ 2820 ლარამდეა.
გრაფიკი 1: დასაბეგრი ხელფასი და მიმღებთა რაოდენობა
წყარო: შემოსავლების სამსახური
საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში (წლიური მარტის მდგომარეობით გამოქვეყნებული არაა) საშუალო ხელფასი 2045 ლარს ანუ ხელზე ასაღებ 1600 ლარს შეადგენდა.
სტატისტიკის სამსახური მედიანურ ხელფასს მოგვიანებით, ოქტომბერში გამოაქვეყნებს. 2022 წელს, როდესაც საშუალო ხელფასი 1543 ლარს უტოლდებოდა, მედიანური ხელფასი (ხელფასი, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს) მასზე 32.6%-ით ნაკლები - 1040 ლარი იყო, ეს კი ხელზე ასაღები 815 ლარია. იმავე პროპორციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში მედიანური დასაბეგრი ხელფასი 1380 ლარი, ხელზე ასაღები 1080 ლარი იქნება.
ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით, საქსტატი ხელფასებს 19 კატეგორიად ყოფს. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, 19-დან 10 კატეგორიაში ხელფასი საშუალოზე დაბალს შეადგენდა. 2022 წელსაც 19-დან 11 კატეგორიაში ხელფასი საშუალოზე დაბალი იყო. განათლების, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა თუ დამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით, დასაქმებულების შრომის ანაზღაურება საშუალოზე დაბალს შეადგენდა.
საქართველოში საშუალო ხელფასი მართლაც დაბალია, დასაქმებულთა დიდი ნაწილის შრომის ანაზღაურება საშუალოზე უფრო დაბალია და შესაბამისად, მედიანური ხელფასიც საშუალოზე ნაკლებია. დასაქმებულთა 40%-ის ხელზე ასაღები ხელფასი 1000 ლარზე ნაკლებია.
მთელი თვისგან განსხვავებით, ქვეყანაში საათობრივი შრომა არ აღირიცხება. შესაბამისად, უცნობია საათობრივი ანაზღაურებაც და ისიც, კონკრეტული ხელფასი დასაქმებულს თვეში 173 საათის (კვირაში 40 საათი) სანაცვლოდ აქვს, ზეგანაკვეთურის საფასურად, ნახევარი განაკვეთისთვის თუ ერთჯერადად შესრულებული სამუშაოსთვის.
ტექნიკურად სწორად დასახელებული რიცხვების, ტენდენციის სწორად გამოვლენის, მაგრამ გარკვეული დეტალების არ დაკონკრეტების გათვალისწინებით, რაც რეალობის არსებულზე მძიმედ წარმოჩენის შესაძლებლობას აჩენს, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან ხაბეიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.