„ნაციონალური მოძრაობის“ დროს საშუალო წლიური ინფლაცია 8.4%-ს შეადგენდა, „ქართული ოცნების“ დროს - 6%-ს

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საშუალო წლიური ინფლაცია 8.4%-ს შეადგენდა, „ქართული ოცნების“ დროს - 6%-ს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის სიმართლე.

2004-2012 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამში 76%-ით გაიზარდა, 2013-2023 წლებში - 64%-ით. თუ დეკემბრის ინფლაციას წინა წლის დეკემბერს შევადარებთ, მაშინ შესაბამისად 68%-იან და 66%-იან კუმულატიურ ინფლაციას მივიღებთ.

მამუკა მდინარაძე ჯამურ ინფლაციას წელთა რაოდენობაზე ყოფს, ასეთი მეთოდით საშუალო წლიური ინფლაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას 8.4%-ს შეადგენდა, „ქართული ოცნების“ დროს - 5.8%-ს. დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან დათვლით კი, შესაბამისად, 7.5%-სა და 6%-ს.

მამუკა მდინარაძის განცხადების მიხედვით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საშუალო წლიური ინფლაცია 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. რეალურად, საშუალო წლიურის შემთხვევაში სხვაობა 2.6 პროცენტული პუნქტია, დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან შემთხვევაში - 1.5 პროცენტული პუნქტი. ზუსტად რომელს გულისხმობდა დეპუტატი, რთული სათქმელია, რადგან ჯამური ინფლაციის მონაცემების მოყვანისას, ერთ შემთხვევაში საშუალო წლიურის რიცხვს ასახელებს - 76%-ს და მეორე შემთხვევაში დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან შედარებით პერიოდს - 66%-ს.

ჯამური ინფლაცია რთული პროცენტით იანგარიშება და ამის გათვალისწინებით დათვლილი საშუალო წლიური ინფლაცია საშუალო არითმეტიკულს არ ემთხვევა. 2004-2012 წლებში სამომხმარებლო ფასები თითოეული წლის შემთხვევაში 8.4%-ით რომ გაზრდილიყო, ჯამური ინფლაცია 107% იქნებოდა და არა 76%. ანალოგიურად, 2013-2023 წლებში ჯამური ინფლაცია 64%-ის ნაცვლად 85%-ს მიაღწევდა. თუმცა საშუალო წლიური ინფლაცია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 6.5%-დან 4.6%-მდე შემცირდა, დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან პერიოდით - 6%-დან 4.8%-მდე, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ინფლაცია უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში.

დეპუტატის განცხადებაში მთავარი მტკიცება, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ინფლაციის საშუალო ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, სიმართლეს შეესაბამება. რაც შეეხება დასახელებულ რიცხვებს, ამ შემთხვევაში მცირე უზუსტობა შეინიშნება, თუმცა შეცდომა უმნიშვნელოა. აღნიშნული გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

ანალიზი: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ინფლაციასთან დაკავშირებით განაცხადა: „ბატონ გოგიტა თოდრაძეს [საქსტატის ხელმძღვანელს] ველაპარაკე რამდენიმე წუთის წინ და ვთხოვე რომ 2012 წლიდან მოყოლებული ინფლაციის მაჩვენებელი მოეწერა და 2003-2012 წლების. [2013-2023 წლებში ინფლაცია იყო] 66.5% გთხოვთ გაყოთ [მიმართავ ჟურნალისტებს] 11 წელზე ... ანუ, გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი იყო და არის 6%, გთხოვთ ეხლა გაყოთ ნაცების დროინდელი 75.8 ცხრაზე ... 8.4 ანუ გამოვიდა აი ამ მონაცემების მიხედვით, რომ ნაცებს 8.4% ჰქონდათ [საშუალო წლიური ინფლაცია] და ჩვენ გვაქვს 6%, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ გადავიარეთ ორი კრიზისი, როცა რეგიონში არის ორი ომი და კოვიდ-პანდემია გვქონდა 3 წლის განმავლობაში“.

ინფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდა პრაქტიკულად ყველა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა გააჩნია მასშტაბს. სეზონურობის ეფექტის გამოსარიცხად, უფრო მნიშვნელოვანია, მთელი წლის საშუალო ფასების წინა წლის საშუალოსთან ან ერთი კონკრეტული თვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარება. როგორც წესი, მსგავსი შედარება დეკემბრის თვეზე დაყრდნობით კეთდება ხოლმე.

მამუკა მდინარაძე სხვადასხვა ხელისუფლების დროს არსებულ ჯამურ ინფლაციას წლების რაოდენობაზე ყოფს. დეპუტატმა ახსენა ტერმინი „ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი,“ რაც 12 თვის საშუალოს გულისხმობს, თუმცა რადგან ჯამური ინფლაციის მონაცემების მოყვანისას, დეპუტატმა ერთ შემთხვევაში საშუალო წლიურის რიცხვი - 76% დაასახელა და მეორე შემთხვევაში დეკემბრის წინა წლის დეკემბერთან შედარებით მიღებული მონაცემი - 66%, „ფაქტ-მეტრმა“ როგორც საშუალო წლიური, ასევე დეკემბრის წინა წლის დეკემბერთან შედარებით მიღებული მაჩვენებელი გადაამოწმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ინფლაციის განაკვეთი წლიდან წლამდე იცვლებოდა, პერიოდულად გვხდებოდა როგორც დეფლაცია, ასევე სამომხმარებლო ფასების ორნიშნა პროცენტული ზრდის შემთხვევებიც.

გრაფიკი 1: წლიური ინფლაცია

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2004-2012 წლებში ჯამურმა საშუალო წლიურმა ინფლაციამ მართლაც 75.8% შეადგინა, თუ ამ რიცხვს ცხრაზე გავყოფთ 8.4%-ს მივიღებთ, ასე თქვა მამუკა მდინარაძემაც. რაც შეეხება 2012-2023 წლებს, ამ პერიოდში ჯამურმა ინფლაციამ 64.3% შეადგინა ამ მონაცემის 11-ზე გაყოფით 5.8%-ს მივიღებთ.

დეკემბრის წინა წლის დეკემბერთან მონაცემების გაანალიზებით, 2004-2012 წლებში ჯამური ინფლაცია 67.6%-ს უდრიდა, წლიურად საშუალოდ - 7.6%-ს, 2012-2023 წლებში კი შესაბამისად - 66.5%-სა და 6%-ს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისათვის დასახელებული 75.8%-იანი ინფლაცია ჯამურ (რთული დარიცხვით) საშუალო წლიურ ინფლაციას შეესაბამება და „ქართული ოცნების“ პერიოდისთვის დასახელებული 66.5%-იანი ინფლაცია რეალურ მაჩვენებელს ოდნავ აღემატება. შესაბამისი მონაცემების შედარების დროსაც საშუალო ინფლაცია „საშუალო წლიური ინფლაციის“ განხილვის შემთხვევაში 8.4% და 5.8%-ია, მეორე შემთხვევაში (დეკემბერი დეკემბერთან) - 7.5% და 6%. ორივე შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში უფრო მაღალი ინფლაცია ფიქსირდება. დეპუტატი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ სხვაობა წინა ხელისუფლებასთან შედარებით 2.4 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. რეალურად, ის ერთ შემთხვევაში - 2.6 პროცენტული პუნქტია, მეორე შემთხვევაში - 1.5 პროცენტული პუნქტი.

ცხრილი 1: სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია)

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დეპუტატის მტკიცება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ინფლაცია უფრო მაღალი იყო, საერთო ჯამში სიმართლეს შეესაბამება, თუმცა დაანგარიშებისას შეიძლება კიდევ ერთ დეტალს მიექცეს ყურადღება. 2004-2012 წლებში თითოეულ წელს ინფლაცია 8.4% რომ ყოფილიყო, ჯამურად სამომხმარებლო ფასები 76%-ით კი არა 107%-ით იქნებოდა გაზრდილი, 2013-2023 წლებშიც თითოეულ წელს 5.8% რომ ყოფილიყო ინფლაცია, ჯამურად სამომხმარებლო ფასების არა 64%-იან, არამედ 86%-იან მატებას მივიღებდით. სხვაობას რთული პროცენტი განაპირობებს. პირობითად, თუ რაიმე ნივთი ერთ წელს 100 ლარი ღირდა და ჯერ 10%-ით გაძვირდა, მეორე წელსაც 10%-ით, მისი საბოლოო ღირებულება 121 ლარი იქნება (100*1.10*1.10) და არა 120 (100+10+10).

საშუალო არითმეტიკულის გამოყენების შემთხვევაში, 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 6.5% გამოდის (ყოველწლიურად ინფლაცია რომ 6.5% ყოფილიყო, სამომხმარებლო ფასები ჯამურად 76%-ით გაიზრდებოდა). 2013-2023 წლებში - 4.6%. დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან შედარებით შესაბამისად - 6% და 4.8%. ასეთი დათვლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს 1.9 და 1.2 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი ინფლაცია ფიქსირდება.

გრაფიკი 2: საშუალო (არითმეტიკული) წლიური ინფლაცია

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მამუკა მდინარაძემ ისიც აღნიშნა, რომ მათ ინფლაციის ტემპის შემცირება ომისა და კოვიდპანდემიის ფონზე მაინც მოახერხეს. ინფლაციამ პიკს ნამდვილად 2021-2022 წლებში მიაღწია, კრიზისი 2008-2009 წლებშიც ფიქსირდება, თუმცა ის თვისობრივად განსხვავდებოდა და ფასების დონეზე საწინააღმდეგოდ (შემცირების მიმართულებით) მოქმედებდა. შესაბამისად, 2009 წელს ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე დაბალი (1.7%) იყო.

დეპუტატის განცხადებაში მთავარი მტკიცება, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ინფლაციის საშუალო ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, სიმართლეს შეესაბამება. საშუალო ინფლაციის გაანგარიშების სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით, სხვადასხვა რიცხვები მიიღება, თუმცა ტენდენცია ერთია - 2004-2012 წლებში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2013-2023 წლებში. რაც შეეხება დასახელებულ რიცხვებს, ამ შემთხვევაში არაარსებითი უზუსტობა შეინიშნება. ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.