სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლების მიერ უკრაინელი ჯარისკაცის ფოტო ვრცელდება (ბმული 1, 2), რომელიც მათი მტკიცებით, ნაცისტური მისალმების ჟესტს აკეთებს. სინამდვილეში, ფოტოსესიაზე დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ აღბეჭდილი კადრი ასახავს მომენტს, როცა ტრადიციული სამხედრო მისალმებისას, წაბორძიკებული ჯარისკაცი წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა. მტკიცება თავად ჯარისკაცმაც უარყო.

გავრცელებულ ფოტოებზე უკრაინელი ჯარისკაცი, რომან ციმბალიუკია გამოსახული, რომელიც ომამდე მანქანების შემკეთებლად მუშაობდა. ჯარისკაცის, რომელმაც რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად ბრძოლაში სამი კიდური დაკარგა, შესახებ ინფორმაციას „პროთეზების ფონდი“ („Protez Foundation“) აქვეყნებს.

ორგანიზაციის საქმიანობა ომის მსხვერპლთა დასახმარებლად ხალხის გაერთიანებას და რეაბილიტაციამდე იმ უკრაინელების დახმარებას უზრუნველყოფს, რომლებმაც ომში კიდურები დაკარგეს და პროთეზირებას საჭიროებენ. ციმბალიუკი არის უახლესი ჯგუფის წევრი, რომელიც შეერთებულ შტატებში სამედიცინო დახმარების მისაღებად იმყოფებოდა.

ორგანიზაციის Instagram-გვერდზე ვხვდებით რომან ციმბალიუკის ვიდეობსაც (ბმული 1, 2, 3, 4). რომან ციმბალიუკის გავრცელებული ფოტოებიც სწორედ ორგანიზაციის ერთ-ერთი სარეკლამო ფოტოსესიისას გადაიღეს.

ინტერნეტსივრცეში ფოტოს ვირუსულ გავრცელებას (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10) ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია AP Fact Check-იც გამოეხმაურა. AP-სთან ფოტოსესიაზე დამსწრეებმა განაცხადეს, რომ გავრცელებული კადრი ასახავს მომენტს, როცა რომან ციმბალიუკი ახალი პროთეზებით ფოტოების გადაღებისას, ტრადიციულ სამხედრო მისალმებას ცდილობდა, შებორძიკდა და წონასწორობის შენარჩუნება სცადა. Associated Press გადაღებიდან სხვა ფოტოებსაც ავრცელებს.

Protez Foundation-ის აღმასრულებელი პროგრამების დირექტორმა, ანდრეი მადანმა, AP-ს ასევე დაუდასტურა, რომ ციმბალიუკის გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილია მომენტი, როდესაც იგი ტრადიციული სამხედრო მისალმებისას, წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა, რადგან ჯერ კიდევ თავის ახალ პროთეზებთან შეჩვევის პროცესშია. მადანის თანახმად, ციმბალიუკმა ფოტო თავის Instagram და TikTok ანგარიშებზე გამოაქვეყნა, ვიდრე გააცნობიერებდა, თუ როგორ აღიქვამდნენ მას. ხოლო გაანალიზების შემდეგ, ორ-სამ დღეში წაშალა. ანდრეი მადანმა ასევე დასძინა, რომ ციმბალიუკი „რა თქმა უნდა“ არ არის ნაცისტი ან ფაშისტი და ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ბრალდებებს „სასაცილო“ უწოდა.

გავრცელებულ ინფორმაციას ასევე თურქული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Malumatfuruş გამოეხმაურა, რომელმაც ციმბალიუკის ვიდეო წარმოადგინა. განმარტებითი ხასიათის ვიდეოში ჯარისკაცი აცხადებს, რომ ხელი მხოლოდ წონასწორობის შესანარჩუნებლად ასწია, თუმცა რუსულმა პროპაგანდამ ფაშიზმში დაადანაშაულა. „მე ფაშიზმის მხარდამჭერი არ ვარ. არ მიბრძოლია აზოვში [ეხმიანება სხვა გავრცელებულ დეზინფორმაციას მისი აზოვის ბრიგადაში ბრძოლის შესახებ]. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გამომიგზავნეთ პირადი შეტყობინება. დიდება უკრაინას!“, - განაცხადა ვიდეოს დასასრულს ციმბალიუკმა.

მტკიცება, რომ უკრაინა არის ნაცისტური, ფაშისტური სახელმწიფო, რომელიც მოქალაქეებს ეროვნული ნიშნით ავიწროებს, კრემლის ანტი-უკრაინული პროპაგანდის მთავარი ნარატივია. დეზინფორმაცია, რომ უკრაინა „ნაცისტური სახელმწიფოა“, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა. მისი მტკიცებით, „საკუთარ მიზნებზე ორიენტირებული ნატოს წამყვანი ქვეყნები მხარს უჭერენ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებს და ნეონაცისტებს უკრაინაში, ანუ მათ, ვინც არასოდეს აპატიებს ყირიმისა და სევასტოპოლის ხალხს რუსეთთან გაერთიანების თავისუფალ არჩევანს“.

თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებაში ამ საკითხზე მკაფიო კონსენსუსია - უკრაინას რუსული პროპაგანდის მიერ წოდებულ „ნაცისტური სახელმწიფოსთან“ საერთო არაფერი აქვს. აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია იხილეთ ბმულზე.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი