ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ 29 იანვარს სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა გაავრცელა ირაკლი კობახიძის 2017 წლის ჩანაწერი, რომელსაც დაურთო აღწერა: „მომავალი პრემიერი, რომელმაც არ იცის რას ნიშნავს ეროვნული ცნობიერება“. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ირაკლი კობახიძე ამბობს: „არც ეროვნული ცნობიერების შინაარსი არ მესმის და არც ცნობიერების ამ კუთხით. ეროვნული ცნობიერება საერთოდ ცოტა სახიფათო რაღაცაა კონსტიტუციაში“ (დაარქივებული ვიდეოს ბმული).
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ციტატა სრული კონტექსტის გარეშე სოციალურ ქსელში პერიოდულობით მუდმივად ვრცელდება (იხილეთ სხვადასხვა დროს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების ბმულები 1, 2)
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე გამოსვლისას მართლაც აღნიშნავს, რომ „ეროვნული ცნობიერების შინაარსი არ ესმის“, აღნიშნულ პოსტის აღწერა არ ითვალისწინებს ირაკლი კობახიძის მიერ ციტატის წარმოთქმის კონტექსტს. ვიდეომონაკვეთი სრული სახით წარმოდგენილი არაა და იმგვარადაა მოჭრილი, რომ შესაძლოა, მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.
კერძოდ, 2017 წლის 23 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია კონსტიტუციის პროექტის მე-5 მუხლში ეროვნული ფასეულობებისა და ცნობიერების ჩამატების იდეით გამოვიდა (დაარქივებული ბმული). „ამ თავში ეროვნული ფასეულობები და ცნობიერება რომ ჩავამატოთ, რადგან ცნობიერება განათლებიდან უნდა მოვიდეს და შესაბამისი იყოს. კულტურა ძალიან ვრცელია და კულტურაში შედის, რომ აქ ვსხედვართ. იქნებ, დავაკონკრეტოთ და კულტურის შემდეგ, ხელოვნება და ლიტერატურა ცალკე გამოიყოს. ამ თავში ცნობიერება და ეროვნული ფასეულობები ჩაემატოს“, - აღნიშნა მან.
ნუკრი ქანთარიას ინიციატივის საპასუხოდ კი ირაკლი კობახიძემ, რომელიც იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, თქვა: „ფერწერამ და თეატრმა რა დააშავა? ბატონო ნუკრი, კონსტიტუცია ბელეტრისტიკა არ არის. არც ეროვნული ცნობიერების შინაარსი არ მესმის და არც ცნობიერების ამ კუთხით. ეროვნული ცნობიერება საერთოდ სახიფათო რამეა კონსტიტუციაში. ცნობიერების განვითარებაზე ზრუნავს - რას ნიშნავს, არ ვიცი. განათლება გასაგებია. ცნობიერების განვითარება ადამიანების იდეოლოგიზაციას ნიშნავს“.
შესაბამისად, ვიდეოში ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ეროვნული ცნობიერების და ზოგადად ცნობიერების შინაარსი არ ესმის, კონსტიტუციის პროექტის მე-5 მუხლში ეროვნული ფასეულობების და ცნობიერების დამატების შეთავაზების კონტექსტში გაცემულ პასუხს წარმოადგენს და კონკრეტულად კონსტიტუციას მიემართება.
ამდენად, გავრცელებულ ვიდეოში ირაკლი კობახიძე ეროვნული ცნობიერებაზე სამართლებრივ განზომილებაში საუბრობს, რომელიც შესაძლოა, ამ საკითხისადმი მის პერსონალურ დამოკიდებულებას არ გამოხატავდეს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.