სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში კლიმატის ცვლილებასა და ევროპაში ფერმერების პროტესტთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს. პოსტის აღწერაში ანგარიში წერს: „ამ სატანისტებს ხალხი ისევ ბნელი და გაუთვითცნობიერებელი ჰგონიათ, ნახშირბადის კვალის შემცირება ნიშნავს სიკვდილს და ვინც ამას გვისურვებს, არ მოგაკლდეთ საკუთარ ქვეყანაში!“. რეალურად, მართალია CO2 სათბურის ეფექტის შექმნაში მონაწილეობს, თუმცა მისი დონე საგრძნობლად იზრდება, რაც კლიმატის ცვლილებას იწვევს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ აუცილებელია CO2-ის დაბალანსებულ, ნულოვან დონეზე დაყვანა, როდესაც დედამიწა მის შთანთქმასა და თვითრეგულაციას დამოუკიდებლად შეძლებს.

ზოგადად, „სათბური აირები“, როგორიცაა ნახშირორჟანგი CO2, ისევე როგორც მეთანი (CH4) და აზოტის ოქსიდი (N2O), სათბური აირებია და ისინი დედამიწაზე სათბურის ეფექტის შექმნაში მონაწილეობენ. სათბური აირები სითბოს აკავებენ და დედამიწას თბილ ტემპერატურას უნარჩუნებენ. ბუნებრივი სათბური ეფექტის გარეშე, დედამიწის მიერ გამოსხივებული სითბო ზედაპირიდან კოსმოსში გადაინაცვლებდა და დედამიწის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -20°C გახდებოდა.

თუმცა იმის გამო, რომ დღეისათვის ადამიანები ნავთობსა და ქვანახშირს წვავენ, ატმოსფეროში მეტი სათბური აირი გამოიყოფა, სქელდება ე.წ. სათბური „საბანი“, დედამიწა კი კიდევ უფრო ცხელდება, რაც ყინულის დნობასა და უჩვეულო ამინდს იწვევს. თავის მხრივ, გლობალური დათბობა კი ისეთ მოვლენებს იწვევს, როგორებიცაა: გვალვები, წყლის დეფიციტი, ძლიერი ხანძარი, ზღვის დონის აწევა, წყალდიდობა, პოლარული ყინულის დნობა, ძლიერი ქარიშხალი და ბიომრავალფეროვნების შემცირება.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაჩვენებლები, ბოლო 800 ათასი წლის განმავლობაში, მაქსიმუმზეა, რასაც უახლესი სამეცნიერო კვლევებიც ადასტურებს.

წყარო: https://keelingcurve.ucsd.edu/

2020 წელს გაეროს ბაზაზე Net Zero Coalition-ის ინიციატივა შეიქმნა, რომელიც მიზნად 2030 წლამდე სათბური აირების ემისიების 45%-ით შემცირებას ისახავს, 2050 წლისთვის კი - ნულოვან დონემდე დასვლას. აღსანიშნავია, რომ დედამიწას ბუნებრივად აქვს როგორც სათბური აირების გამოყოფის, ისე მათი ზღვების ან ტყეების მეშვეობით შთანთქმის უნარი. ზემოთ ხსენებული ინიციატივის მიზანი კი სათბური აირების სწორედ იმ, დაბალანსებულ, ნულოვან დონეზე დაყვანაა, როდესაც დედამიწა მათ შთანთქმასა და თვითრეგულაციას დამოუკიდებლად შეძლებს.

ამდენად, საერთაშორისო დონეზე საუბარია CO2-ის იმ რაოდენობამდე შემცირებაზე, როცა ის გლობალურ დათბობას და უამრავ სტიქიურ უბედურებას ხელს ვეღარ შეუწყობს.

რაც შეეხება ფერმერების პროტესტს, რაზეც Facebook-ანგარიში პოსტის მეორე ნაწილში წერს, Facebook-ანგარიშის მტკიცებით, ევროპაში ფერმერები აპროტესტებენ „სწორედაც, რომ ევროკავშირის მწვანე პოლიტიკას, რომელმაც უკიდურესად გაგვაღარიბა და ჩვენი ეკონომიკა სრულიად გააჩანაგაო!“. რეალურად, „მწვანე შეთანხმება“ და ზოგადად, გარემოსდაცვითი თემები, ევროპის მასშტაბით, ფერმერების პროტესტის მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზს წარმოადგენს. ფერმერების პროტესტის მიზეზი და მიზნები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია და სხვადასხვა საკითხს ეხება.

ევროპაში უკვე რამდენიმე თვეა მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. ფერმერები მიმართავენ პროტესტის ისეთ ფორმებს, როგორიცაა ქუჩებში მოძრაობის შეფერხება ტრაქტორების გამოყენებით, პორტების გადაკეტვა, სამთავრობო შენობებისთვის კვერცხების სროლა და სხვ. აქციები რამდენიმე კვირაა ისეთ ქვეყნებში იმართება, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერების პროტესტის მიზეზი და მიზნები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, არსებობს რამდენიმე ძირითადი საერთო თავისებურებაც:

იმპორტი

ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპაში პროტესტის მიზეზად ფერმერები „უსამართლო კონკურენციას“ ასახელებენ, რაც უკრაინიდან დიდი რაოდენობით იმპორტირებულ საქონელს უკავშირდება. უკრაინულ საქონელთან დაკავშირებით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა კვოტებსა და გადასახადებზე უარი თქვა. მაგალითად, პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვარზე მოძრაობას ბლოკავენ, მათ ჩაკეტეს სამი ხიდი უკრაინის და ერთი ჩეხეთის მიმართულებით. კიევის თქმით, პროტესტი მის თავდაცვის შესაძლებლობებზე ახდენს გავლენას და რუსეთის მიზნებს ეხმარება. შედეგად, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მივიდნენ, რათა ფერმერების პროტესტი ადგილზე შეაფასონ, რაც უკრაინიდან იაფ იმპორტს უკავშირდება. აღნიშნულ საკითხზე უკრაინისა და პოლონეთის მთავრობების შეხვედრები 28 მარტსაა დაგეგმილი.

უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებულ საკითხებს ჩეხეთშიც აპროტესტებენ, სადაც ფერმერები აცხადებენ, რომ იმპორტირებული საქონელი ევროპულ ფასებზე გავლენას ახდენს და ევროკავშირის ფერმერებზე დაწესებულ გარემოსდაცვით სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

ბიუროკრატია

ფერმერები ევროპის მასშტაბით ასევე ევროკავშირის დონეზე გადაჭარბებულ ბიუროკრატიას აპროტესტებენ. პროტესტისას, მნიშვნელოვან თემას ევროკავშირის სუბსიდირების ახალი წესი წარმოადგენს, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 4%-ის დაუმუშავებლად დატოვების მოთხოვნაა. აღნიშნული ნაკვეთი ფერმერებმა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში არ უნდა დაამუშაონ, რათა ტერიტორიაზე ბუნების აღდგენის პროცესი დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში პროტესტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს ეს წესი წარმოადგენდა. მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ფერმერებს მიმდინარე წლის განმავლობაში საშუალება ექნებათ, მიწის ნაკვეთებზე, რომელიც უნდა გაეთავისუფლებინათ, სხვადასხვა მარცვლეული კულტურა მოიყვანონ, ოღონდ პესტიციდების გარეშე.

საბერძნეთში ფერმერები უფრო მაღალ სუბსიდიებს და მოსავლის დაზიანებისა და 2023 წელს წყალდიდობის შედეგად დაკარგული პირუტყვისთვის სწრაფ კომპენსაციას ითხოვენ.

დიზელის საწვავის ხარჯების ზრდა

გერმანიასა და საფრანგეთში, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმსხვილეს მწარმოებლებში, ფერმერები დიზელზე სუბსიდიების ან საგადასახადო შეღავათების შეწყვეტის გეგმებს აპროტესტებენ. მაგალითად, გერმანიაში ფერმერები აცხადებენ, რომ მათი მძიმე ტექნიკა მხოლოდ დიზელზე მუშაობს, შესაბამისად, ახალი დადგენილებით, ცხოვრების ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება. ბერძენი ფერმერები დიზელზე გადასახადის შემცირებას ითხოვენ. რუმინეთში იანვრის შუა რიცხვებში საპროტესტო აქციები ძირითადად დიზელის მაღალი ღირებულების წინააღმდეგ დაიწყო.

შემოსავალი

ევროსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ფერმერების მიერ მიღებულმა შემოსავალმა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე პიკს 2022 წელს მიაღწია, მაგრამ მას შემდეგ კლება დაიწყო და 2022 წლის მესამე კვარტალსა და 2023 წლის იმავე პერიოდს შორის საშუალოდ თითქმის 9%-ით დაეცა.

გარემოსდაცვითი საკითხები

პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ევროკავშირის მიერ გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებაა. ძირითადი აქცენტი კი ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებაზე“ კეთდება, რაც ევროკომისიამ 2020 წელს მიიღო. აღნიშნულით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ვალდებულებას იღებს, რომ 2050 წლისთვის ევროკავშირი პირველ კლიმატნეიტრალურ კონტინენტად გადააქციოს. მათ პირობა დადეს, რომ 2030 წლისთვის ემისიები 1990 წელთან შედარებით მინიმუმ 55%-ით შემცირდეს. ფერმერების ნაწილი აცხადებს, რომ მათ ზედმეტად ბევრს სთხოვენ. მათი თქმით, პესტიციდების რაოდენობის განახევრება, სასუქების გამოყენების შემცირება, ორგანული წარმოების გაორმაგება და ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის დაუმუშავებლად დატოვება, მათთვის წამგებიანი იქნება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.