დავით ხაჯიშვილი: „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ეკონომიკა წლიურად 4%-ით იზრდებოდა და რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, 2% იქნებოდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით ხაჯიშვილის განცხადება არის მცდარი.

2013-2023 წლებში საქართველოს ეკონომიკა ჯამურად 70%-ით გაიზარდა, რაც საშუალო წლიურად 5%-იან ზრდას ნიშნავს.

დეპუტატის განცხადებამდე 3 კვირით ადრე, საქსტატმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გადაიანგარიშა, შედეგად, უმეტეს შემთხვევაში, ზრდის ტემპი გაიზარდა, თუმცა გადაანგარიშებამდეც საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4.4%-ს შეადგენდა.

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 11%-ით და 2023 წელს 7.5%-ით გაიზარდა. ზუსტად იმის თქმა, რამდენი იქნებოდა ზრდის ტემპი რუსეთ-უკრაინის ომის გავლენების გარეშე, შეუძლებელია, თუმცა თუ მსოფლიო ბანკის პროგნოზს, ომამდე არსებულ 2013-2021 წლების საშუალოს ან პანდემიამდელ 2013-2019 წლების საშუალო ზრდის ტემპს ავიღებთ, ზრდის ტემპი 4%-5.5% უნდა ყოფილიყო, მთლიანი 2013-2023 წლების საშუალო კი 4%-4.2% და არა 2%. ორ წელიწადში, მთლიანი პერიოდის საშუალო წლიური ზრდის ტემპის გასანახევრებლად, ზედიზედ ორჯერ 7.3%-იანი ვარდნა უნდა დაფიქსირებულიყო. მსგავსი სცენარი არ განვითარებულა.

ფაქტობრივად მცდარი მონაცემის დასახელებისა და დაშვებაში გაკეთებული აშკარა უზუსტობის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ დავით ხაჯიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.

ანალიზი: 5 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა (1:26:05-დან): „ამ 12 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ მხოლოდ 4%-ით იზრდებოდა და ეს არის, მინდა გითხრათ, კატასტროფა. რომ არა ომის ეფექტი, რომელიც სამწუხაროდ უკრაინაში არის. ეს ნიშნული ორჯერ ნაკლები იქნებოდა მიახლოებით ანუ 2% იქნებოდა“.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, 11 წელიწადში (მეთორმეტე წელი ახლაა 2024 წელს) 2013-2023 წლებში, საქართველოს ეკონომიკა 70%-ით გაიზარდა. თუ მთელ პერიოდს გავასაშუალოებთ, წლიურად თითქმის 5%-იან (4.95%-იან) ზრდას მივიღებთ.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ერთ პროცენტულ პუნქტიანი სხვაობა დროის გრძელვადიან მონაკვეთში მნიშვნელოვან სხვაობას აჩვენებს. ეკონომიკა მართლა წლიურად 4%-ით რომ გაზრდილიყო, ჯამური ზრდა 70%-ის ნაცვლად 54% იქნებოდა. 2015 წლის მუდმივ ფასებში დათვლილი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5820-ის მაგივრად, 5270 დოლარი.

მიმდინარე წლის 12 თებერვალს, საქსტატმა მშპ-ის გადაანგარიშების მაჩვენებლები გამოაქვეყნა, თუმცა ძველი მეთოდოლოგიითაც, საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4.4% იქნებოდა და არა 4%. გარდა იმისა, რომ განახლებული ინფორმაციიდან დეპუტატის განცხადებამდე სამ კვირაზე მეტი გავიდა, მის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემი სიმართლეს არც გადაანგარიშებამდელი მაჩვენებლით შეესაბამება. 4.4%-იანი ზრდითაც, 2013-2023 წლებში, ეკონომიკა 60%-ით გაიზრდებოდა და არა 54%-ით.

დავით ხაჯიშვილმა მეორე დაშვებაც გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გარეშე, საშუალო წლიური ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაბალი, 2% იქნებოდა. ცხადია, ზუსტი პასუხი, რა იქნებოდა ზრდის ტემპი რომ არა ომი, არ არსებობს. თუმცა წარსული გამოცდილებისა და ომამდელი პროგნოზების გათვალისწინებით, გარკვეული მოდელების შექმნა მაინც შესაძლებელია.

ომამდე, 2013-2021 წლებში, საქართველოს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა. ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში, საშუალო 4%-იანი ზრდა არსებულზე 1.25-ჯერ ნაკლები იქნებოდა და არა ორჯერ.

პანდემიამდე, 2013-2019 წლებში, საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4.2%-ს შეადგენდა, უშუალოდ 2019 წელს - 5.4%-ს. 2022 და 2023 წლებშიც რომ 5.4% ყოფილიყო ზრდა, მაშინ 2013-2023 წლების საშუალო ზრდის ტემპი 4.2% იქნებოდა, არსებულზე 1.2-ჯერ ნაკლები. 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოში 5%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, 2023 წელს - 5.5%-იანი.

2013-2021 წლებში საშუალო წლიური 4%-იანი ზრდის ტემპის 2013-2023 წლებში საშუალო წლიურ 2%-მდე შესამცირებლად, როგორც 2022, ასევე 2023 წელს ეკონომიკის ზედიზედ 7.3%-ინი ვარდნა იყო საჭირო. მსგავსი სცენარი არ განვითარებულა. შედარებისთვის, 2009 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა, 2020 წელს - 6.3%-ით. იმის თქმის საფუძველი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გარეშე, ვარდნა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, თანაც ზედიზედ ორჯერ, არ არსებობს.

დავით ხაჯიშვილი ცდება, როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის დროინდელ საშუალო წლიურ ეკონომიკურ ზრდის ტემპს ასახელებს და მას ერთი პროცენტული პუნქტით ამცირებს და ცდება მაშინაც, როცა ომის გავლენას აანალიზებს. 2022 წელს მართალია, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა პროგნოზირებულს ორჯერ გადააჭარბა, რაც შეიძლება ომის გავლენით და რუსეთიდან საქართველოში ფულადი ნაკადების ზრდით აიხსნას, მაგრამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაშიც, საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.2% იქნებოდა და არა 2%.

ფაქტობრივად მცდარი მონაცემის დასახელებისა და დაშვებაში გაკეთებული აშკარა უზუსტობის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ დავით ხაჯიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი