სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მამაკაცები მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ატარებენ (1,2,3,4). პოსტების აღწერაში, Facebook-ანგარიშები ვიდეოს ევროპას და ზოგადად დასავლეთს უკავშირებენ: „ხვალ შევდივარ ევროპაში“; „მეტი ევროპა“; „დასავლური კულტურა თვითგანადგურების პიკშია“. რეალურად, ვიდეოში ჩანს მამაკაცების მარში “Walk a Mile in Her Shoes”, რომელიც 2001 წლიდან საერთაშორისო მასშტაბით იმართება და სექსუალური თუ გენდერული ნიშნით ძალადობის შესაჩერებელ მსვლელობას წარმოადგენს.

2001 წლიდან ყოველწლიურად მამაკაცები მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გადიან დაახლოებით 1.6 კმ მანძილს (1 მილი), საუბრობენ სექსუალური და ოჯახური ძალადობის ფორმების აღმოფხვრაზე და ამ თემების ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ცდილობენ. ამავდროულად, მსვლელობის ამ ფორმით მამაკაცები მზადყოფნას გამოხატავენ მხარი დაუჭირონ ქალებს და მათ მოკავშირეებად და დამცველებად იქცნენ. არსებობს ძველი გამონათქვამი: "სხვების გამოცდილების გაგება არ შეგიძლია, სანამ მათ ფეხსაცმელში არ გაივლი ერთ მილს" ("You can't understand another person's experience until you've walked a mile in their shoes“), სწორედ ამიტომ მარშისთვის ორგანიზატორები მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ირჩევენ.

აღსანიშნავია, რომ გაეროს 2023 წლის მონაცემების მიხედვით, გლობალურად, დაახლოებით 736 მილიონი ქალი - თითქმის ყოველი მესამე – ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ქალების მიმართ ძალადობა უმეტესად ხორციელდება ამჟამინდელი, ყოფილი ქმრების ან სექსუალური პარტნიორების მიერ. აღსანიშნავია, რომ 640 მილიონზე მეტი ქალი (15 წლის ზემოთ), დაახლოებით 26%, გამხდარა პარტნიორისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ამდენად, Facebook-ანგარიშების მიერ ვიდეო არასწორი კონტექსტით ვრცელდება და მომხმარებლებს არასწორ წარმოდგენას უქმნის.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.