გიგა ლემონჯავა: 2012 წლის მერე 800 000-ზე მეტი ემიგრანტი, საქართველოს მოქალაქე, არის გასული ქვეყნიდან
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის" დასკვნით, გიგა ლემონჯავას განცხადება არის მეტწილად მცდარი.
გიგა ლემონჯავა 2013-2022 წლებში ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელს აჯამებს და ამავე პერიოდში ქვეყანაში დაბრუნებულთა მაჩვენებელს უგულებელყოფს. ცხადია, ამგვარი მიდგომა მანიპულაციურია და რეალურ სურათს ამახინჯებს.
იმის გასარკვევად, თუ რამდენი მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში, ვინც 2012 წლის შემდეგ გავიდა ქვეყნიდან, მიგრაციული სალდო უნდა განვიხილოთ . რეალურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში [2013-2022 წლებში] საქართველო ჯამში 213,832-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.
ამრიგად, გიგა ლემონჯავას განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მეტწილად მცდარი.
ანალიზი
პარტია „დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „2012 წლის მერე 800 000-ზე მეტი ემიგრანტი, მოქალაქე საქართველოსი, არის გასული ქვეყნიდან, ივანიშვილის პოლიტიკის გამო. ივანიშვილი ამ მილიონამდე ადამიანს ეუბნება, ხო გაგაძევეთ ამ ქვეყნიდან და ამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაშიც [არჩევნებში] არ მიგაღებინებთ მონაწილეობას...“.
პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც საქართველო ბოლო 12 თვეში დატოვა და სხვა სახელმწიფოში სულ მცირე 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო, ანუ წინა 12 თვის მანძილზე, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო.
გიგა ლემონჯავა 2013-2022 წლებში საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების რაოდენობას [ანუ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელს] აჯამებს. ემიგრანტების ყოველწლიური მონაცემების დაჯამება არამართებულია, რადგან ყველა ის პირი, რომელიც რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა ემიგრაციაში და შემდგომ დაბრუნდა ქვეყანაში, ემიგრანტების რიცხვში ჩაითვლება. ამასთან, გრძელვადიანი პერიოდის დაჯამებისას, შესაძლოა, ერთი და იგივე პირი რამდენჯერმე აღირიცხოს ემიგრანტად (თუ მან რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა 6 თვეზე მეტი ხნით).
როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ, ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის. მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირება და ქვეყანაში დაბრუნებულთა უგულებელყოფა, მანიპულაციურია და რეალურ სურათს ამახინჯებს.
საქსტატის მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) დაფიქსირდა. თუმცა ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდში ჩაკეტილი საზღვრის პირობებში მოქალაქეები ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში, რაიმე პოზიტიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა რაოდენობა შემცირდა. 2021 წელს 40,825 მოქალაქით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა და უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ [საქართველოს მოქალაქეებში] -46.4 ათასი შეადგინა, რაც 2012-2022 წლებში, ანუ მას შემდეგ რაც მოქალაქეობის მიხედვით სტატისტიკა იწარმოება, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
2013-2022 წლებში 718,930 მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და ამავე პერიოდში 505,098 მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში. ამრიგად, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში, საქართველო ჯამში 213,832-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.
გრაფიკი 1: 2013-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მოცემულ სტატიაში „ფაქტ-მეტრი“ არ მსჯელობს განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ემიგრანტების ბიძინა ივანიშვილის მიერ „გაძევებასა“ და მათთვის სარჩევნო უფლებაზე უარის თქმაზეა საუბარი. განცხადების ეს ნაწილი, რეალურად, პოლიტიკური მოსაზრებაა და „ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგიით გადამოწმებადი არ არის. ციტატაში მოცემული ნაწილი დატოვებულია იმიტომ, რომ განცხადების სწორედ ამ ნაწილით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველოს 800 ათასი მოქალაქე წავიდა ქვეყნიდან და ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება. რეალურად, 2012 წლის შემდეგ, ემიგრანტთა რაოდენობა 213.8 ათასით გაიზარდა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, გიგა ლემონჯავას განცხადება არის მეტწილად მცდარი.