სოციალურ ქსელში როგორც ქართულენოვანი (ბმული 1), ასევე რუსულენოვანი ანგარიშები (1; 2; 3) ფოტოანაბეჭდს ავრცელებენ, რომელიც თითქოს სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ განთავსებულ პოსტს აჩვენებს, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ ხელს მოაწერს დეკლარაციას, რომლითაც დასავლეთის ყველა ქვეყანას იქ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების დეპორტაციას მოსთხოვს.
სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და პოსტი უკრაინის პრეზიდენტს არ გამოუქვეყნებია.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოსტი X-ზე მართლაც გავრცელდა, თუმცა არა უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე, არამედ ზელენსკის პაროდიული ანგარიშის გვერდზე (რაც მითითებულია გვერდის აღწერაში) - Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленьский (joke). ამის დასტურია სახელის ბოლოს არსებული წარწერა Joke - ხუმრობა, რომელიც ზოგიერთ ფოტოანაბეჭდში მოჭრილია და არ ჩანს. თუმცა არსებობს სხვა მინიშნებებიც, რითაც მტკიცდება, რომ პოსტი ზელენსკის არ გამოუქვეყნებია. მაგალითად, აღნიშნულ ფოტოანაბეჭდზე არსებულ ანგარიშს ზელენსკის გვარი შეცდომით უწერია, სინამდვილეში, უკრაინულად როგორც „Зеленськи“ იწერება და არა „Зеленьский“.
ვოლოდიმირ ზელენსკის ნამდვილი გვერდი X-ზე განსხვავებულად გამოიყურება და იქ მსგავსი პოსტი არ დევს.
გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის გვარი შეცდომით წერია, ფოტოანაბეჭდზე არსებულ ანგარიშს ვერიფიკაციის ცისფერი ნიშანი აქვს, რომელიც გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, X-ის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს. ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ვერიფიკაციის ნაცრისფერი ნიშნითაა აღნიშნული. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ ანგარიში მთავრობას/სამთავრობო ორგანიზაციას, ან მთავრობის/სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელ პიროვნებას ეკუთვნის. დეტალური ინფორმაცია, თუ რომელი ნიშანი რას აღნიშნავს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ამგვარად, გავრცელებული ინფორმაცია, ისევე როგორც ზელენსკის პოსტი, ყალბია.
--------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.