აკაკი გვიანიძე: საკრებულოს რეგლამენტით, მოწესრიგებულია „ღია კარის სხდომა“... თქვენი წერილიც მაქვს მიღებული, რომ, როგორც კი საკრებულოს სხდომათა დარბაზის რემონტი დასრულდებოდა, ჩვენ ამ სხდომას ჩავატარებდით, მაგრამ ეს სხდომა კიდევ არ გამართულა.
ვერდიქტი: აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.
„ღია კარის სხდომა“ ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც ამომრჩეველს თვითმმართველი ორგანოს საქმიანობაში ჩართულობისა და საკუთარი აზრის, პრობლემის, ინიციატივის გაჟღერების შესაძლებლობას აძლევს. „ღია კარის სხდომის“ დანიშნულება, პერიოდულობა და მოწვევის წესი განმარტებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 103-ე მუხლში. ამ დადგენილების თანახმად, სხდომა სამ თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, აკაკი გვიანიძის მიერ საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძისთვის გაგზავნილი წერილი და მიღებული პასუხი ადასტურებს, რომ 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ამ ტიპის სხდომა არ ჩატარებულა. საკრებულოს თავმჯდომარე ამის მიზეზად სხდომათა დარბაზში მიმდინარე რემონტს ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ რემონტი 2022 წლის აგვისტოში დასრულდა, საკრებულოს თავმჯდომარეს „ღია კარის სხდომის“ ჩატარებაზე არც ერთი ბრძანება არ გამოუცია. საკრებულოს თავმჯდომარის 2019-2023 წლების ერთწლიანი ანგარიშებიდან ჩანს, რომ „ღია კარის სხდომა“ ბოლოს 2019 წელს გაიმართა. ამის შემდეგ სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს გვერდზე არ იძებნება. „ფაქტ-მეტრმა“ დეტალების დაზუსტება საკანონმდებლო ორგანოს პიარსამსახურის დახმარებით სცადა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ აკაკი გვიანიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ანალიზი:
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“, აკაკი გვიანიძემ საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარეს მიმართა: „საკრებულოს რეგლამენტით, მოწესრიგებულია „ღია კარის სხდომა“... თქვენი წერილიც მაქვს მიღებული, რომ, როგორც კი საკრებულოს სხდომათა დარბაზის რემონტი დასრულდებოდა, ჩვენ ამ სხდომას ჩავატარებდით, მაგრამ ეს სხდომა კიდევ არ გამართულა“.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის რამდენიმე მექანიზმი არსებობს. მათ შორისაა საკრებულოს „ღია კარის სხდომა“, რომელზეც მოქალაქეებს თავიანთი მოსაზრებებისა და ინიციატივების გაჟღერების შესაძლებლობა აქვთ. „ღია კარის სხდომა“ სამ თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი აღნიშნულ საკითხს მართლაც აწესრიგებს. კერძოდ, ამ დადგენილების 103-ე მუხლში წერია, რომ ამომრჩეველთა მოსმენა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც გამოიცემა მოსმენამდე შვიდი დღით ადრე მაინც და განთავსდება საკრებულოს ვებგვერდზე და საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე. ასევე შესაძლოა გამოქვეყნდეს ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებში. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს, სხდომის ჩატარებამდე ორი დღით ადრე მაინც. აპარატი არეგისტრირებს განცხადებებს და ადგენს გამომსვლელთა სიას. ყველა მონაწილეს გამოსვლისთვის ეძლევა არა უმეტეს 5 წუთი. საკრებულოს აპარატი „ღია კარის სხდომაში“ მონაწილე პირს საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ აცნობებს და აკონტროლებს მის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას.
აკაკი გვიანიძის მიერ მოწოდებული წერილებით დასტურდება, რომ 2022 წლის 30 ივნისს მან საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძეს მიმართა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის მოწვევის შესახებ, შესაბამისი ბრძანების გამოცემა სთხოვა. დანართი 1ადრესატმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 4 ივლისს უპასუხა, რომ სხდომათა დარბაზში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, „ღია კარის სხდომის“ ჩატარება ვერ ხერხდება. ჯინჭარაძემ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ გვიანიძის მოთხოვნას სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განიხილავდა. დანართი 2
აკაკი გვიანიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს შემდეგი წერილი იმავე წლის 6 ივლისს გაუგზავნა. დანართი 3 ის წერს, რომ დარბაზის რემონტის მომიზეზებას ხელოვნურ ბარიერად მიიჩნევს, რადგან ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის კანონისმიერ ვალდებულებაზე უარის თქმა, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საკრებულო სხდომებს ალტერნატიულ სივრცეში მართავს და შესაძლებელია „ღია კარის სხდომაც“ შესაფერის დარბაზში გაიმართოს. აკაკი გვიანიძემ „ფაქტ-მეტრს“ უთხრა, რომ ამ მოთხოვნაზე არგუმენტირებული პასუხი არ მიუღია.
პასუხი ვერც ჩვენ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს პიარსამსახურს ტელეფონითაც დავუკავშირდით და შეტყობინებაც გავუგზავნეთ. გვაინტერესებდა, რატომ არ განახლდა „ღია კარის სხდომები“ მას შემდეგ, რაც საკრებულოს დარბაზის რემონტი დასრულდა (2022 წლის აგვისტო) და როდის აპირებს თავმჯდომარე სხდომის ჩატარების შესახებ ბრძანების გამოცემას. პირველ ჯერზე პიარსამსახური დაგვპირდა, რომ გაარკვევდა და პასუხით დაგვიბრუნდებოდა. მომდევნო შეტყობინებაზე კი გვიპასუხა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე შეხვედრაზეა. ჩვენი შეთავაზება, რომ კომენტარის გაკეთება საკრებულოს სხვა პასუხისმგებელ პირსაც შეეძლო, უპასუხოდ დარჩა.
„ფაქტ-მეტრმა“ შეისწავლა საკრებულოს 2019-2023 წლების ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშები, რომლებიც ორგანოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამ ანგარიშების თანახმად, „ღია კარის სხდომა“ 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მოქალაქის გზამკვლევი, რომელშიც ერთ-ერთ საკითხად სწორედ „ღია კარის სხდომის“ მოწვევის წესია შეტანილი.
ჩვენ მიერ მიმოხილული მასალიდან დგინდება, რომ საკრებულოში ღია კარის სხდომა 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გამართულა. ამის მიზეზად მართლაც სარემონტო სამუშაოები სახელდებოდა, თუმცა მიუხედავად დაპირებისა, ღია კარის სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარეს დღემდე არ მიუღია. ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.