სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პრაღაში ფერმერების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ფერმერები, რომლებიც პრაღაში აპროტესტებენ ევროკავშირის მწვანე პოლიტიკისა და ენერგიის მაღალ ფასებს, რუსეთის მხარდამჭერები არიან“. რეალურად, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ X პლატფორმაზე არა ფერმერებზე, არამედ იმ ჯგუფზე დაწერა, რომელსაც თავად ფერმერებიც გაემიჯნენ. აღსანიშნავია, რომ ფერმერების კოორდინატორმა აღნიშნა, რომ მათ „პროტესტი მოჰპარეს“ და ფერმერთა ნაწილმაც, აქციაზე გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო, აქცია დატოვა.

2024 წლის 19 თებერვალს ჩეხეთის დედაქალაქში ასობით ჩეხმა ფერმერმა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა და ტრაქტორებით პრაღის ცენტრში, კერძოდ - სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მოძრაობა შეაჩერა. ფერმერები ელექტროენერგიის მაღალ გადასახადებს, ევროკავშირის მწვანე შეთანხმებას და კლიმატის ცვლილების კონტექსტში სხვადასხვა რეგულაციის ამოქმედებას, აპროტესტებდნენ. თუმცა მალევე ბევრმა ფერმერმა აქციიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან გამომსვლელებმა პოლიტიკურ თემების სკანდირება, ჩეხეთის მთავრობისა და ევროკავშირის კრიტიკა დაიწყეს. კრიტიკული განცხადებები აქციაზე სწორედ პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსებმა გააკეთეს, მაგალითად, ჩეხეთის პოლიტიკური პარტიის PRO ლიდერმა ინდრიხ რაიხლმა.

„თუ ჩვენ შევხედავთ ხალხის ჯგუფს, რომელიც სკანდირებს ანტისამთავრობო ლოზუნგებით და ყველას ასახელებს, ეს ჩვენ არ გვინდოდა. ჩვენ გვინდოდა მშვიდობიანი პროტესტი, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენი პროტესტი არის ტრაქტორები გზატკეცილზე და ფერმერები, მაგრამ ჩვენ დღეს აქ უმცირესობაში ვართ“, - განუცხადა ჩეხურ მედიას მილოშ მალიმ, პროტესტში მონაწილე ფერმერების კოორდინატორმა. მან დამატებით ისიც აღნიშნა, რომ ფერმერებს პროტესტი „მოჰპარეს“.

საპროტესტო აქციას X პლატფორმაზე ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი მარეკ ვიბორნი გამოეხმაურა: „სამწუხაროდ, საზოგადოების თვალში, აქციის მონაწილეთა ნაწილი თავად ფერმერებს აზიანებს. მე მესმის, რომ მათი უმეტესობა შუადღის შემდეგ წავიდა და დისტანცირდა საპროტესტო აქციებისგან. ამას არაფერი აქვს საერთო სოფლის მეურნეობასთან“.

აღსანიშნავია, რომ პროტესტს ჩეხეთის მთავარმა ფერმერულმა ორგანიზაციებმა - ჩეხეთის სოფლის მეურნეობის პალატამ, სოფლის მეურნეობის ასოციაციამ და კერძო ფერმერთა ასოციაციამ, მხარი არ დაუჭირეს.

სწორედ 19 თებერვლის საპროტესტო აქციას გამოეხმაურა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც X პლატფორმაზე დაწერა: „დღევანდელ დემონსტრაციას არაფერი აქვს საერთო ფერმერებისთვის უკეთესი პირობებისთვის ბრძოლასთან. დემონსტრაციას აწყობენ ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, არ მალავენ კრემლისადმი მხარდაჭერას და ფერმერების ინტერესების ნაცვლად, სხვა მიზნებს ემსახურებიან. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ყველა ძირითადი ორგანიზაცია, რომელიც ფერმერებს წარმოადგენს - აგრარული პალატა, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება და კერძო სოფლის მეურნეობის ასოციაცია - დისტანცირებულია დღევანდელი პროტესტისგან“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფერმერების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები იმართება და დისკუსია მიდის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით: „ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასევე ამზადებს რიგ ზომებს, რათა დაეხმაროს ჩეხ ფერმერებს, შეამცირონ ევროპული რეგულაციებისა და გადაჭარბებული ბიუროკრატიის გავლენა. ეს არის მზარდი ბიუროკრატია და გადაჭარბებული რეგულაციებისა და შეზღუდვების უარყოფითი შედეგები, რომლებიც მწვანე შეთანხმებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან ერთად, სოფლის მეურნეობის პრობლემების მთავარი წყაროს წარმოადგენს მთელ ევროპაში. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ევროპულ ინსტიტუტებში გადაჭარბებული ბიუროკრატიისა და რეგულირების წინააღმდეგ და ასე გავაგრძელებთ“.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დასაწყისიდან ფერმერები ევროპის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ, მათ შორის პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთსა და იტალიაში. ისინი მაღალ გადასახადებს, იაფ იმპორტს (რომელიც კონკურენციას ზრდის) და ევროკავშირის კლიმატის ცვლილების შეზღუდვებს აპროტესტებენ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.