სერგო ჩიხლაძე: ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობა. ოთხ მილიარდზე მეტი „ჩაასხეს“ და რა მივიღეთ, ნათესი ფართობი შემცირდა, დასაქმებულების რაოდენობა შემცირდა 60 ათასით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სერგო ჩიხლაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
საანგარიშო პერიოდში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებამ 5 მლრდ ლარს გადააჭარბა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2018 წლიდან სოფლის მეურნეობას გარემოს დაცვაც შეუერთდა და 2019-2024 წლების ბიუჯეტი უკვე ამ ორი უწყების ნაერთი ბიუჯეტია. მზარდი დაფინანსების მიუხედავად, ნათესი ფართობის რაოდენობა 2014 წლიდან შემცირების ტენდენციით ხასიათდება, მცირე ზრდა იყო 2020-2022 წლებში, გასული წლის წინასწარი მონაცემით, ისევ შემცირება დაფიქსირდა. რაც შეეხება სექტორში დასაქმების მაჩვენებელს, 2017 წელთან შედარებით, 2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობა მართლაც 60 000-ით არის შემცირებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებულ ეკონომიკებში მთლიან დასაქმებაში სოფლის მეურნეობის სექტორის დასაქმების წილი საკმაოდ დაბალია და აღნიშნული კლება ცალსახად უარყოფით ფაქტორად ვერ ჩაითვლება. პირიქით, მთლიან დასაქმებაში სექტორის მაღალი წილია პრობლემა და ის ფაქტი, რომ დასაქმების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, სოფლის მეურნეობა დაბალპროდუქტიულ დარგად რჩება.
განცხადებაში ავტორი შინამეურნეობების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებულ თვიურ საშუალო შემოსავალზეც საუბრობს. რიცხვის არასწორად დასახელების მიუხედავად, კონტექსტი, რომ მიღებული შემოსავალი მწირია და სოფლის მეურნეობა დაბალშემოსავლიანი დარგია, სიმართლეს შეესაბამება.
სოფლის მეურნეობის პროგრესის შესაფასებლად რელევანტური მონაცემები დარგის რეალური ზრდა და მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილია, რაზეც განცხადების ავტორი ყურადღებას არ ამახვილებს.
გაანალიზებული მონაცემებიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ სერგო ჩიხლაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ „ტვ პირველის“ გადაცემაში „დღის სტუმარი“ სოფლის მეურნეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობა. ოთხი მილიარდზე მეტი „ჩაასხეს“ და რა მივიღეთ: ნათესების რაოდენობა შემცირდა (ჰექტარი), დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ სისტემაში იყვნენ, შემცირდა 60 ათასით და ის, ვინც თვითდასაქმებულებში გაატარეს, ეს ოჯახები თვიურად რამდენ პროდუქტს ყიდიან, იცით? 89 ლარის“.
სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო. 2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 85.1 მლნ ლარი იყო, უკვე 2012 წელს დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა - 212.8 მლნ ლარამდე, რამაც ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების 2.6% შეადგინა, წინა წელს იგივე მაჩვენებელი 1.4% იყო. მომდევნო წლებში - 2018 წლამდე, სამინისტროს ბიუჯეტის ნომინალური მაჩვენებელი მზარდი იყო, მთლიან ბიუჯეტთან მიმართებით კი ერთიანი ტენდენცია არ იკვეთება. 2018 წლიდან მოყოლებული ბიუჯეტი ნომინალში სულ მზარდია, ფარდობითი მაჩვენებელიც 2023 წლამდე იზრდებოდა.
გრაფიკი1: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი (მლნ ლარი)
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
საანგარიშო პერიოდში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯამური დაფინანსება 5 მლრდ ლარს აღემატება. თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვაც შეუერთდა და შესაბამისად, 2019-2024 წლების ბიუჯეტი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ნაერთი ბიუჯეტია.
რაც შეეხება ნათეს ფართობს, 2012 წლიდან სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
გრაფიკი 2: ნათესი ფართობი სულ (ათასი ჰა)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ვხედავთ, ნათესი ფართობის რაოდენობა 2014 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება. შემდეგ, 2020-2022 წლებში მცირედი ზრდაა, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, ნათესი ფართობის რაოდენობა ისევ შემცირებულია. აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2014-2016 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამა განახორციელა, რომლის ბიუჯეტი ამ წლების განმავლობაში 354 მლნ. ლარი იყო. პროექტის ფარგლებში, მცირემიწიან ფერმერებს „ხვნის ბარათი ან/და „აგრობარათი“ გადაეცათ, რომელთა გამოყენება მიწის ფართობის დამუშავებისთვის ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შესაძენად იყო შესაძლებელი. პროგრამის მოქმედების წლებშიც, ნათესი ფართობის რაოდენობა მცირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ პროგრამას სოციალური ხასიათი უფრო ჰქონდა და მისი წარუმატებლობის დასტურია, რომ 2017 წელს მთავრობამ პროგრამა შეწყვიტა.
განცხადების ავტორი აგრარულ სექტორში დასაქმების მაჩვენებელზეც საუბრობს.
საქსტატს დასაქმების მაჩვენებლები ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით, 2017 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, უდევს. თუ პირველ და ბოლო მონაცემს შევადარებთ, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მართლაც 60 000-ით არის შემცირებული. ამ პერიოდში, მთლიან დასაქმებაში სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა წილიც 4.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ცხრილი 1: დასაქმების, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმების მაჩვენებელი (ათასი კაცი)
წყარო: საქსტატი
თუმცა აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც უფრო განვითარებულია ქვეყნის ეკონომიკა, მთლიან დასაქმებაში აგრარულ სექტორში დასაქმებულთა წილი მით უფრო დაბალია. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა და მთლიან დასაქმებაში წილის შემცირება ცალსახად უარყოფით შედეგად ვერ ჩაითვლება. პირიქით, პრობლემა დასაქმებაში სექტორის მაღალი წილი უფროა და ის ფაქტი, რომ აღნიშნულის მიუხედავად, სოფლის მეურნეობა დაბალპროდუქტიულ დარგად რჩება.
რაც შეეხება შინამეურნეობების შემოსავლებს სოფლად და კონკრეტულად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს, წლების მიხედვით შემდეგნაირია:
ცხრილი 2: ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავალი სოფლად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი (ლარი)
წყარო: საქსტატი
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავალი სოფლად ყოველწლიურად მზარდია, თუმცა სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გამოკვეთილი ტენდენციით არ ხასიათდება და საკმაოდ მწირია. 2022 წელს აღნიშნულმა მონაცემმა 221.2 ლარი შეადგინა და არა 89 ლარი, როგორც სერგო ჩიხლაძე ასახელებს. თუმცა რიცხვის არაზუსტი დასახელება იმ ფაქტს ვერ ცვლის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა დაბალპროდუქტიულია.
აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ სოფლის მეურნეობის პროგრესის შესაფასებლად რელევანტური მაჩვენებლები დარგის რეალური ზრდა და მთლიან შიდა პროდუქტში წილია, თუმცა განცხადების ავტორი არც ერთ მათგანზე ყურადღებას არ ამახვილებს.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ საანგარიშო წლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებამ 5 მლრდ ლარს გადააჭარბა. სოლიდური დაფინანსების მიუხედავად, ნათესი ფართობი შემცირებულია და ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავალი საკმაოდ დაბალია, თუმცა არა იმდენად, რასაც განცხადების ავტორი ასახელებს. შემცირებულია სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც, თუმცა ეს ფაქტორი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ცალსახად უარყოფით მოვლენად ვერ ჩაითვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ სერგო ჩიხლაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.