სოციალურ ქსელში ანგარიში სიმართლის დროა ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს. ვიდეოში პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ „თუ არ ხარ შეკრული უშიშროების სამსახურთან, რუსეთში მილიონს ვერ იშოვი“, აღნიშნული მონაკვეთს ინტერვიუს ნაწილი ებმის, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ პირველი მილიონი მანეთი რუსეთში იშოვა. ვიდეოს აღწერაში Facebook-ანგარიში წერს: „მერამდენედ უნდა დაგღუპოს შენმა ენამ“. რეალურად, აღნიშნული მონაკვეთები ისეა შეერთებული, რომ მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის. ინტერვიუს ნაწილი, სადაც მამუკა ხაზარაძემ პეტერბურგში მილიონი რუსული მანეთის შოვნაზე ისაუბრა, იმგვარადაა მოჭრილი, რომ მისი ნათქვამის სრული კონტექსტი იკარგება. სინამდვილეში, მან პეტერბურგის დატოვების მიზეზად რუსეთში არსებული დიდი ბიზნესის კეთების „სხვანაირი წესები“ [არადემოკრატიული და უკანონო მიდგომები] დაასახელა.
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნულ თემაზე 2023 წლის 26 დეკემბერს „ტვ პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა. პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემაში 2023 წელი შეაჯამა და 2024 წლის მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება. ინტერვიუს დროს, მან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ივანიშვილმა „ფული მოსკოვში იშოვა“. სწორედ ამ კონტექსტში ხაზარაძემ აღნიშნა: (ეს კონკრეტული მონაკვეთი გადაცემაში 01:10:20 წუთიდან იწყება): „არავინ მოსკოვში და რუსეთში მილიარდს არ გაშოვნინებს, თუ არ ხარ შეკრული უშიშროების სამსახურთან, პოლიტიკოსებთან, ბიუჯეტთან და ა.შ. ასეთი მსგავსი მე არ მინახავს, მანახეთ. მე არ ვლაპარაკობ თანამედროვე კომპანიებზე, რომლებიც შეიქმნა – IT და ა.შ. რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ბიუჯეტთან. მაგრამ 90-იან წლებში მეც იქ ვიყავი და 93 წელს წამოვედი“.
ამის შემდეგ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე: „მოსკოვში იყავით?“, ხაზარაძე პასუხობს: „პეტერბურგში ვიყავი, პირველი თანხა მე იქ ვიშოვე, მილიონი რუსული მანეთი იყო, მაგრამ ეს ჩემთვის უზარმაზარი თანხა იყო. მაგრამ, როგორც კი დავინახე, რომ უფრო დიდი ფანჯარა იხსნებოდა, მივხვდი, რომ იქ უცბად გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გვითხრეს – აბა, ახლა უკვე მოდი, აქ სხვანაირი წესებია“. შემდეგ მამუკა ხაზარაძე აგრძელებს, რომ „ეს [რუსული] მენტალობა ღუპავს ამ ქვეყანას, კანონი არ კანონობს, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუციები არა გვაქვს, თავისუფალი ადამიანების მიმართ უამრავ მეთოდს იყენებენ, რომ გააჩუმონ ასეთი ადამიანები“.
ამდენად, სინამდვილეში, მამუკა ხაზარაძის სრული ინტერვიუს ნახვისას ცხადი ხდება, რომ ის რუსეთიდან წამოსვლის მიზეზად რუსეთში ბიზნესის კეთების არაკანონიერ და არადემოკრატიულ წესებს ასახელებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული კოლაჟი, ვიდეოს ნაწილების მანიპულაციურად დამუშავების გზით, მომხმარებელს საპირისპირო შთაბეჭდილებას უქმნის.
აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) Disinfoobserver.ge პლატფორმის თანახმად, Facebook-ანგარიში „სიმართლის დროა“, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდია. ის დაკავშირებულია Facebook-ანგარიშთან „provocateurs“, რომელიც კრიტიკული მედიის დისკრედიტაციით გამოირჩეოდა („provocateurs“ ამჟამად მოქმედი აღარ არის, ბოლო პოსტი გვერდზე 2022 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა). ISFED-ის თანახმად, აღნიშნულ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს ერთი და იგივე არაავთენტური ანგარიშები ათავსებდნენ, რომელთა უმრავლესობა ფოტოს იდენტობას რუსი და ბელარუსი მოქალაქეებისგან იპარავდა.
დამატებით, მამუკა ხაზარაძის ვიდეო პროპაგანდისტული და ოპოზიციის მადისკრედიტებელი Facebook-გვერდის „სირცხვილის კორიდორი“ მიერ სოციალურ ქსელში აქამდეც გავრცელდა, რაზეც ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია „მითების დეტექტორმა“ სტატიაც გამოაქვეყნა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.