ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს ფართო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
2020 წლის დიდი ვარდნის შემდეგ სახელმწიფოთა უმრავლესობაში საშუალოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ასე მოხდა საქართველოშიც და მშპ-ის ზრდის ტემპმა 10.5%-ს მიაღწია. ორნიშნა ზრდა მომდევნო წელსაც შენარჩუნდა, 2023 წელს კი ,წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა.
მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში წევრიანდება, სადაც 22 სახელმწიფოა წარმოდგენილი[1]. 2021 წელს საქართველომ ზრდის ტემპით ჯგუფში მე-6 ადგილი დაიკავა, 2022 წელს - მე-2 ადგილი, ხოლო 2023 წელს, წინასწარი მონაცემებით, მესამე ადგილი. თუ სამივე წელს გავაერთიანებთ, 30%-იანი ზრდით, საქართველო პირველ ადგილზე აღმოჩნდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოთხწლიან პერიოდს გავაერთიანებთ, მაშინ მეოთხეზე. 2020-2023 წლებში ტაჯიკეთის ეკონომიკა 32%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო საქართველოსი - 21%-ით. 2020-2023 წლებში 2019-ის მსგავსად წლიური 5%-იანი ზრდა რომ ყოფილიყო, ქვეყანა ამავე მოცულობის ჯამურ ზრდაზე გავიდოდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ფაქტობრივად სიმართლეს შეესაბამება, თუმცა დაზუსტება აკლია. 2022 წელს ორნიშნა ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთიდან მკვეთრად გაზრდილი ფულადი ნაკადები გახდა. განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზეც, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა სხვებზე მეტად შემცირდა, რამაც 2020-2023 წლების საშუალო ზრდის ტემპი, 2019 წლის ზრდის ტემპთან გაათანაბრა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მონაცემები სწორად არის დასახელებული, თუმცა უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ პანდემიურ წელს საქართველოს ეკონომიკამ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დიდი ვარდნა განიცადა, ასევე დამატებითი დაზუსტების უქონლობის გამო, „ფაქტ-მეტრმა“ განცხადება შეაფასა ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების ხდომაზე ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველომ არამხოლოდ შეძლო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების გამკლავება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის“.
2021-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია ( შესაბამისად, 10.5%-სა და 10.4%-ს). წინასწარი ინფორმაციით, 2023 წელს მშპ 7%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდელ ზრდის ტემპთან შედარებით ასევე მაღალი მაჩვენებელია.
2020-ის ვარდნის შემდეგ, 2021 წელს, სახელმწიფოთა უმრავლესობაში საშუალოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, საშუალოზე მაღალი ზრდა სახელმწიფოთა ნაწილში 2022 წელსაც გაგრძელდა.
მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, რეგიონი, რომელშიც საქართველო იმყოფება, ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 სახელმწიფოს მოიცავს. ჯგუფი 11 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის ოთხ წევრს: ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიასა და პოლონეთს, აერთიანებს.
2021 წელს საქართველომ 10.5%-იანი ზრდით ჯგუფის წევრ ქვეყნებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა. ყველაზე მაღალი - 13.9%-იანი ზრდა მოლდოვას ჰქონდა. საქართველოს ხორვატიამ, მონტენეგრომ, თურქეთმა და კოსოვომაც გაუსწრო. 2022 წელს საქართველომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ სომხეთს ჰქონდა.
გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
წყარო: მსოფლიო ბანკი
2022 წელს პანდემიური პერიოდით განპირობებული საბაზო ეფექტი დიდწილად ამოიწურა, პარალელურად, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რამაც უკრაინის ეკონომიკის 29%-იანი ვარდნა განაპირობა. სანქციების შედეგად, რუსეთის მშპ მოსალოდნელზე ნაკლებად, მაგრამ მაინც 2.1%-ით შემცირდა, ბელარუსის, როგორც რუსეთის მოკავშირის - 4.7%-ით.
22-დან 20-ის შემთხვევაში, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ზრდის ტემპი შემცირდა. გამონაკლისებს სომხეთი და ყირგიზეთი წარმოადგენდნენ. თუ არ ჩავთვლით 0.1 პროცენტულ პუნქტიან სხვაობას, შეიძლება ითქვას, რომ ზრდის ტემპის შენარჩუნება საქართველომაც მოახერხა.
საბაზისო ეფექტის ამოწურვასა და რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომს, სხვა თანაბარ პირობებში შესაძლოა, ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი კლება გამოეწვია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მოვლენები განსხვავებული სცენარით წარიმართა.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეერთებია და შინაარსობრივად მხოლოდ მათი აღსრულების ვალდებულება აიღო. რუსეთში ექსპორტი უმნიშვნელოდ, მაგრამ ძირითადად საწვავის ხარჯზე იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. შედარებით იაფმა საწვავმა ინფლაციის ტემპი შეანელა.
2022 წელს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ნაწილში ყველაზე დიდი ცვლილება მიგრაციასა და ფულადი გზავნილების მიმართულებით აღინიშნა. 2022 წელს რუსეთის 56 ათასზე მეტი მოქალაქე საქართველოში საცხოვრებლად 6 თვეზე მეტი ხნით დარჩა. რუსეთის მოქალაქეებმა ომის დაწყებიდან 16 თვეში 8000-ზე მეტი უძრავი ქონება შეიძინეს, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ კი 400%-იანი ზრდის შემდეგ 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
2023 წელს რუსი მიგრანტების შემოდინებით გამოწვეული ზრდის ეფექტი მინელდა, მშპ-ის ზრდის ტემპიც, წინასწარი ინფორმაციით, 7%-მდე შემცირდა. კლების მიუხედავად, 2023 წელს დაფიქსირებული ზრდა, როგორც პანდემიამდელ, ასევე მომავლის საშუალოვადიანი ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებს, აღემატება.
2023 წლის მონაცემები ჯერ მხოლოდ შეფასებითია და ისინი შეიძლება დაკორექტირდეს. რეპორტში საქართველოზეც 6.5%-იანი ზრდაა მითითებული, რაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემთან შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. შეფასებითი მონაცემების მკვეთრი ცვლილება ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან ისინი ერთხელ უკვე დაკორექტირდა, რის შედეგადაც საქართველომ რეგიონში მესამე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ტაჯიკეთსა და სომხეთს ჩამორჩა.
თუ 2021-2023 წლებს გავაერთიანებთ, საქართველო ჯამური 30%-იანი ზრდით, პირველ ადგილს დაიკავებს, 28%-იანი და 27%-იანი ზრდებით - მეორე-მესამე ადგილებს სომხეთი და ტაჯიკეთი გადაინაწილებენ. რუსეთში 6%-იანი ზრდა იქნება, აზერბაიჯანში - 12%-იანი და თურქეთში - 22%-იანი.
გრაფიკი 2: ჯამური ეკონომიკური ზრდა 2021-2023 წლებში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
წყარო: მსოფლიო ბანკი
საქართველო პანდემიის შემდგომ ჯამური ეკონომიკური ზრდით რეგიონში პირველ ადგილზეა, თუმცა თუ საბაზო წლად 2019-ს ავიღებთ, მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებს. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სახელმწიფოთა უმრავლესობაშიც, თუმცა ტაჯიკეთის ეკონომიკა 4.4%-ით გაიზარდა, უზბეკეთის - 2%-ით და თურქეთის - 1.9%-ით. შედეგად, 2020-2023 წლებში, ტაჯიკეთის ეკონომიკის ჯამურმა ზრდამ 32%-ს და თურქეთის 24%-ს გადააჭარბა, საქართველო კი 21%-იან ზრდას დასჯერდა. 2020-2023 წლებში 2019-ის მსგავსად წლიური 5%-იანი ზრდა რომ ყოფილიყო, ქვეყანა იმავე მოცულობის ჯამურ ზრდაზე გავიდოდა.
გრაფიკი 3: ჯამური ეკონომიკური ზრდა 2020-2023 წლებში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
წყარო: მსოფლიო ბანკი
საანგარიშო წლებში, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ზრდა ნამდვილად ჰქონდა. უფრო მეტიც, ჯამური ზრდით, პირველ ადგილზე გავიდა, რაშიც გარკვეული წვლილი 2022 წელს რუსეთიდან მკვეთრად გაზრდილმა ფულადმა ნაკადებმა მიიღო, თუმცა ოთხწლიან (2020-2023 წლები) პერიოდში ჯამური ეკონომიკური ზრდით ქვეყანა მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. ფაქტობრივი სიზუსტისა და მიზეზების სრულად არ დასახელების, აგრეთვე პანდემიურ წელს სხვებთან შედარებით უფრო დიდი ვარდნის უგულებელყოფით, „ფაქტ-მეტრმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება შეაფასა ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
[1] ჯგუფში შედის კოსოვოც, რომლის დამოუკიდებლობაც საქართველოს არ აქვს აღიარებული