თბილისში, რუსთაველის მეტროსადგურში ესკალატორებს შორის მელოდიური სანათების გამოჩენამ სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილის ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით კი, სანათების საშუალებით გაჟღერებულმა მელოდიებმა. „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რუსთაველის მეტროსადგურზე რა მოწყობილობებია დამონტაჟებული და რა მელოდიებს უკრავენ ისინი.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მეტროსადგურში ახალი სანათები, კარგა ხნის წინ მოხსნილი განათებების ნაცვლად, სულ რამდენიმე თვის წინ დროებით დააყენეს. გამოცემის ინფორმაციით, ისინი „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ სახსრებით დამზადდა და მიზნად ისახავდა, ქართველი არტისტების მიერ შექმნილი მუსიკა ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო.
აღნიშნულს „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ Facebook-გვერდზე 2023 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტიც ადასტურებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მეტროს მომხმარებლები ფონდის კონკურსის გამარჯვებულთა მუსიკალური კომპოზიციების მოსმენას 6 თვის განმავლობაში შეძლებდნენ.
სანათი - დინამიკის კონსტრუქციის დიზაინერის, ნიკოლოზ ლეკვეიშვილის განცხადებით, დინამიკ-სანათები ინსპირირებულია მეტროს ავთენტური სანათით, რომელიც მეტროსადგურში წარსულში არსებობდა.
სანათ-დინამიკიდან 3 ხელოვანის მიერ შექმნილი მელოდიები ისმის. ნინო დავაძის „ტყე სიზმრის“, თორნიკე მარგველაშვილის „შესაძლო სამყაროებისა“ და ნიკა ჯაფარიძის „ესკალატორის“ მელოდიები თბილისის მეტროში პირველად 2023 წლის დეკემბერში გაისმა, პროექტი კი 2024 წლის მაისამდე გაგრძელდება.
თორნიკე მარგველაშვილის განცხადებით, „შესაძლო სამყაროები“ არის ადგილ-სპეციფიკური ანუ სპეციალურად რუსთაველის მეტროს ესკალატორისთვის და 2 ძირითადი შრისგან შედგება. ერთი არის თვითონ მეტროს ხმოვანების ჩანაწერები, ელექტრომაგნიტური და კონტაქტური მიკროფონით ჩავიწერეთ ადგილის ხმოვანება, ასე ვთქვათ, ინდუსტრიული ხმების კომბინაციები და მეორე ნაწილი არის ქართული მრავალხმიანი ფოლკლორის ელექტრონულ ფაქტურებად ქცეული ნაწილები, რომლებიც ერთად ხმოვან ქანდაკებას ქმნის“.
ნინო დავაძის მიხედვით, მისი კომპოზიციის „ტყე სიზმარი“ თვითმიზანი ურბანულ სივრცეში ადამიანის ბუნებასთან ინტერაქციის ჩვენება იყო. „კონკრეტულად ამ ინსტალაციაზე გაიჟღერებს საქართველოში არსებული ენდემური ჩიტების ჯიშების ხმებიც, რომელიც ჩავწერე გასულ წელს ბაკურიანის ტყეებში, კოლხეთის დაბლობზე და ეს ასპექტიც მე მგონია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ გავლის დროს ეს ასოციაცია მოგვდიოდეს, რომ ქალაქს გარეთ არსებობს ეს ძალიან ფაქიზი ასპექტიც, რომელიც მოსაფრთხილებელია [...] ჩიტები რომლებიც შესაძლოა ძალიან მალე აღარ არსებობდნენ, ზამთარშიც კი შეიძლება რომ ჩვენს გვერდით თანაარსებობდნენ მეტროში“, - აღნიშნა ხელოვანმა.
ნიკა ჯაფარიძის თქმით კი, მან მეტროში ჩაიწერა ხმები, „ამის გაფორმებად დავამატეთ ცოტა ისეთი... ზეციური ხმები, მერე აკორდები, მერე მოძრაობა შემოდის და მელოდია. [...] კარგი მომენტია, რომ რაღაც მიაწოდო ადამიანს ისე,რომ არ შეუშალო და არ შეაწუხო“.
ცნობისთვის, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ მერიას დაქვემდებარებული ფონდია, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა. მისი დირექტორის, ლიკა ჭკუასელის განცხადებით, ფონდის მიზანი თანამედროვე ხელოვნების იმ ადგილებამდე მიტანაა, სადაც ბევრი ადამიანია. რაც შეეხება მეტროსადგურ რუსთაველში ესკალატორებს შორის გამყოფ სივრცეში დამონტაჟებულ მელოდიურ სანათებს, მისი განცხადებით, პროექტის მთავარი იდეა ესკალატორზე მდგარ ადამიანებისთვის მუსიკის მოსმენა და ურბანულ არქიტექტურულ გარემოში ხმოვანი ხელოვნების შეჭრა იყო.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.