რევაზ ხარაზი: წყლისა და კანალიზაციის სისტემა, რომელიც დღეს დასრულებული უნდა იყოს ადლიის დასახლებაში, დაწყებულიც კი არ არის და ახლა უნდა დაიწყოს.

ვერდიქტი: რევაზ ხარაზის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების, მათ შორის, ადლია - აეროპორტის დასახლების წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის განხორციელება დაგეგმილი იყო იმ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა ხელი 2019 წლის 7 ოქტომბერს მოაწერეს. თანხის მოცულობა 60 მლნ ევრო იყო, ხოლო პროექტი 2020-2024 წლებში უნდა განხორციელებულიყო. ერთი წლის შემდეგ, პანდემიის დროს, როცა სამუშაოები დაწყებულიც არ იყო, თორნიკე რიჟვაძე აცხადებდა, რომ პროექტი მიმდინარეობს და ამას ხელი პანდემიამაც ვერ შეუშალა. რამდენიმე თვეში კი სასესხო ხელშეკრულება შეწყდა. საქართველოს მთავრობამ, მისივე განმარტებით, აღნიშნული COVID-19-თან ბრძოლისთვის გამოიყენა. 2022 წლის ბოლოს ახალი შეთანხმება შედგა. ამჯერად ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის (ფაზა V; KFW) პროექტისთვის უცხოურმა მხარემ 53 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხი და 2 მლნ ევრო გრანტი გამოგვიყო. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა კი, თანადაფინანსებით სახით, 2027 წლის ჩათვლით პერიოდის გათვალისწინებით, ჯამში 125 218 300 ლარი გაითვალისწინა. თუმცა ეს საბოლოო მოცულობა არაა, რადგან პროექტის დასრულების ვადად 2029 წლის ივნისია მითითებული, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო პერიოდში ქალაქის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, დამატებით თანხას გამოყოფს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარკვეული პროცედურები, რომლის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ სამუშაოები ახლა დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ჩვენ მიერ მოპოვებული წყაროებით, პროექტის ხანგრძლივობა, სასესხო ხელშეკრულება რომ არ შეწყვეტილიყო, 2024 წელსაც მოიცავს. ამდენად, რევაზ ხარაზის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: ბათუმის საკრებულოს მუნიციპალიტეტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა განაცხადა: „წყლისა და კანალიზაციის სისტემა, რომელიც დღეს დასრულებული უნდა იყოს ადლიის დასახლებაში, დაწყებულიც კი არ არის და ახლა უნდა დაიწყოს.“

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და პოლიტიკოსის მიერ დასახელებული ფაქტი გადაამოწმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს Facebook-გვერდზე 2019 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია: „საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას: „წყლის ინფრასტრუქტურა ბათუმში“ - 60 მილიონი ევროს ოდენობით (KFW) პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბერის, ადლია - აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარება და გაფართოება, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყლის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.“ სასესხო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მსესხებელი მთლიან სესხს გადასცემს პროექტის განმახორციელებელს ანუ თვითმმართველ ქალაქ ბათუმს და უზრუნველყოფს, რომ ის სესხს გამოიყენებს „სრულად განსაკუთრებით საინვესტიციო ღონისძიებების დასაფინანსებლად კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და გაფართოების ფარგლებში“. 2020 წლის მაისში რეგიონის პირველმა პირმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ, პანდემიის მიუხედავად, აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტიც მიმდინარეობს, რომლის ბიუჯეტი 60 მილიონი ევროა და აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ეს მაშინ, როცა სამუშაოები ჯერაც დაწყებული არ იყო.

სწორედ იმ წელს, რიჟვაძის განცხადებიდან მოკლე დროში, ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის სესხის გამოყოფის თაობაზე დადებული ხელშეკრულება შეწყდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტავდა, რომ გადაწყვეტილება პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო და თანხა კოვიდპანდემიასთან ბრძოლას მოხმარდებოდა. ოპოზიციამ მაშინ მთავრობის გადაწყვეტილება, მათ შორის, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის (რომელიც უკვე არჩეული მერია), არჩილ ჩიქოვანის, თანხმობა მწვავედ გააკრიტიკა. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის ბოლო კვარტალში უნდა გამოცხადებულიყო, პროექტი კი 2021-2025 წელებს მოიცავდა, როგორც ამას თორნიკე რიჟვაძის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაც ადასტურებს. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის სამუშაოები დასრულებული ვერ იქნებოდა, თუმცა დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, უკვე განხორციელებული უნდა იყოს. ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობა, უკვე წლებია, რაც წყლის სისტემებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. ამის შესახებ რეგიონულმა მაუწყებელმა არაერთი სიუჟეტი მოამზადა.

2022 წლის დეკემბერში ახალი შეთანხმება შედგა და გადაწყდა, რომ სამუშაოების მეხუთე ფაზა დაიწყებოდა. საუბარია 53 მლნ ევროზე, რომელსაც ქართული მხარე შეღავათიანი სესხის სახით მიიღებს და 2 მლნ ევროს ოდენობით გრანტზე. საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ დოკუმენტში ასახულია ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის (ფაზა V; KfW) (პროგრამული კოდი 56 13 08) პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოებას; ა და ბ სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციას; აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინებას; ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობას; მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდას; ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას; ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციას; ხელვაჩაურისა და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას. მთლიანი ღირებულება 159 005 500 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა მხოლოდ 2027 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ხელშეკრულებაში პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღად კი მითითებულია 2029 წლის 30 ივნისი. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დანართი 1-ის თანახმად, მიმდინარე წელს თანადაფინანსების მოცულობა 4 132 800 ლარი იქნება, მომდევნო სამ წელს, შესაბამისად, 41 321 800 ლარს, 40 213 700 ლარს და 39 550 000 ლარი. თუმცა, ვინაიდან პროექტი კიდევ გაგრძელდება, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტი თანხას შემდგომშიც გაითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის, ბათუმში „კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი“, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სესხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 2007 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი რამდენიმე ფაზას მოიცავს და მიუხედავად იმისა, რომ დაწყებიდან თითქმის 17 წელი გავიდა, ჯერ დასრულებული არ არის.

სამუშაოები თუ დასრულებული არა, მისი დიდი ნაწილი ნამდვილად უკვე განხორციელებული უნდა იყოს. მიუხედავად მთავრობის თავმჯდომარის განცხადებისა, ხელშეკრულება და, შესაბამისად, პროექტის მიმდინარეობა 2020 წელს მაინც შეჩერდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ რევაზ ხარაზის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი