[პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში“] ათ მისამართზე მიმდინარეობს მშენებლობა და საკმაოდ კარგი ტემპებია

თორნიკე რიჟვაძე: [პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში“] ათ მისამართზე მიმდინარეობს მშენებლობა და საკმაოდ კარგი ტემპებია

ვერდიქტი: თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 29 მარტს დაამტკიცა. ბათუმის იმავე წლის ბიუჯეტში, ავარიული სახლების დემონტაჟ-მშენებლობისა და გამაგრება-რეაბილიტაციის მიზნით, 18 მლნ ლარი გამოიყო. 2022 წლის მაისში მერიამ უკვე ორი ხელშეკრულება გააფორმა და პროექტები ერთდროულად დაიწყო გიორგი კვინიტაძის ქუჩის №1,3,11-სა გრიშაშვილის ქუჩის N9-ში. ორივე ხელშეკრულების ფარგლებში, მშენებლობა 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. მიმდინარე წლის მდგომარეობით, ორივე პროექტი 2024 წლის 28 მარტს უნდა დასრულდეს. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ობიექტებს ერთი წლით გვიან ჩააბარებს.

რამდენიმე მისამართზე სახლებს შპს „ანაგი“ აშენებს. ერთი ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა, ხოლო მეორე - ივნისში. კომპანიისთვის, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში, მხოლოდ ავანსის სახით, გადახდილია 18 285 317 ლარია, თუმცა შესრულებული სამუშაოების შესახებ, არც ერთ შემთხვევაში, არანაირი დოკუმენტი და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის. შესაბამისად, არც შესრულებული სამუშაოებისთვის გადახდის დოკუმენტები იძებნება.

ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაცია ექვს მისამართზე მიმდინარე მშენებლობას ეხება. ამ მასალებზე დაყრდნობით, პროექტები „საკმაოდ კარგი ტემპით“ ნამდვილად არ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი: აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემაში 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა, რა დროსაც მან განაცხადა: „[პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში“] ათ მისამართზე მიმდინარეობს მშენებლობა და საკმაოდ კარგი ტემპებია.“

გრიშაშვილის ქუჩის N9-შიც და გიორგი კვინიტაძის ქუჩის №1,3,11-შიც სამუშაოების შესრულების ვადა 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა. თუმცა ორივე შემთხვევაში, სამუშაოების დაწყებიდან პირველივე თვეს, იდენტური მიზეზების გამო, სამუშაოები შეფერხდა (მოსახლეობის რაოდენობის, ასევე, ბინის მესაკუთრეთა ფართობების დაზუსტება და ა. შ.). იხ. ფაქტ-მეტრის სტატია. ამის შემდეგ კომპანიას პროექტის დასრულების პერიოდი კიდევ რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა. კერძოდ, კვინიტაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში2023 წლის სექტემბერს შეტანილი ცვლილებით, გეგმა-გრაფიკი 2024 წლის 28 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 5 დეკემბრის ცვლილების შეთანხმებაში კი ნათქვამია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული სახლებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელ მუდმივმოქმედ საბჭოსთან შეთანხმებით, არქიტექტურულ პროექტში განხორციელდა შიდა გეგმარების ცვლილებები, რომლებმაც გამოიწვია ოთახებს შორის მოწყობილი ტიხრების დემონტაჟი და ადგილმონაცვლეობა, რასაც შედეგად მოჰყვა შიდა სივრცეში განსახორციელებელი სამუშაოების ცვლილებები (შიდა ელექტროგაყვანილობის ქსელის, შიდა საკანალიზაციო ქსელის, შიდა წყალსადენი ქსელის და ა.შ). ამის გამო, როგორც დოკუმენტში წერია, მნიშვნელოვნად გაიზარდა კედლებისა და ტიხრების მოწყობის სამუშაოების მოცულობები. 2024 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, კვინიტაძის ქუჩაზე მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 7 536 260 ლარიდან (მთლიანი ღირებულება), გადახდილია 4 948 506 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 66%-ს შეადგენს.

რაც შეეხება გრიშაშვილის ქუჩაზე სახლის მშენებლობას, ხელშეკრულების ვადები აქაც არაერთხელ გახანგრძლივდა. ცვლილებები ზუსტად იმავე პერიოდში, იდენტური მიზეზებით განხორციელდა. საბოლოო ვადა, ამ შემთხვევაშიც, მიმდინარე წლის 28 მარტის ჩათვლით განისაზღვრა. არსებული მდგომარეობით, მიმწოდებლისთვის ანაზღაურებულია 4 400 459 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების (6 920 100 ლარი) 64%-ია.

ორივე ზემოხსენებულ პროექტს შპს „ერთი“ ახორციელებს. კომპანიის დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი ბექა გურგენიძეა. საჯარო რეესტრიდან 2022 წლის ივლისის ამონაწერის თანახმად, ის ასევე დირექტორია შპს „კომპანია ერთში“, რომლის 25%-იანი წილის მქონე მინდია გურგენიძეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადარიცხული აქვს 30 000 ლარი.

ერთ-ერთი მშენებლობა მაიაკოვსკის ქ. №3ა-ში უნდა განხორციელდეს. 2023 წლის 28 ივნისს ხელშეკრულება შპს „ანაგთან“ გაფორმდა. ის ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო. შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა მერიას 15 040 858 ლარი დაუჯდება. სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა 2024 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შარშან სექტემბერში, როცა ჩვენ ამ თემაზე ვიმუშავეთ, მშენებლობა დაწყებული არ იყო. ამჯერად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, ხელშეკრულების გარდა, რამდენიმე დოკუმენტი იძებნება - 2023 წლის 15 ნოემბრით დათარიღებული შეთანხმება კომპანიისთვის ავანსის გადახდის შესახებ, გადახდის სერტიფიკატი, რომელიც გვაუწყებს, რომ შპს „ანაგს“ შემსყიდველმა 4 512 250 ლარის ოდენობის ავანსი გადაურიცხა, საბანკო გარანტია და საავანსო გადახდის საბანკო გარანტია. შესრულებული სამუშაოების შესახებ, სააგენტოს ვებგვერდზე დღემდე არანაირი დოკუმენტი არ ატვირთულა.

შპს „ანაგი“ უკონკურენტოდ მონაწილეობდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კიდევ ერთ ტენდერში. 78 267 486-ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის 16 თებერვალს გაფორმდა. სამუშაოების ხანგრძლივობის ვადა 48 თვეს მოიცავს. შესყიდვის ობიექტია ე.წ „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა (2 ერთეული) და ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, 26 მაისის 13-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, კახაბრის ქ.№30-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა, ს.ხიმშიაშვილის ქ.№94-96-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა (2022-2026 წწ სახსრებით).

2023 წლის დეკემბრის ცვლილებით, ხელშეკრულებიდან კახაბრის ქ.№30 ამოიღეს, რადგან მოსახლეობასთან პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ამდენად, მთლიანი ღირებულება 15 926 420,00 ლარით შემცირდა და საბოლოო 61 720 876,33 ლარით განისაზღვრა. დანარჩენი შეთანხმებები, ძირითადად, ავანსის გადახდის საკითხებს მოიცავს. ბოლო, მეცხრე, ცვლილება ხელშეკრულებაში 2024 წლის 18 იანვარს განხორციელდა. ამჯერად საუბარია სამუშაოების პროცესში წარმოქმნილ ხელისშემშლელ გარემოებებზე. საინტერესოა, რომ ხელისშემშლელი გარემოებების წარმოქმნა სამუშაო პროცესში თითქმის ყველა პროექტთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკაა, რაც მშენებლობის ვადების გახანგრძლივების საფუძველი ხდება. ამ კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთულია სულ სამი ნაკრები უწყისი, რომელთა მიხედვითაც, შესრულებული სამუშაოების ღირებულება არის 0 ლარი და კომპანიისთვის ანაზღაურებული თანხა - 13 773 067 ლარი - მთლიანად ავანსს შეადგენს. ე.წ „შანხაის დასახლებაში“ სამშენებლო ობიექტი, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ, ასე გამოიყურება.

სამშენებლო მოედანი „შანხაის“ დასახლებაში

შპს „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ახალი წლის წინ, ზუსტად 2023 წლის 29 დეკემბერს, 60 000 ლარი შესწირა. კომპანიის მფლობელ ნანა აროშიძეს კი 2012 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, 60 000 ლარი მაშინდელი პოლიტიკური ძალის - „საქართველო არ იყიდება“ - სასარგებლოდ გადაურიცხავს. ეს ორგანიზაცია დაკავშირებული იყო წინა ხელისუფლებასთან და, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, 2012 წლის არჩევნებამდე უკანონო შემოწირულება აქვს გაკეთებული მაშინდელი მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.

ამდენად, სახელმწიფო პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში დაწყებული ორი მშენებლობა უკვე ერთი წლით გაჭიანურდა და დაზუსტებით იმის თქმა, რომ სამუშაოები ახალი გრაფიკის მიხედვით დასრულდება, ჯერაც შეუძლებელია. დანარჩენი ორი ტენდერის შემთხვევაში კი „ანაგისთვის“ მხოლოდ ავანსის სახით გადახდილი თანხის მოცულობა 18 285 317 ლარია, შესრულებული სამუშაოებისთვის ანაზღაურებული კი - 0 ლარი. აქედან გამომდინარე, განცხადება, რომ მშენებლობები „საკმაოდ კარგი ტემპებით“ მიმდინარეობს, არ შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ოფიციალურ ინფორმაციას. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის მცდარი.