ბექა ლილუაშვილი: 2004-2007 წლებში სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2004-2007 წლებში საქართველოს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 9.3%-ით იზრდებოდა, სომხეთის - 12.8%-ით და აზერბაიჯანის - 23.8%-ით. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა ჯამურად - 43%-ით, სომხეთის - 62%-ით, ხოლო აზერბაიჯანის 135%-ით გაიზარდა.

2004-2007 წლები გლობალურადაც უფრო მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა, რა დროსაც პლანეტის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4.3%-ით იზრდებოდა, მაშინ, როცა 2008-2022 წლებში, ზრდის ტემპი 2.5%-მდე შემცირდა. მსგავსი და კიდევ უფრო დიდი კლება აღინიშნა როგორც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, ასევე საქართველოს კიდევ ორ მეზობელ სახელმწიფოში - თურქეთსა და რუსეთში.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადებას დასახელებული ფაქტების მიუხედავად, ერთი დაზუსტება მაინც აკლდა - 2004-2007 წლებში, ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 2.5-ჯერ, 55 დოლარიდან 140 დოლარამდე, გაიზარდა (აზერბაიჯანისგან დამოუკიდებელი ფაქტორი), რამაც აზერბაიჯანის ნახტომისებურ ზრდაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის მიერ მოპოვებისა და ექსპორტის ნახტომისებური ზრდა და ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლა სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა.

ანალიზი: 18 იანვარს „ტვ პირველის“ ეთერში თოქშოუ „რეაქციაში“ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირველი ვადის დროს არსებულ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა (1:01:00-დან): „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი მიღწევა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2007 წელს. იცით რა მოცემულობა იყო მაშინ რეგიონში? პირველი ნახევარი თავის მმართველობის უბრალოდ რეგიონულ ტალღაზე იჯდნენ, სომხეთსაც მეტი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა მაშინ იმ პერიოდში, აზერბაიჯანს 3-ჯერ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა“.

2004-2007 წლებში გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე შემდეგ წლები. მსოფლიო ბანკის ცნობით, ამ პერიოდში პლანეტის ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 4.3%-ით იზრდებოდა, 2008-2022 წლებში - 2.5%-ით.

2004-2007 წლებში სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოც ეკონომიკის სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა. საქართველოში საშუალო წლიურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, სომხეთში - 12.8% და აზერბაიჯანში - 23.8%.

ცალსახაა, რომ რომ საანგარიშო პერიოდში, ორივე მეზობელ სახელმწიფოში ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში. უფრო მეტიც, ამ ოთხი წლიდან ოთხივე შემთხვევაში, საქართველო ზრდის ტემპით მესამე ადგილს იკავებდა.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის ტემპი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

2004-2007 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ჯამურად - 43%-ით, სომხეთის - 62%-ით ხოლო აზერბაიჯანის 135%-ით გაიზარდა.

გრაფიკი 2: ჯამური ეკონომიკურის მოცულობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, 2003 და 2007 წლების შედარება

წყარო: მსოფლიო ბანკი

მშპ-ის ზრდის ტემპი ქვეყანაში დამოკიდებულია, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ასევე გარე ფაქტორებზე. მცირე ზომის ქვეყნებს გლობალურ გარემოზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. მათი ეკონომიკა შესაძლოა, წარმოების უცვლელად დატოვების პირობებში, გაიზარდოს ან შემცირდეს.

აზერბაიჯანის ეკონომიკაში ნავთობსა და გაზს წამყვანი ადგილები უკავიათ, მათი წილი ექსპორტში 85%-ს აჭარბებს. 2004-2007 წლებში, ამჟამინდელი კურსით, ბარელი ნავთობის ფასი 2.5-ჯერ - 55 დოლარიდან 140 დოლარამდე, გაიზარდა. იმავე პერიოდში, აზერბაიჯანმა ნავთობის ექსპორტი 340%-ით - დღიური 170 ათასიდან 745 ათასამდე, გაზარდა. ნავთობთან ერთად ფასები ბუნებრივ აირზეც გაიზარდა. 2006 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაიხსნა, 2007 წელს სამხრეთის, იგივე შაჰ-დენიზის გაზსადენი.

აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთის ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენა წიაღისეულ საწვავზე ფასების ზრდას არ მოუხდენია. სომხეთზე არც გაზსადენსა და ნავთობსადენს გაუვლია, თუმცა მისი ეკონომიკა საქართველოსთან შედარებით მაინც უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა.

2004-2007 წლებში, მომდევნო წლებთან შედარებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მსგავსად, საქართველოს კიდევ ორი მეზობელი სახელმწიფო - რუსეთი და თურქეთიც, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდნენ.

გრაფიკი 3: საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი

წყარო: მსოფლიო ბანკი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.3-ჯერ შემცირდა, 2004-2007 წლებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ის ბოლო მესამე ადგილზე იმყოფებოდა, 2008-2022 წლებში კი პირველ ადგილზე აინაცვლა, რადგან იმავე პერიოდში სომხეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი - 4.1-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანის 8.2-ჯერ შემცირდა.

ბექა ლილუაშვილის განცხადება, რომ 2004-2007 წლებში ზოგადად რეგიონი მაღალი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდა, აზერბაიჯანსა და სომხეთს კი საქართველოზე მაღალი ზრდა ჰქონდა, მთლიანობაში სიმართლეს შეესაბამება. თუმცა. რადგან აზერბაიჯანის შემთხვევაში გადამწყვეტი როლი წიაღისეულ საწვავზე ფასების ზრდამ განაპირობა, „ფაქტ-მეტრმა“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი