ანა დოლიძე: 2015 წელს საქართველოში 59 ათასი ბავშვი დაიბადა, 2022 წელს კი 42 ათასი ბავშვი... საქართველოში შობადობა იკლებს ყოველწლიურად
საქსტატის მონაცემებით, 2015-2022 წლებში საქართველოში შობადობა, ასევე შობადობის კოეფიციენტი [1 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით] ყოველწლიურად მცირდება.
2015 წელს საქართველოში 59 249 ბავშვი დაიბადა. შობადობის კოეფიციენტმა [1 000 მოსახლეზე] 15.9 შეადგინა. 2022 წელს იგივე მაჩვენებელი 42 319 იყო, შობადობის კოეფიციენტი კი 11.4-მდე შემცირდა. ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ანა დოლიძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
20 იანვარს, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „TV პირველის“ ეთერში ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებზე, მათ შორის, შობადობის შემცირებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით: „2015 წელს, როდესაც მათ ხელისუფლება გადმოიბარეს, საქართველოში 59 ათასი ბავშვი დაიბადა. 2022 წელს, ანუ რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველოში დაიბადა 42 ათასი ბავშვი. ყოველწლიურ სტატისტიკას თუ შეხედავთ, საქართველოში შობადობა იკლებს და დაკლებულია 15 ათასით“.
2015 წლიდან მოყოლებული საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა, ასევე შობადობის კოეფიციენტი [1 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით] ყოველწლიურად მცირდება (იხილეთ გრაფიკი 1). საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 7.9%-ით ნაკლებია. 2022 წელს 2015 წელთან შედარებით 16 930-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა ანუ კლება იმაზე კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ამას ანა დოლიძე ასახელებს.
გრაფიკი 1: შობადობის მაჩვენებლები, 2014-2022 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
შობადობის შემცირებას მოსახლეობის ბუნებრივი კლება მოჰყვა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბოლო წლებში ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება.
საქსტატის მონაცემებით, 2015 წლიდან ბუნებრივი მატების დადებითი კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა, რაც თავის მხრივ შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული. 2020-2022 წლებში კი ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ანუ შობადობას სიკვდილიანობამ გადააჭარბა. 2020-2021 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც შობადობის შემცირებით, ასევე სიკვდილიანობის ზრდით (რაც, მათ შორის, COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებით იყო გამოწვეული). 2022 წელს ქვეყანაში სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს კვლავ აღემატებოდა, რაც ცალსახად შობადობის შემცირებით აიხსნება. 2022 წელს ქვეყნის მასშტაბით, 1000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, ბუნებრივი მატების კოეფიციენტმა -1.8 შეადგინა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამაზე ცუდი მაჩვენებელი მხოლოდ პანდემიის პერიოდში, 2021 წელს დაფიქსირდა (-3.8).
შობადობის შემცირებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის შემცირებაა, რაც დიდწილად აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული.
განცხადებაში არის უზუსტობა , „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება არა 2015 წელს, არამდე 2012 წელს გადაიბარა. თუმცა ეს უკანასკნელი უნებლიე შეცდომაა, რომელიც განცხადების არსს არ ცვლის. ანა დოლიძე კონკრეტული პერიოდის [2015-2022 წლების] მაჩვენებლებზე საუბრობს. ის შობადობის შემცირების პრობლემაზე სწორად მიუთითებს და კონკრეტულ მაჩვენებლებსაც ძირითადად სწორად ასახელებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ანა დოლიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.