სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია (1; 2), რომლის თანახმადაც ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა, რითაც „როსტოვი,კრასნოდარი,ბელგრადი და ბრიანსკი უკრაინას ტერიტორიებად გამოაცხადა,ანუ მაგ ბრძანებით მიუერთა უკრაინას“, - ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.
განკარგულებას, რომელსაც პოსტებში განიხილავენ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 2024 წლის 22 იანვარს მოაწერა და იგი პრეზიდენტის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. დოკუმენტი რუსეთის ქალაქების უკრაინის ტერიტორიად გამოცხადებას არ გულისხმობს. პირველ ნაწილში ნათქვამია: „რუსეთი საუკუნეების განმავლობაში სისტემატურად ახორციელებდა ისეთ ქმედებებს, რაც მიზნად ისახავდა ეროვნული იდენტობის განადგურებას, უკრაინელთა ჩაგვრასა და მათი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას „ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ ტერიტორიებზე“. აქ იგულისხმება დოკუმენტში ჩამოთვლილი კუბანი, სტაროდუბშინა, თანამედროვე კრასნოდარის მხარის საზღვრებში არსებული სლობოჟანშინა, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქები.
განკარგულება ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელების:
1. უკრაინულ ენაზე განათლების მიღებისა და მისი თავისუფლად გამოყენების უფლება,
2. სამოქალაქო, სოციალური, კულტურული და რელიგიური უფლებები,
3. უკრაინულენოვან მედიაზე წვდომის უფლება,
4. მშვიდობიანი შეკრების უფლება.
პრეზიდენტის განკარგულებით, მინისტრთა კაბინეტს დაევალა, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა რუსეთში უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, მათ მიერ „ისტორიულად დასახლებულ ტერიტორიებზე“. გადაწყვეტილება ასევე გულისხმობს ცენტრის შექმნას რუსეთში უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, იძულებითი რუსიფიკაციის, პოლიტიკური რეპრესიებისა და დეპორტაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. მინისტრთა კაბინეტი უფრო აქტიურად უნდა ებრძოლოს რუსულ პროპაგანდას და გააქარწყლოს რუსული მითები უკრაინის შესახებ. მათ ასევე დაევალათ, უკრაინის ისტორიისა და უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის გავრცელება და უკრაინულ სასწავლო მასალებში ეთნიკური უკრაინელებისა და რუსეთში „დამონებული ხალხების“ „ნამდვილი ისტორიის“ ჩართვა.
ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ზელენსკიმ რუსეთის რამდენიმე ქალაქი უკრაინის ტერიტორიად გამოაცხადა, ყალბია.
-----------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.