სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები საფოსტო მარკის ფოტოს ავრცელებენ (1,2,3,4) მტკიცებით, რომ მასზე ღვთისმშობლის ხატია გამოსახული. „ღვთისმშობლის ხატი საქართველოს ფოსტის საწებავ მარკებად! ბეჭედდასმული, კაცმა რომ არ იცის გახსნის შემდეგ სად გადავარდება! მეტი ვერაფერი ნახეთ ასაგდებად?“. „სისტემა უნდა დაინგრეს და უნდა აიკრძალოს ეს ხატების გმობა და შეურაცხყოფა“. რეალურად, აღნიშნულ მარკაზე არა ღვთისმშობლის ხატი, არამედ ალავერდის ტაძრის ფრესკაა გამოსახული.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპლექსში რამდენიმე ნაგებობაა: ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდის მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი. მხატვრობა XV საუკუნით თარიღდება.
სწორედ აღნიშნული ფრესკაა გამოსახული საქართველოს ფოსტის საფოსტო მარკაზე.
საქართველოს ფოსტის ცნობით, ქართული საფოსტო მარკა „ქვეყნის სავიზიტო ბარათი და ხელოვნების ერთ-ერთი ნიმუშია, რომელმაც ადრესატამდე კულტურის რომელიმე კონკრეტული ნაწილი უნდა მიიტანოს“. ამ მიზნით, იქმნება სხვადასხვა სახის საფოსტო მარკები, ზოგიერთზე დატანილია საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, ზოგზე კი ქვეყნის გამოჩენილი მოღვაწეები.
ამდენად, საფოსტო მარკაზე გამოსახული ალავერდის ტაძრის ფრესკა ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნითაა დატანილი.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.