სოციალურ ქსელში ამომრჩეველთა რაოდენობაზე მანიპულაციური პოსტი გავრცელდა. პოსტის ავტორი ქვეყანაში მცხოვრებ ზრდასრულ მოსახლეობის რაოდენობას [ანუ საქსტატის მონაცემებს] ამომრჩეველთა რაოდენობას [ცესკოს მონაცემებს] ადარებს და ასკვნის, რომ რეალურად, ამომრჩეველთა რაოდენობა ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემზე გაცილებით ნაკლებია. მსგავსი შედარება მანიპულაციურია და მცდარ დასკვნამდე მივყავართ.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ცესკოს მონაცემები საქსტატის მონაცემებთან ვერ შედარდება, რადგან ეს ორი სხვადასხვა მაჩვენებელია. საქსტატის სტატისტიკა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას, ასახავს. ხოლო ცესკოს საარჩევნო სიაში ხვდება არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე ყველა მოქალაქე, მათ შორის, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

გავრცელებული პოსტის აღწერაში ვკითხულობთ - „საქართველოში 2014 წელს ქოცების მიერ ჩატარებული საყოველთაო აღწერის თანახმად, ქვეყანაში ცხოვრობდა 2.9 მლნ 14 წელს გადაცილებული პირი. ანუ ამომრჩევლის რაოდენობა 2.9 მლნ-ს ვერანაირად ვერ გადააჭარბებდა!

2020 წლის არჩევნებში საარჩევნო სიაში ჰყავდათ 3.7 მლნ-ზე მეტი ადამიანი.

საიდან მოვიდა ერთი მლნ ადამიანი 2014 წლიდან 2020 წლამდე სიაში? ამ პერიოდში საქართველო მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. შესაბამისად არჩევნებში რეალურად მაქსიმუმ მილიონ-ნახევარი პირი შეძლებს მონაწილეობას. მეტი ამომრჩეველი ქვეყანაში ფაქტიურად აღარ არი!“.

რეალურად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობამ დაახლოებით 3.7 მლნ შეადგინა. აქედან, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა 3 022 475 იყო. აქვე განვმარტავთ, რომ შემდგომ წლებში მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). საქსტატის მონაცემები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთო რაოდენობას, ასახავს. აღნიშნულ სტატისტიკაში საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ ხვდებიან. შესაბამისად, საქსტატის მონაცემები, ანუ საქართველოში მცხოვრებ პირთა რაოდენობა და ამომრჩეველთა სია [საქართველოს მოქალაქეების მქონე 18 წლის და უფროსი ასაკის პირები] ორი სხვადასხვა მონაცემია.

საარჩევნო უფლების მქონე პირების შესახებ მონაცემებს ცესკოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები გადასცემენ, აღნიშნული სიები მუდმივად განახლებადია. აქვე განვმარტავთ, რომ ამომრჩეველთა სია არის სრულად ბიომეტრიული, ფოტოსურათზე დაყრდნობილი. ამომრჩეველთა სიები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. ამასთან, ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 526 023-ს შეადგენდა, პოსტის ავტორი ამ მაჩვენებელს გადაჭარბებულად წარმოაჩენს. ამასთან, თუ წინა საარჩევნო წლებს შევადარებთ, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იცვლება. მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიაში 3 513 884 ადამიანი იყო, 2012 წელს კი - 3 613 851.

ამასთან, გავრცელებულ პოსტში ასევე ვხვდებით დეზინფორმაციას, თითქოს 2014 წლიდან 2020 წლამდე საქართველო მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მიგრაციული სალდო უნდა განვიხილოთ, ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის. მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირება და ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა უგულებელყოფა, მანიპულაციურია და რეალურ სურათს ამახინჯებს. საქსტატის მონაცემებით, 2014 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში საქართველოდან 39,249 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, 2014-2019 წლებში 129,206 მოქალაქით მეტმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციული სალდო უარყოფითია, მტკიცება, თითქოს ამ პერიოდში მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო, მცდარია. ამასთან, პოსტის ავტორი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას ემიგრაციაში წასულ პირთა რაოდენობას აკლებს. რეალურად, ემიგრანტები ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას არ/ვერ დააკლდება, რადგან ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეზღუდებათ. საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს (მიუხედავად მათი ტერიტორიული ადგილმდებარეობისა) არჩევნებში მონაწილეობის უფლება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

ამრიგად, პოსტის ავტორი ორ განსხვავებულ მონაცემებს ადარებს ერთმანეთს, რაც ცალსახად მანიპულაციურია. ხოლო მისი მტკიცება, თითქოს მილიონი ადამიანით მეტია საარჩევნო სიებში, ვიდრე რეალურადაა, მცდარია. გარდა ამისა, პოსტის ავტორის მიერ დასახელებული სხვა მონაცემებიც არაზუსტია.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.