ირაკლი კობახიძე: [ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე] გახარია დაიმალა მეორე დღეს, როდესაც ჩვენი მოთხოვნით მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
2024 წლის 12 იანვარს ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას გამოეხმაურა. მან ინიციატივას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ საქმეში ჩახედულ კაცს გიორგი გახარიასთან „კითხვაც კი არ აქვს არცერთ თემაზე დასასმელი“.
იმ საკითხებს შორის, რაზეც, კობახიძის მითითებით, მმართველი გუნდი კითხვა-პასუხს არ საჭიროებს, 2018 წელს გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს კლუბ ,,ბასიანში’’ ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ განვითარებული მოვლენებია. ,,ჩვენ არ გვაქვს მასთან არავითარი კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ შევარდა თვითნებურად „ბასიანში“ და რატომ შექმნა სრულიად ხელოვნურად ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირების პირველი პრეცედენტი; რატომ გვატყუებდა, რომ „ბასიანში“ შეჭრისას, ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი უამრავი ვიდეომტკიცებულება ამოიღო და რატომ დაიმალა მეორე დღეს, როდესაც ჩვენი მოთხოვნით ეს მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა“,- აღნიშნა პოლიტიკოსმა.
,,ფაქტ-მეტრმა’’ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.
ზემოაღნიშნულ განცხადებაში ირაკლი კობახიძე ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი - მისი მტკიცებით, 2018 წლის 12 მაისს „ბასიანში“ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო სპეცოპერაცია „თვითნებური“ იყო. მეორე - გახარიამ მოიტყუა, ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებების შესახებ და როდესაც მტკიცებულებები უნდა წარედგინა, „დაიმალა“. „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ სტატიაში არ მიმოხილავს იმას, აღნიშნული ოპერაცია რამდენად გამართლებული იყო და გიორგი გახარიას მისამართით კითხვები რამდენად ლეგიტიმურია. სტატიაში ირაკლი კობახიძის განცხადების ის ნაწილი გადამოწმდება, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარიამ „მოთხოვნა“ არ შეასრულა და საპარლამენტო ფორმატში მოსმენას თავი აარიდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში „ბასიანი“ და „გალერი“ მასშტაბური საპოლიციო სპეცოპერაცია ჩატარდა. ამ დღეს, სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მხარდასაჭერად გამართული აქცია დაარბია და ათეულობით მონაწილე დააკავა.
ირაკლი კობახიძე 2018 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. ის „ბასიანის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს 14 მაისს გამოეხმაურა და „სპეცოპერაციის დეტალურად განსახილველად“ შს მინისტრის საპარლამენტო ფორმატში მოსმენა დააანონსა:
„ჩვენთვის მთავარია, დეტალებში განვიხილოთ სპეცოპერაციის საკითხები და ამასთან დაკავშირებით არის მზადყოფნა. ამ კვირის ბოლომდე შედგება საპარლამენტო ფორმატში შეხვედრა შს მინისტრთან და იქ განვიხილავთ დეტალებს. მე მაქვს გარკვეული წინასწარი განწყობა. მქონდა შეხვედრა შს მინისტრთან და მან განმარტა მიზეზები ამ სპეცოპერაციის, კონკრეტულად ფორმის შერჩევის მიზეზები და ა.შ. ვიდრე დეტალებს არ განვიხილავთ, საბოლოო პოზიციას ვერ ჩამოვიყალიბებთ",- აცხადებდა კობახიძე.
როგორც ვხედავთ, 2024 წლის 12 იანვარს გავრცელებული განცხადებისგან განსხვავებით, სადაც ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას ,,მოთხოვნის არ შესრულებას’’ აბრალებს, 2018 წლის განცხადებაში მსგავსი პრეტენზია არ იკვეთება. ამასთან, ბუნდოვანია, რატომ დუმდა პარლამენტი 2018 წელს, თუ კი გიორგი გახარია ვალდებულებებს არ ასრულებდა.
მთავრობის, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა თუ ცალკეული მინისტრების პარლამენტისადმი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. მთავრობის წევრი მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინოს.
2018 წელს, სპეცოპერაციის შედეგად წარმოშობილ კითხვებზე პასუხების გასაცემად გიორგი გახარია პარლამენტში უმცირესობის ფორმატში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა. მას 18 მაისს პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს, სადაც 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეულ სამუშაოს შედეგებზე, შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და 2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე გამახვილდა ყურადღება. სიტყვით გამოსვლის დროს გახარიამ პარლამენტარებს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეომტკიცებულებაც წარუდგინა.
აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადების საპირისპიროდ, არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ გიორგი გახარიას საპარლამენტო ფორმატში მოსმენისთვის თავი არ აურიდებია. ამასთან, თუ გიორგი გახარია, როგორც კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი პირი პარლამენტის წინაშე, პარლამენტისთვის შესაბამისი განმარტების მიცემას მართლაც თავს აარიდებდა, ირაკლი კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული იყო, საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება შეესრულებინა და მაკონტროლებლის კონსტიტუციით გარანტირებული ბერკეტები გამოეყენებინა.
ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა კითხვები შს მინისტრის მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით და მინისტრი „დაემალა“, ერთი მხრივ - ფაქტობრივად მცდარია, რადგან არქივიდან იძებნება მასალა იმის დასადასტურებლად, რომ გახარია სესიაზე მივიდა. მეორე მხრივ კი, აღნიშნული განცხადება საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგიდან გამომდინარე, აბსურდულია, რადგან მინისტრი პირდაპირაა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული და ამ ანგარიშვალდებულების თავიდან არიდების ბერკეტი არ გააჩნია. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ფაქტ-მეტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
დამატებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის შემდეგ, სამოქალაქო სექტორი, საქართველოს სახალხო დამცველი თუ ოპოზიციური სპექტრი 12 მაისის საპოლიციო ოპერაციასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან ხარვეზებზე აპელირებდა, როგორიცაა, ჩხრეკის ჩატარების უსაფუძვლობა, რეპრესიული ძალის გამოყენებით ადამიანებში შიშისა და დაუცველობის დანერგვა თუ სხვ. ამის მიუხედავად, ირაკლი კობახიძემ და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებმა გახარიას შს მინისტრობის დროს განხორციელებული სპეცოპერაციების ხმამაღლა გაკრიტიკება, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და საკუთარი პარტია შექმნა.