სოციალურ ქსელში ჰოლოკოსტის უარმყოფელი კონსპირაციული მტკიცება ვრცელდება. მტკიცების მიხედვით, ჰოლოკოსტი „სიონისტებმა მსოფლიო მმართველობის სადავეების ხელში ჩასაგდებად გამოიგონეს“.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული მტკიცება გადაამოწმა და ჰოლოკოსტთან დაკავშირებით მრავალი წყარო შეისწავლა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლოკოსტს მითად, ხოლო მასთან დაკავშირებული ცნობების გაზვიადებულად წარმოჩენას ბევრი გამავრცელებელი ჰყავს. მაგალითად, 1980 წლის შემდეგ დაბადებული ჰოლანდიელების მეოთხედი ჰოლოკოსტის არსებობას უარყოფს ან მიიჩნევს, რომ მისი მონაცემები გადაჭარბებულია. გაეროსა და UNESCO-ს მიერ 2021 წლის ივნის-ივლისში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც Facebook-ზე, Instagram-ზე, Telegram-ზე, TikTok-სა და Twitter-ზე ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ მასალებში ჰოლოკოსტის უარყოფის ან ფაქტების დამახინჯების შემთხვევებს იკვლევდა, დაადგინა, რომ Telegram-ზე გამოქვეყნებული ჰოლოკოსტთან დაკავშირებული მასალის 49% მას უარყოფდა ან მასთან დაკავშირებულ ფაქტებს აყალბებდა. Twitter-ზე ეს მაჩვენებელი თითქმის 20% იყო, Facebook-ზე - 8%, ხოლო Instagram-ზე - 3%.
როგორც წესი, ჰოლოკოსტის დამახინჯებისას ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია მიზანმიმართულად ხდება. მაგალითად, მსხვერპლთა რაოდენობის საგრძნობი შემცირება, გადარჩენილთა რაოდენობის გაზვიადება, ქვეყნის ისტორიის მონაკვეთების გამოტოვება და სხვა.
კვლევაში გამოყენებული ჰოლოკოსტის საერთაშორისო ხსოვნის ალიანსის (IHRA) მიერ შემუშავებული სამუშაო განმარტებების მიხედვით, ჰოლოკოსტის უარყოფა ან დამახინჯება შემდეგ სახეებს მოიცავს:
აღნიშვნა/ზეიმი: განცხადებები, რომლებიც ჰოლოკოსტს დადებით ისტორიულ მოვლენად წარმოაჩენენ (მაგალითად სლოგანები: „6 მილიონი არ იყო საკმარისი“).
დადანაშაულება: ჰოლოკოსტის მოწყობაში თავად ებრაელების დადანაშაულება. მტკიცება ამ შემთხვევაში ებრაელების მიერ ჰოლოკოსტის მოწყობის მიზნად ერი- სახელმწიფოს შექმნის მოტივს ასახელებს, ან ჰოლოკოსტს ებრაელების მიერ პროვოცირებულს უწოდებს.
დელეგიტიმაცია: ისრაელის ნაცისტურ სახელმწიფოდ წარმოჩენა და პალესტინელების მიმართ ისრაელის პოლიტიკის ჰოლოკოსტის დროინდელ გაზის კამერებთან, სიკვდილის ბანაკებთან და მასობრივ მკვლელობებთან, გათანაბრება.
შეურაცხყოფა: მტკიცებები, რომლებიც ებრაელებს ჰოლოკოსტის საშუალებით სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს.
გათანაბრება: მტკიცებები, რომლებიც ჰოლოკოსტს სხვა მოვლენასთან აიგივებს.
გამოტოვება: ჰოლოკოსტის შემადგენელი მნიშვნელოვანი ელემენტების, მათ შორის - კოლაბორაციონისტების, მონაწილეების გამოტოვება ან მათი მნიშვნელობის და პასუხისმგებლობის უკიდურესი შემცირება.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დროს 70-დან 85 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, რომლის 2/3 სამოქალაქო მოსახლეობა იყო და მათი სიკვდილი შიმშილმა, დაავადებებმა, საჰაერო დაბომბვებმა და მასობრივმა გენოციდმა გამოიწვია. ნაცისტურმა რეჟიმმა, საერთო ჯამში, 1933-45 წლებში 17 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 6 მილიონი ებრაელი იყო. პროცესი 30-იანი წლების გერმანიაში ებრაელების, ბოშების და „არასასურველი“ ადამიანების - კრიმინალების, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისა და ჰომოსექსუალების - დევნით დაიწყო. არაებრაელების გარდა, ნაცისტურმა რეჟიმმა საბჭოთა კავშირის 5.7 მილიონი მოქალაქე და 2.95 მილიონი ომის ტყვე, 1.8 მილიონი არაებრაელი პოლონელი, 375.000 ბოშა და ა.შ. იმსხვერპლა.
ჰოლოკოსტს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების მიერ ჩადენილ მასობრივ მკვლელობებს უწოდებენ, რომლის საწყისი ეტაპიც 1933 წლის 30 იანვარს გერმანიის სათავეში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ დაიწყო, როცა 1 აპრილს ებრაულ ბიზნესებს ბოიკოტი გამოუცხადეს. მოგვიანებით გერმანულ სკოლებში ებრაელთა მონაწილეობა კვოტით შეიზღუდა და საჯარო სამსახურში ებრაელებს ყოფნა შეეზღუდათ. 1935 წლის 15 სექტემბერს ნიურნბერგში გამოქვეყნდა ნიურნბერგის კანონები - გერმანული სისხლისა და გერმანული ღირსების დაცვის შესახებ, რომელიც ებრაელების განმარტებისა და კატეგორიზაციის ძირითადი საშუალება გახდა. 1938 წლის 9 ნოემბერს ნაცისტური გერმანიის მთელ ტერიტორიაზე ორკესტრირებული ანტიებრაული ძალადობა დაიწყო, რომელიც „ბროლის ღამის“ სახელითაა ცნობილი და რომელსაც მომდევნო 48 საათში 30 000-მდე ებრაელი მამაკაცის დაპატიმრება და საკონცენტრაციო ბანაკში გადაგზავნა მოჰყვა.
გერმანიის მიერ ომის დაწყებისა და საბჭოთა კავშირთან პოლონეთის გაყოფის შემდეგ, რასაც ასევე გერმანიის მიერ მანამდე ანექსირებული ავსტრია და სუდეტენლენდი ემატებოდა, გერმანიის კონტროლქვეშ კიდევ უფრო მეტი ებრაელი მოხვდა. ეს გერმანიისთვის „ებრაელთა პრობლემის“ გადაჭრის საჭიროებას აყენებდა. 1940 წლის შემოდგომაზე ვარშავის გეტოში, რომელიც ოკუპირებულ პოლონეთში შექმნილ 400 გეტოდან ყველაზე დიდი იყო, ვარშავის მოსახლეობის 30% შეუშვეს, სადაც 1 კვადრატულ კოლომეტრზე სიმჭიდროვემ 77 000 ადამიანს მიაღწია. გეტოებში დაავადების გავრცელებამ, არასრულფასოვანმა კვებამ და სიღარიბემაც არაერთი ადამიანი იმსხვერპლა.
ნაცისტებმა ებრაელების სისტემური მკვლელობა გერმანიის მიერ სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ დაიწყეს. დაპყრობილ ტერიტორიებზე ვერმახტის გვერდით 3000 ადამიანისგან შემდგარი მოძრავი ჯგუფი „Einsatzgruppe“ მუშაობდა, რომელიც მოძრავ მკვლელ დანაყოფს წარმოადგენდა და გერმანელების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ებრაელებს, საბჭოთა კომისრებსა და ბოშა ხალხს კლავდა. უკრაინაში კიევის მახლობლად 1941 წლის 28-29 სექტემბერს ამ ჯგუფმა 33 771 ებრაელი მოკლა; ლატვიაში, რიგასთან ახლოს 30 ნოემბერსა და 8-9 დეკემბერს 25 000-28 000 ებრაელი მოკლეს. 1941 წლის ზაფხულის დასაწყისში 70 000 ებრაელი მოკლეს ვილნიუსში; 9 000 - კაუნასთან 28 ოქტომბერს. სავარაუდოა, რომ Einsatzgruppe-მა საერთო ჯამში 1.4 მილიონი ადამინი მოკლა, რომელთაგან უმრავლესობას ებრაელები შეადგენდნენ.
1942 წლის დასაწყისში ებრაელთა „პრობლემის“ „საბოლოო გადაწყვეტისათვის“ (“final solution”) ბერლინში წამყვანმა ნაცისტმა ლიდერებმა ევროპის მასშტაბით ებრაელთა მკვლელობისთვის გეგმა შეიმუშავეს. „პრობლემის გადაწყვეტა“ ებრაელების პოლონეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ბანაკებში გადაგზავნას ითვალისწინებდა. ოკუპირებულ პოლონეთში, ნაცისტებმა ტრებლინკაში, სობიბორსა და ბელზეკში ბანაკები ააშენეს. ბანაკებში იყენებდნენ მობილური გაზის ფურგონებს, მუდმივი გაზის კამერებს, კრემატორიუმებს და სხვა. ადამიანების მოსაკლავად გაზის ბანაკებში უმეტესად ნახშირბადის მონოქსიდს იყენებდნენ. ასევე გამოიყენებოდა ლეტალური აგენტი Zyklon-B, განსაკუთრებით კი ოსვენციმში. ბანაკების ნაწილს ერთადერთი ფუნქცია ჰქონდა - ადამიანების მოკვლა ევალებოდა. ბანაკების ნაწილში, მაგალითად, აუშვიცისა და მაჟდანეკში პატიმრების შრომა ომის მხარდასაჭერად გამოიყენებოდა.
ტრებლინკას ბანაკში, მისი არსებობის 17 თვის მანძილზე, 750 000-დან 925 000-მდე ებრაელი მოკლეს. ბელზეკში 10 თვეზე ნაკლებ დროში 500 000 ებრაელი გაანადგურეს. სობიბორში - 200 000-დან 250 000-მდე. აუშვიცის ბანაკში კი - 1 მილიონი.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის მონაცემებით, 1933 წლიდან 1945 წლამდე პერიოდში ყველაზე მეტი - 1 300 000 ებრაელი დახვრეტითა და გაზის ვაგონების საშუალებით გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლეს. აუშვიცის კომპლექსში მილიონი, ტრებლინკა 2-ში - 925 000, ხოლო ბელზეკში კი - 434 508 ებრაელი გაანადგურეს; გეტოებში 800 000 ებრაელი დაიღუპა. გერმანიის მიერ ოკუპირებული პოლონეთის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში დახვრეტითი ოპერაციებით 200 000 ებრაელი მოკლეს და სხვა.
ჰოლოკოსტის დროს მოკლული ებრაელების რაოდენობა 5-დან 6 მილიონამდე მერყეობს და ის სხვადასხვა წყაროში, კვლევასა და აკადემიურ ნაშრომში მრავალჯერაა დადასტურებული. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა რაოდენობა 6-მილიონიანი ნიშნულით პირველად ვილჰელმ ჰოეტლმა, ავსტრიაში დაბადებულმა მესამე რაიხის ოფიციალურმა პირმა და ისტორიკოსმა 1945 წელს ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ახსენა. მან იგივე მონაცემები 1961 წელს ისრაელში ჰოლოკოსტის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის - ადოლფ ეიხმანის, სასამართლო პროცესზეც გაიმეორა. მან გაიხსენა ეიხმანთან მისი შეხვედრა და ეიხმანის მიერ ნათქვამი ინფორმაცია, რომ 4 მილიონი ებრაელი ბანაკებში გაანადგურეს, 2 მილიონი კი დახვრეტითი ოპერაციებით, დაავადებებით და სხვა მიზეზებით გარდაიცვალა. ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული შესწავლისას როლ ჰილბერგმა 1961 წლის ნაშრომში „ევროპელი ებრაელების განადგურება“, დაასახელა ჰოლოკოსტის 5.1 მილიონი მსხვერპლი. ლუსი დავიდოვიცმა კი - 5 933 900. ვოლფგანგ ბენცის მიხედვით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა რიცხვი 5.3 მილიონიდან 6.2 მილიონამდე მერყეობს.
ამასთანავე, მართალია, ნაცისტური გერმანიის ერთიანი, ყოვლისმომცველი დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენის საშუალებას მოგვცემდა, თუმცა მოიპოვება მესამე რაიხის დროინდელი დოკუმენტების ასიათასობით გვერდი, სადაც ბანაკებში ტრანსპორტირებისა და გაზით მოკვლის ოპერაციებში მონაწილე ებრაელთა რაოდენობაა მითითებული. ამგვარად, დაღუპულთა და მოკლულთა სპეციფიკური და შედარებით ზუსტი რიცხვები ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბანაკის მონაცემების მიხედვით არის შედგენილი.
დეზინფორმაცია, თითქოს ჰოლოკოსტის 6 მილიონი მსხვერპლი მითია, ზოგიერთ შემთხვევაში, 1990-იანი წლების დასაწყისში აუშვიცში მემორიალურ დაფაზე ინფორმაციის ცვლილებას ეფუძნება. კერძოდ, აუშვიცის ბანაკი პოლონეთის მთავრობამ მუზეუმად 1947 წელს გადააკეთა და მის მემორიალურ დაფაზე მსხვერპლთა რაოდენობის აღსანიშნავად საბჭოთა კავშირის მიერ ბანაკის გათავისუფლების შემდეგ ჩატარებული გამოძიების შედეგად მიღებული რიცხვი - 4 მილიონი, დაიტანა. 1990 წელს აუშვიცის მუზეუმიდან აღნიშნული მემორიალური დაფა მოხსნეს, ხოლო მუზეუმის ისტორიკოსმა განაცხადა, რომ აუშვიცის ბანაკში მსხვერპლთა რაოდენობა არა 4, არამედ დაახლოებით 1.5 მილიონი იყო. შესაბამისად, შეიცვალა მემორიალურ დაფაზე აუშვიცის ბანაკში დაღუპულ ებრაელთა რაოდენობაც. ამ ფაქტმა ხელჩასაჭიდი მისცა იმ ადამიანებს, რომლებიც ჰოლოკოსტს უარყოფდნენ ან მონაცემებს ამახინჯებდნენ, რათა ემტკიცებინათ, რომ აუშვიცის ბანაკის მემორიალურ დაფაზე მსხვერპლთა რაოდენობის შემცირება 4 მილიონიდან 1.5 მილიონამდე, ჰოლოკოსტის დროს მოკლული ებრაელების 6 მილიონიანი ნიშნულიდან 3.5 მილიონამდე შემცირებას ავტომატურად იწვევდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დასავლური წყაროები და მკვლევრები, მათ შორის უპირველესად ისინი, რომლებმაც ჰოლოკოსტის დროს დაღუპულ ებრაელთა რაოდენობა 6 მილიონად შეაფასეს, აუშვიცის ბანაკში 4 მილიონი ებრაელის მოკვლის ფაქტს დიდი ხნით ადრე უარყოფდნენ და ამ რიცხვს 1-2 მილიონამდე შუალედში ასახელებდნენ.
ხოლო მტკიცება, რომ ებრაელებმა ჰოლოკოსტი იმისთვის მოიგონეს, რომ სიონისტებს ხელში ძალაუფლება ჩაეგდოთ, კონსპირაციაა. შეგვიძლია, ის შეთქმულების თეორიათა იმ ფართო კატეგორიაში გავაერთიანოთ, რომელიც ებრაელებს მსოფლიოს მმართველებად წარმოადგენს.
მართალია, კონსპირაციული თეორიების გაბათილება ერთი კონკრეტული ფაქტის მოხმობით ნაკლებად შესაძლებელი ამოცანაა, რაც არის კიდეც კონსპირაციების მახასიათებელი, თუმცა იმ მტკიცების აბსურდულობა, თითქოს მსოფლიოს ებრაელები მართავენ და ჰოლოკოსტიც მსოფლიო მმართველობის ხელში ჩასაგდებად გამოიყენეს, ცხადი ხდება მაშინვე, როდესაც ამ კონსპირაციის სათავეებს შევისწავლით.
კერძოდ, შეთქმულების თეორია, თითქოს ებრაელები მსოფლიოს მართავენ და მასში მიმდინარე მოვლენებს განსაზღვრავენ, მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან იღებს სათავეს და ევროპაში მცხოვრებ როტშილდების ოჯახს უკავშირდება და დროისა და მოვლენების სვლასთან ერთად სხვადასხვა სახეს იღებს. მაგალითად, როტშილდების ოჯახს ადანაშაულებენ ომების დაწყებაში, კლიმატისა და ამინდის კონტროლში, პოლიტიკოსების მართვასა და ა.შ. როტშილდის კონსპირაციის უფრო მოქნილი და განვითარებული ვერსიაა „სიონისტ უხუცესთა ოქმების“ (Protocols of the Elders of Zion) შეთქმულების თეორია, რომელიც უკვე 1900-იანი წლებიდან იღებს სათავეს. გავრცელებული მტკიცების მიხედვით, „სიონისტ უხუცესთა ოქმები“ მსოფლიოზე დომინანტობის მოსაპოვებლად ებრაელთა შეთქმულებას ასახავს. ის საერთო ჯამში 24 თავს მოიცავს და თითქოსდა ებრაელი ლიდერების შეხვედრების წუთებს აღწერს, სადაც ისინი ეკონომიკის მანიპულირებით, მედიის კონტროლითა და რელიგიური კონფლიქტების წახალისებით მსოფლიოს მართვის „საიდუმლო გეგმებს“ განიხილავდნენ.
„სიონისტ უხუცესთა ოქმებმა“ მოგვიანებით ვაიმარის რესპუბლიკაში ებრაელების მიმართ გაძლიერებულ ანტისემიტიზმში მნიშვნელოვანი როლი დაიკავა. 1919 წელს გერმანიის ერთ-ერთმა წამყვანმა სამხედრო ლიდერმა ერიკ უდენდორფმა I მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების ერთ-ერთ პასუხისმგებელ ჯგუფად ებრაელები დაასახელა. ის „სიონისტ უხუცესთა ოქმებზე“ დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ „ებრაელი ხალხის უმაღლესი მთავრობა მუშაობდა საფრანგეთთან და ინგლისთან ერთად [და] შესაძლოა, ორივეს ხელმძღვანელობდა“.
1920-იანი წლების გერმანიაში ებრაელები, რომლებიც მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს წარმოადგენდნენ, გერმანიისთვის ყველა უბედურების წყაროდ მიიჩნეოდნენ. მათ ბრალდებოდათ, მათ შორის, ომის ღალატი, ვერსალის ხელშეკრულება, ვაიმარის რესპუბლიკის დაარსება და სხვა. ამიტომ ვაიმარის რესპუბლიკის დაშლა ებრაული შეთქმულებისგან გადარჩენის ნაბიჯად ცხადდებოდა. ამ მიზეზით, 1922 წლის 24 ივნისს შეთქმულებმა მოკლეს ვოლტერ როთენაუ - ებრაელი წარმოშობის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი მკვლელები ჩადენილ ქმედებას იმით ამართლებდნენ, რომ ვოლტერ როთენაუ „სიონისტი უხუცესი“ იყო.
სინამდვილეში „სიონისტ უხუცესთა ოქმები“ ყალბია და ის 1903 წელს ებრაელების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად რუსეთის საიდუმლო პოლიციამ შექმნა. ისინი თავდაპირველად რუსულ გაზეთში გამოქვეყნდა და მიზნად ებრაელების სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დადანაშაულებას ისახავდა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ანტი-ბოლშევიკებმა „სიონისტი უხუცესების ოქმები“ დასავლეთში წაიღეს და გაავრცელეს, მალე მათი ცირკულირება ევროპის გარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ ამერიკაში, იაპონიაში დაიწყო. თუმცა 1921 წელს London Times-მა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ „ოქმები“ სინამდვილეში პლაგიატს წარმოადგენდა და ისინი გადაწერილი იყო მორის ჟოლის 1868 წლის ფრანგული პოლიტიკური სატირიდან „დიალოგი ჯოჯოხეთში მაკიაველსა და მონტესკიეს შორის“, რომელშიც ებრაელები საერთოდ არ იყვნენ ნახსენებნი.
მოგვიანებით, „ოქმების“ სიყალბე არაერთხელ დადგინდა. მაგალითად, 1935 წელს შვეიცარიის სასამართლომ ორი ნაცისტი ლიდერი პროტოკოლების გერმანულად გამოცემისა და გავრცელებისთვის დაადანაშაულა. პროცესზე ოქმები, როგორც „ცილისმწამებლური“ და „აშკარად გაყალბებული“, ისე დაახასიათეს. 1964 წელს აშშ-ს სენატში მოხსენებაც გამოქვეყნდა, რომელშიც ოქმები „გაყალბებულად“ აღწერეს და მისი გამავრცელებლები გააკრიტიკეს.
მიუხედავად იმისა, რომ „სიონისტ უხუცესთა ოქმების“ ნამდვილობა ბევრჯერ გაბათილდა, ის მაინც ფართოდ გავრცელდა და ებრაელების მიმართ არსებულ კონსპირაციულ თეორიებს, განსაკუთრებით კი იმათ, რომელთა მიხედვით ებრაელები მსოფლიო მმართველობის მოპოვებას ცდილობენ, დიდი ხნის განმავლობაში ინტენსიურად კვებავდა.
ამდენად, მტკიცება, რომ ჰოლოკოსტის დროს 6 მილიონი ებრაელი არ მოუკლავთ ყალბია, ხოლო მტკიცება, რომელიც ებრაელებს მსოფლიოს მმართველებად ან მმართველობის ხელში ჩასაგდებად შეთქმულ ძალად წარმოაჩენს - კონსპირაციაა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.