სოციალურ ქსელში Facebook ანგარიში „დაფარული სამყარო“ ავრცელებს ვიდეო Reel-, სადაც ამტკიცებს, რომ დედამიწა ბრტყელია. ვიდეო კონსპირაციული თეორიის მხარდაჭერას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მასში გაჟღერებული მტკიცებები მეცნიერულ მტკიცებულებებთან შეუთავსებელია.

მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ დედამიწას მრგვალი სფეროს ფორმა აქვს, ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული არსებობდა. ჯერ კიდევ ძვ.წ IV საუკუნეში ამ მოსაზრებას ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე გამოთქვამდა. არისტოტელეს თანახმად, მთვარის დაბნელება გამოწვეული იყო დედამიწის მზესა და მთვარეს შორის გავლით, რა დროსაც დედამიწის ჩრდილი მთვარეზე რკალისებურია (დედამიწას ბრტყელი ფორმა რომ ჰქონდეს მისი ჩრდილი მთვარეზე წაგრძელებული ფორმის იქნებოდა). გარდა ამისა, ბერძნებმა ემპირიული დაკვირვების შედეგად ისიც აღმოაჩინეს, რომ როდესაც გემი ნაპირიდან ჰორიზონტისკენ მიცურავს, ჯერ მისი კორპუსი ქრება თვალთახედვის არიდან, ხოლო შემდეგ ანძა. ეს სწორედ დედამიწის სფეროსებურობით აიხსნება.

ბერძნები კიდევ ერთ არგუმენტს იყენებდნენ, რომელიც პოლარული ვარსკვლავის განსხვავებულ მდებარეობას უკავშირდება. კერძოდ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ სამხრეთში პოლარული ვარსკვლავი უფრო დაბლა ჩანს, ვიდრე ჩრდილოეთში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ დედამიწის სფეროსებური ფორმის გამო სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან სხვადასხვა თანავარსკვლავედს ვხედავთ. ეს ნიშნავს, რომ ვარსკვლავთა სიმაღლე ჰორიზონტის მიმართ იცვლება. დედამიწის სფეროსებურობა კიდევ ერთხელ მე-16 საუკუნეში ფერნანდო მაგელანის მოგზაურობით დამტკიცდა.

გარდა ანტიკურ თუ შუასაუკუნეებში დაგროვილი ცოდნისა, დედამიწის სფეროსებურობას დღეისთვის მრავალი ფაქტი ადასტურებს.

მაგალითად, სიმაღლის მატებასთან ერთად ჰორიზონტის ხაზი ფართოვდება და ხედვის არეალი იზრდება. დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო, სიმაღლეზე ასვლისას იგივე მანძილს დავინახავდით. გარდა ამისა, მთებთან მიახლოებისას თავდაპირველად ჩვენი მხედველობის არეში მთის მწვერვალი ექცევა, ხოლო შემდეგ მთის ძირი, რაც სწორედ დედამიწის სფეროსებურობით აიხსნება.

დედამიწის სფეროსებურობაზე მეტყველებს დროის განსხვავებული ზონების არსებობაც. სწორედ დედამიწის სფეროსებურობა განსაზღვრავს იმას, რომ მზის სხივები ჩვენს პლანეტას სხვადასხვა კუთხით ეცემა და არათანაბრად ათბობს, რა დროსაც ერთ ნახევარსფეროში დღეა, ხოლო მეორე ნახევარსფეროში ღამე. დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო, მაშინ ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ადამიანები მზის ამოსვლასა და ჩასვლას ზუსტად ერთსა და იმავე დროს დაინახავდნენ, მაშინ როცა პრაქტიკაში განსხვავება დაახლოებით სამი საათია.

გარდა ამისა, დედამიწა ბრტყელი რომ იყოს, მის ზედაპირს მზის სხივები ყოველთვის ერთი და იმავე კუთხით დაეცემოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა კონტინენტზე მდებარე სახელმწიფოებში წელიწადის დროები ზუსტად ერთნაირად შეიცვლებოდა. ბრტყელი დედამიწის კონსპირაცია კი ამას ვერ ხსნის.

საბოლოოდ კი, მტკიცება იმის შესახებ, რომ დედამიწა სფეროსებურია და არა ბრტყელი, XX საუკუნეში კოსმოსიდან გადაღებულმა ფოტოსურათებმა ყველაზე უკეთ დაადასტურა.

წყარო: https://.nasa.gov (პირველი ფოტო გადაღებულია 2015 წელს მთვარის ორბიტიდან; მეორე ფოტოზე დედამიწისა და მთვარის მოძრაობა ერთდროულადაა დაფიქსირებული).

1931 წლის მაისში ჟურნალ National Geographic-ში გამოქვეყნებული სტატია აღწერს, თუ როგორ აჩვენა სამხრეთ ამერიკაში თვითმფრინავიდან 21 000 ფუტის სიმაღლეზე გადაღებულმა ფოტომ, რომ დედამიწას იდეალური სფეროს ფორმა არ აქვს. სწორედ ამიტომაცაა, რომ დედამიწის ფორმას გეოიდის სახელწოდებით მოიხსენიებენ. გეოიდი დედამიწის ფორმისა და ზომის გამომხატველი მოდელია.

წყარო: https://www.nasa.gov (ფოტო გადაღებულია 1930 წლის 30 დეკემბერს).

აღსანიშნავია, რომ ბრტყელი დედამიწის კონსპირაციას მთელ მსოფლიოში ჰყავს მიმდევრები. ამერიკაში ჩატარებული YouGov კვლევის მიხედვით, ყოველი მეექვსე ამერიკელი ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ სამყარო მრგვალია. გარდა ამისა, ბრტყელი დედამიწის შესახებ დეზინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება. აღნიშნულ დეზინფორმაციას სხვადასხვა დროს ფაქტების გადამმოწმებლებიც გამოეხმაურნენ (ბმული 1, 2, 3).

აქვე წარმოგიდგენთ იმ მთავარ დეზინფორმაციულ მტკიცებებს, რითაც ბრტყელი დედამიწის კონსპირაციის მიმდევრები დედამიწის სფეროსებურობას უარყოფენ.

  • დედამიწა არ ბრუნავს. რეალურად, დედამიწა სამი სახის მოძრაობას ასრულებს: ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, მზის გარშემო და მზესთან ერთად სამყაროში გადაადგილდება. დედამიწის ბრუნვა ადამიანებისთვის შეუმჩნეველია, თუმცა ის გავლენას ახდენს ყოველდღიურობაზე. დედამიწა რომ არ ბრუნავდეს, მზის ჩასვლასა და ამოსვლას ვერ ვნახავდით, ასევე არ იარსებებდა დღე და ღამე. დედამიწის სფეროსებურობა ყველაზე უკეთ ამაღლებული წერტილებიდან (დედამიწის ზედაპირიდან 40 მილის რადიუსში) შეიმჩნევა.
    უამრავი მტკიცებულება, მათ შორის ფოტოები, ატმოსფერული პროცესები, მთვარის დაბნელება და ვარსკვლავების მოძრაობა, ადასტურებს დედამიწის ბრუნვასა და მის დახრილობას.
  • ანტარქტიდა არის ყინულის კედელი, რომელიც გარს აკრავს დედამიწას. ამ მოსაზრების სიყალბე დასტურდება სატელიტური სურათებით, რომლებიც კონტინენტის რეალურ ფორმას აჩვენებს.
  • კომპასი არ იმუშავებდა, თუკი დედამიწას სფეროს ფორმა ექნებოდა. ეს მტკიცება მცდარია, ვინაიდან კომპასი ორიენტირებულია მაგნიტური ველის ხაზებზე, რომლებიც დედამიწას გარს აკრავს. დედამიწის მაგნიტურ ველს პოლუსები აქვს, რომლებიც მიახლოებით გეოგრაფიულ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსთანაა ახლოს. კომპასის ისრის ერთი ბოლო ყოველთვის მიმართულია ჩრდილოეთისკენ, საწინააღმდეგო ბოლო კი სამხრეთისკენ, რაც განპირობებულია სწორედ იმით, რომ კომპასის დამაგნიტებული ისარი ორიენტირებულია დედამიწის გარშემო არსებულ მაგნიტური ველის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე.
  • დედამიწა ბრტყელია, რადგან ქალაქების თავდაყირა მდგომარეობაში არსებობა შეუძლებელია. აქ მთავარი გრავიტაციის ძალის მნიშვნელობაა, რომელიც სხეულებს დედამიწაზე აკავებს. გრავიტაციის ძალის მოქმედებით სხეულები თავდაყირა მდგომარეობაში ვერ იქნებიან. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დედამიწის ნებისმიერ წერტილში ყოფნისას მიზიდულობის ძალა მიმართულია ცენტრისკენ. სწორედ ამიტომ, ბრუნვის დროს დედამიწის პოზიციის მიუხედავად, შენობები რჩება მიწაზე, წყალი კი ოკეანეებში. დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო, ადამიანები იგრძნობდნენ გრავიტაციულ მიზიდულობას ცენტრისკენ.
  • ოკეანეები ე.წ კონტეინერებშია მოთავსებული. ეს მტკიცება მცდარია, ვინაიდან ჰიდროსფეროს აკავებს დედამიწის სიდიდე და გრავიტაციის ძალა.
  • თვითმფრინავები დაფრინავენ სწორი მიმართულებით ერთ დონეზე, რაც ამტკიცებს, რომ დედამიწა ბრტყელია. რეალურად, პილოტებს მუდმივად უწევთ გარკვეულო კორექტირებების შეტანა სიჩქარისა და სიმაღლის შესანარჩუნებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითმფრინავები არ დაფრინავენ სწორხაზოვნად. ეს არის ტექნიკა, რომელიც გულისხმობს ერთი მიმართულებით მუდმივ სიმაღლეზე ფრენას.
  • ბრტყელი დედამიწის კონსპირაციის მიმდევრები მცდარად ამტკიცებენ იმასაც, რომ გემი, რომელსაც ჰორიზონტზე ვუყურებთ, დედამიწის სიმრგვალის გამო კი არ ქრება, არამედ ის უბრალოდ გვშორდება და გადის ჩვენი თვალთახედვის არიდან.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შინაარსი, რომელიც ამტკიცებს, რომ დედამიწა ბრტყელია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.