• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2023 წელსაც დეფიციტური აღმოჩნდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2023 წელსაც დეფიციტური აღმოჩნდა

DRG სისტემაზე გადასვლის მიუხედავად, ხარჯების მართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევად რჩება.

11/01/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაზე გამოყოფილი თანხა, გასული წლების მსგავსად, 2023 წელსაც არ აღმოჩნდა საკმარისი. სახელმწიფო ხაზინის 3 იანვრის მონაცემებით,(pdf) 2023 წელს მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეალურმა ხარჯმა 1 მილიარდ 62 მლნ ლარი შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის პროგრამების მთლიანი დანახარჯების [1 მლრდ 600 მლნ] დაახლოებით 66% საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია. თავდაპირველად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 880 მლნ ლარით განისაზღვრა. 2023 წლის ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პროგრამის დაფინანსება 980 მლნ ლარამდე გაიზარდა, თუმცა არც გაზრდილი ბიუჯეტი აღმოჩნდა საკმარისი.

2024 წელს მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 1,035 მლნ ლარით განისაზღვრა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი გადახდის წესით ფინანსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. მსგავსი პრაქტიკა კი ხარჯების მართვის ეფექტიან მექანიზმად ვერ ჩაითვლება, რასაც გასული წლების ბიუჯეტის მონაცემებიც ადასტურებს. პროგრამის გეგმური ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ის ყოველ წელს დეფიციტურია. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ 2021 წელი იყო (იხილეთ გრაფიკი N1).

გრაფიკი 1: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაგეგმილი და რეალური ხარჯები, 2014-2024 წლებში

წყარო: ფინანსთა სამინისტრო; სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს: გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მაღალი დანახარჯების გამო, მედიკამენტების დაფინანსება კვლავ პროგრამის მთავარ გამოწვევად რჩება. პროგრამა მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის ონკოლოგიური და ქრონიკული მედიკამენტების ნაწილს აფინანსებს.

პროგრამის ამოქმედების დღიდან, არსებობდა მოლოდინი, რომ ე.წ. საყოველთაო მიდგომა არაეფექტური აღმოჩნდებოდა, ერთი მხრივ ის მაღალ დანახარჯებს გამოიწვევდა, მეორე მხრივ კი, ჯანდაცვის სერვისების ფართო მოცვას (მაგალითად, სამკურნალო საშუალებების დაფინანსება) ვერ უზრუნველყოფდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. შესაბამისად, პროგრამის ხარჯების მართვა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. ხელისუფლებამ პროგრამის ხარჯების შეკავება სხვადასხვა დროს სხვადასხვა მექანიზმებით სცადა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ, სახელმწიფომ საყოველთაობის პრინციპი მიზნობრივ მიდგომით ჩაანაცვლა. 2017 წლის 1 მაისიდან, შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. ის ფაქტი, რომ რომ პროგრამა ორიენტირებული გახდა იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდება ხელი ჯანდაცვაზე, ცალსახად სწორი ნაბიჯი იყო. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული ცვლილებისა, პროგრამის ბიუჯეტის მართვა კვლავ პრობლემური იყო.

შემდგომში, მმართველმა გუნდმა საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების შეკავება 2019 წლის ნოემბრის „520-ე დადგენილებით“ სცადა. აღნიშნული დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულ სამედიცინო სერვისებზე, როგორიცაა: კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია და რეანიმაციული მომსახურება, კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის" სტატია). ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფების შემცირება/გათანაბრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების ხელოვნურად და დროებით შეკავების მექანიზმი იყო. 520-ე დადგენილებამ ახალი რისკები და პრობლემები გააჩინა, ის პრობლემას უქმნიდა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დარგების განვითარებას. ამასთან, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები მალევე ალაპარაკდნენ 520-ე დადგენილებით მიყენებულ ზიანზე. ეს ყველაფერი კი პაციენტის მკურნალობის/ზრუნვის ხარისხზე პირდაპირ აისახებოდა. ამასთან, 520-ე დადგენილება გრძელვადიან პერიოდში ჯანდაცვაზე მოსახლეობის და სახელმწიფო დანახარჯების შემცირებას ვერ უზრუნველყოფდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩიხში აღმოჩნდა და აუცილებელი გახდა ჯანდაცვის დაფინანსების მოდელის ცვლილება, თუმცა COVID-19-ის პანდემიამ პროცესები შეაფერხა. 2022 წლის ბოლოს, ახალი მოდელი – დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსება დაინერგა, რომელიც 2023 წლის იანვრიდან სრულად ამოქმედდა. DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება დიაგნოზის მიხედვით და კლინიკები ცალკეული მომსახურებისთვის პაციენტებს დამატებით საფასურს ვერ გადაახდევინებ. სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს (0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).

DRG მოდელის უპირატესობად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ის მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის ხარჯებს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს პაციენტზე ზრუნვისა და მკურნალობის ხარისხის ხარჯზე, რისი რისკებიც უკვე ნათელია. დადგენილი ტარიფი უნდა იყოს „ადეკვატური“, ამისთვის აუცილებელია ჯანდაცვის უწყებამ სამედიცინო სექტორთან მეტად ითანამშრომლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელვადიან პერიოდში სამედიცინო სერვისების მიწოდების დეფიციტიც შეიძლება შეიქმნას, რადგან კლინიკების დიდმა ნაწილმა გარკვეული სერვისის მიწოდებაზე შესაძლოა უარი განაცხადონ.

DRG სისტემის დანერგვას, რომელიც მსოფლიოში აპრობირებული მოდელია, ჯანდაცვის სექტორი მეტ-ნაკლებად დადებითად შეხვდა. თუმცა DRG მოდელის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, კლინიკების წარმომადგენლები ტარიფების ობიექტურად დადგენის პრობლემაზე საუბრობენ და ტარიფების გადახედვას ითხოვენ.

ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით კი, DRG მოდელი ქვეყანაში წარმატებით დაინერგა და პაციენტის ჯიბიდან გადახდები შეამცირა.

ზოგადად, DRG სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა არის ის, რომ ხარჯები მეტად პროგნოზირებადია. ამის მიუხედავად, გასულ წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები, წინა წლების მსგავსად, არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა და პროგრამის ბიუჯეტი არაერთხელ გადაიხედა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წელი DRG სისტემის დანერგვის პირველი წელი იყო და იმის შეფასება, თუ რამდენად ხარჯთეფექტური აღმოჩნდება DRG მოდელი, შესაძლოა ნაადრევი იყოს. თუმცა ამ ვადაში აღნიშნული მოდელის გამოწვევები უკვე გამოიკვეთა და ფაქტია, რომ რეფორმის „წარმატებაზე“ საუბარიც ნაადრევია.

თეგები:
საყოველთაო ჯანდაცვა
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა