სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Gvan Ca, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პოსტის ფოტო-ანაბეჭდს ავრცელებს. ფოტოზე მოცემულია CENN-ის ერთი-ერთი პროექტის „მწვანე დღის წესრიგი“ დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია. Facebook-ანგარიში წერს, რომ „ევროკავშირი სოფლის მეურნეობას კრძალავს, სასოფლო-სამეურნეო მიწების ჩამორთმევას კლიმატის ცვლილების მიზეზით ახდენს. ამას გარდა, ნახშირბადის გადასახადს დაბინძურებისთვის სრულიად ყველაფერზე აწესებს. ე.წ. მწვანე დღის წესრიგი არის მოსახლეობის განადგურების დღის წესრიგი. ამის შესახებ მუდმივად საუბარია ევროპარლამენტში. მუდმივად აპროტესტებს მოსახლეობა, მათ შორის, ფერმერებიც, მაგრამ ეჭვი მეპარება ჩვენთან გადარჩენისთვის ვინმემ იბრძოლოს“.
რეალურად, CENN-ის პროექტი „მწვანე დღის წესრიგი“ ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზაციასა და ქვეყნის მდგრადი მომავლის ხელშეწყობას ემსახურება. ამავდროულად, ევროკავშირისთვის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი სფეროა და მტკიცება, რომ ევროკავშირი მის აკრძალვას ცდილობს, ყალბია.
2023 წლის 19 დეკემბერს თბილისში პროექტის „მწვანე დღის წესრიგი“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს საქართველოში სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტი (SEI) საქართველოს მთავრობასთან და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
CENN-ის პროექტს „მწვანე დღის წესრიგი“ 2023 წლის სექტემბრიდან ახორციელებს და ის 2026 წლის მარტამდე გაგრძელდება. პროექტი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, დაბინძურების შემცირება, ეკოსისტემის დაცვა, ენერგოეფექტურობა და სხვ. აღსანიშნავია, რომ პროექტი ითვალისწინებს 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობაზე გადასვლის გზამკვლევის შექმნას და ისეთ თემებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, ენერგოეფექტურობა, მდგრადი მშენებლობა და სხვ.
კლიმატნეიტრალურობა (ინგ. Climate neutrality)-გარკვეული პერიოდის განმავლობაში სათბურის აირების ანთროპოგენურ ემისიებს აბალანსებენ, მათი შთამნთქმელები და სათბურის აირების ემისიების ბალანსი ნულის ტოლია. IPCC კლიმატნეიტრალურობას განმარტავს, როგორც „ქვეყნის კონცეფციას, სადაც ადამიანთა აქტივობა არ ახდენს უარყოფით და არათანაბარ გავლენას კლიმატურ სისტემაზე“.
სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტის (SEI) ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პროექტით სომხეთი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა კლიმატის ცვლილების შესაფერხებლად, მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად და უკეთესი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად სტრატეგიებს შექმნიან. „სომხეთს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი დანერგონ კლიმატის ცვლილებაზე მდგრადი პრაქტიკა. ამისთვის, ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაძლიეროთ მათი პოლიტიკის თავსებადობა ევროკავშირის ჩარჩოებთან - საყოველთაოდ ცნობილი, როგორც ევროპის მწვანე შეთანხმება, რაც ევროკავშირის პოტენციური წევრობის ან ინტეგრაციის პროცესს ხელს შეუწყობს. ჩვენი ინიციატივა ასევე დაეხმარება ქვეყნებს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში“, - აღნიშნულია SEI-ის ვებ-გვერდზე.
„პროექტი „მწვანე დღის წესრიგი“ მდგრადი განვითარებისაკენ, მედეგობისა და კეთილდღეობისკენ მიმართულ ეროვნულ და საერთაშორისო ძალისხმევას გააერთიანებს. მდგრადი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვით საქართველო ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება, რათა გააუმჯობესოს საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, ახალი შესაძლებლობები გაუხსნას ბიზნესს და გააძლიეროს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. მწვანე მომავლის უზრუნველყოფა რთულია, თუმცა საქმისადმი ერთგულებით, ინოვაციებითა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით, აბსოლუტურად მიღწევადი“, - განაცხადა ვირჯინიუს სინკევიჩიუსმა, ევროკომისარმა გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში.
„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა, ისევე როგორც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა უაღრესად კომპლექსურია, პროექტი „მწვანე დღის წესრიგი“ კი საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს, იმუშაოს ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ყველა ასპექტზე. საქართველომ შეიმუშავა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ემისიების შემცირებას და კლიმატნეიტრალურობის მიღწევას. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მწვანე დღის წესრიგის პროექტთან, მჭიდროდ ვიმუშაოთ საქართველოს მწვანე ტრანსფორმაციის წინსვლისთვის და ევროკავშირის მწვანე შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
ამდენად, მტკიცება, რომ აღნიშნული პროექტით ევროკავშირი საქართველოში კლიმატის ცვლილებების კონტექსტში, სოფლის მეურნეობას კრძალავს და „მოსახლეობის განადგურებას“ ცდილობს, მცდარია.
ევროპული მწვანე შეთანხმება
რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის დონეზე სოფლის მეურნეობასა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით პოსტში არსებულ მტკიცებებს. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის მწვანე შეთანხმება (The European Green Deal) 2020 წელს მიიღო. აღნიშნულით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ვალდებულებას იღებს, რომ 2050 წლისთვის ევროკავშირი გადააქციოს პირველ კლიმატნეიტრალურ კონტინენტად. მათ პირობა დადეს, რომ 2030 წლისთვის ემისიები 1990 წელთან შედარებით მინიმუმ 55%-ით შემცირდეს.
წყარო:https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/FS_23_4813
მწვანე შეთანხმება მოიცავს პოლიტიკის რვა სფეროს: ბიომრავალფეროვნება, კვების მდგრადი სისტემები, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სუფთა ენერგია, მდგრადი ინდუსტრია, მშენებლობა და განახლება, მდგრადი მობილურობა, დაბინძურების აღმოფხვრა და კლიმატის ქმედება (climate action).
„ევროპის მწვანე შეთანხმება ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას გულისხმობს. ევროპის კლიმატის მიმართ ნეიტრალურობა და ჩვენი ბუნებრივი ჰაბიტატის დაცვა კარგი იქნება ხალხისთვის, პლანეტისთვის და ეკონომიკისთვის“, - წერია ევროკომისიის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ახალი სოციალური კლიმატის ფონდი შეიქმნა, რომელიც 65 მილიარდ ევროს გამოყოფს და ჯამში 86 მილიარდ ევროზე მეტი ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად დაიხარჯება გარდამავალ პერიოდში.
2023 წლის ივლისში მწვანე შეთანხმების ფარგლებში, კომისიამ ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პაკეტი მიიღო, რაც ევროპული კვების სისტემებსა და ფერმერული მეურნეობის მდგრადობას ხელს შეუწყობს. აღსანიშნავია, რომ პაკეტი მოიცავს ნიადაგის ახალ კანონს, რათა 2050 წლისთვის ევროკავშირში გაიზარდოს ჯანსაღი ნიადაგების რაოდენობა. ამ მხრივ რეფორმები აუცილებელია, რადგან ევროკავშირის მასშტაბით ნიადაგის 60% არაჯანსაღია.
2023 წლის 12 ივლისს ევროკავშირმა „ბუნების აღდგენის“ კანონი მიიღო, რომელიც „მწვანე შეთანხმების“ ძირითადი საყრდენია. კანონპროექტი ევროკომისიამ 2022 წელს დააინიციირა, რასაც არაერთგვაროვანი მოსაზრებები მოჰყვა. „ბუნების აღდგენის“ კანონი იძლევა საშუალებას, რომ ათ წელში ყველა დაზიანებული ტორფიანი მიწის 30% აღდგეს და ნაწილობრივ სხვა გამოყენებაზე გადავიდეს 2050 წლისთვის. ტორფის მიწები, სავსეა საკვები ნივთიერებებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებისთვის, ასეთი მიწა ევროპაში დაახლოებით გერმანიის ზომის ნაკვეთს შეადგენს. ტორფიანი მიწის ნახევარზე მეტი დაზიანებულია. მაგალითად, გერმანიაში ტორფიანი მიწის 90%-მდეა გამომშრალი. სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში დაზიანებული ტორფიანი მიწები ძირითადად სატყეო მეურნეობისთვის გამოიყენება, მაგრამ ნიდერლანდებში, პოლონეთსა და გერმანიაში ასეთი ნიადაგის დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო მიწაა.
ევროკავშირში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ინიციატივებს ფერმერების ნაწილი მართლაც არ ეთახნმება. მაგალითად, ფერმერების ნაწილი აცხადებს, რომ მათ ზედმეტად ბევრს სთხოვენ. მათი თქმით, პესტიციდების რაოდენობის განახევრება, სასუქების გამოყენების შემცირება, ორგანული წარმოების გაორმაგება და ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის გადამუშავება, მათთვის წამგებიანი იქნება.
ფერმერების პროტესტი განსაკუთრებით მწვავე ნიდერლანდებში გახდა, სადაც მიმდინარე წელს მთავრობამ 2030 წლის პერიოდამდე შესასრულებელი გეგმა წარადგინა, გამონაბოლქვის განახევრების შესახებ. გეგმა მოიცავს პირუტყვის რაოდენობის მესამედით შემცირებას და წარმოების დახურვის მიზნით ფერმების ნაწილის შესყიდვას. აღნიშნულმა გეგმამ ქვეყნის მასშტაბით ფერმერების პროტესტი გამოიწვია, რამაც ნიდერლანდებში პოლიტიკურ ლანდშაფტზეც იმოქმედა: BBB ან BoerBurgerBeweging (ფერმერი-მოქალაქეების) პარტია, რომელიც მთავრობის გარემოსდაცვითი პოლიტიკას აპროტესტებს, 2023 წლის მარტის არჩევნების შედეგებით, ჰოლანდიის სენატში უმსხვილესი პარტია გახდა.
ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკა
სოფლის მეურნეობა ევროკავშირის დონეზე უკვე არის გლობალური სტანდარტი უსაფრთხოების, საკვების მიწოდების უსაფრთხოების და ხარისხის თვალსაზრისით. უკვე დიდი ხანია მოქმედებს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა- Common Agricultural Policy (CAP). მწვანე შეთანხმებით კი სოფლის მეურნეობა მდგრადობის გლობალური სტანდარტიც უნდა გახდეს.
ცნობისთვის, ევროკავშირისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოფლის მეურნეობა და სურსათთან დაკავშირებული მრეწველობა და მომსახურება უზრუნველყოფს 44 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს. 2023 წლის 1 იანვარს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის - Common Agricultural Policy (CAP)- ახალი დადგენილება ამოქმედდა, რომელიც 2023-2027 წლებზეა გათვლილი. ჯამში CAP-ისთვის, €387 მილიარდი გამოიყოფა.
აღნიშნულ პერიოდში სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის მთავარი მიზანია „უზრუნველყოს მდგრადი მომავალი ევროპელი ფერმერებისთვის, უფრო მიზანმიმართული მხარდაჭერა გაუწიოს მცირე ფერმერებს და უფრო მეტი მოქნილობა მისცეს ევროკავშირის ქვეყნებს ერთად მიღებული ზომების ადგილობრივ პირობებთან ადაპტაციისთვის“.
CAP-ის მიზნებია:
- 2023-2027 წლებში სულ 377 000 ახალგაზრდა ფერმერის ხელშეწყობა.
- ინვესტიციების ხელშეწყობა, რათა სოფლად ცხოვრება და მუშაობა უფრო მიმზიდველი გახდეს.
- მინიმუმ 400 000 სამუშაო ადგილის შექმნა სოფლის მეურნეობის სექტორში.
- ყოველწლიურად დაახლოებით 19 მილიარდი ევრო გამოიყოფა ფერმერების მხარდაჭერისთვის, დამატებით 9.6 მილიარდი ევროს შემოსავლის მხარდაჭერა მიმართულია ფერმერების კონკრეტულ ჯგუფებსა და საჭიროებებზე (პრობლემური სექტორები, მცირე ფერმერები და ახალგაზრდა ფერმერები).
- შეიქმნება რისკის მართვის ინსტრუმენტები, რომლებიც ეხმარება ფერმერებს კრიზისებთან გამკლავებაში.
- ყოველწლიურად, 3.7 მილიარდი ევრო CAP-ის სახელმწიფო სახსრებიდან დამატებით დახმარებას გაუწევს ფერმერებს ბუნებრივი ან სხვა სპეციფიკური შეზღუდვების წინაშე მყოფ რაიონებში, როგორიცაა მაგალითად, მთიანი რაიონები.
- მინიმუმ 7 მილიარდი ევრო დაეთმობა ცხოველთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, სახეობებისა და მეცხოველეობის სისტემების მიხედვით და ა.შ.
ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკით ევროკავშირი ფერმერების ხელშეწყობას ცდილობს. ამისთვის ძირითად მიდგომად იყენებს შემოსავლის მხარდაჭერა (Income support) - შემოსავლის მხარდაჭერით სარგებლობს დაახლოებით 6 მილიონი ფერმა ევროკავშირის მასშტაბით. საშუალოდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, შემოსავლის მხარდაჭერა ფერმერების შემოსავლის თითქმის ნახევარს წარმოადგენდა. 2023-27 წლების პერიოდისთვის, შემოსავლების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის დაგეგმილი ბიუჯეტი თითქმის 188 მილიარდი ევროა.
CAP-ის სტრატეგიული გეგმები ნათელს ხდის, რომ მისი ერთ-ერთი მიზანია მცირე ფერმებში თანხის უფრო სამართლიანი განაწილება მოხდეს. ასევე გეგმების მიხედვით, გაზრდილია ერთობლივი ძალისხმევა მეურნეობების მოდერნიზაციისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.
ევროკავშირის პირდაპირი გადახდების (Direct payment) 10%-ზე მეტი, რაც ყოველწლიურად 4 მილიარდ ევროს შეადგენს, მცირე და საშუალო მეურნეობაზეა გადანაწილებული. სოფლის მეურნეობის პოლიტიკით, დაახლოებით 377 000 ახალგაზრდა ფერმერის ხელშეწყობა ხდება, რათა ისინი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დაფუძნდნენ.
მწვანე შეთანხმებასთან ერთად ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკით, ევროკავშირი ცდილობს გაზარდოს წვლილი კლიმატის ცვლილების გავლენის წინააღმდეგ, გააუმჯობესოს ბუნებრივი რესურსების მართვა, უზრუნველყოს ფერმერებისთვის სამართლიანი ეკონომიკური ანაზღაურება, გააძლიეროს ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა.
ზოგადად, არა მარტო ევროკავშირის, არამედ მსოფლიო დონეზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები უფრო და უფრო დიდ ყურადღებას იქცევს. განსაკუთრებით საყურადღებოა CO2-ის დონის შემცირება, რადგან მისი რაოდენობა უპრეცედენტო ტემპით იზრდება. CO2, ისევე როგორც, მეთანი (CH4) და აზოტის ოქსიდი (N2O), სათბური აირებია და ისინი დედამიწაზე სათბურის ეფექტის შექმნაში მონაწილეობს. ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობის გამოყოფის კუთხით ლიდერობენ, ჩინეთი და აშშ. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის წილი მსოფლიო ემისიებში 0.03%-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ ევროკავშირის მხრიდან კლიმატის კუთხით, საქართველოსთან მიმართებით მკაცრი მითითებების გაცემა დაიწყებს, უსაფუძვლოა.
წყარო:https://ourworldindata.org/co2/country/georgia#what-are-the-country-s-annual-co2-emissions
Facebook-ანგარიში პოსტში ასევე წერს, რომ ევროკავშირი ნახშირბადის გადასახადს დაბინძურებისთვის „სრულიად ყველაფერზე“ აწესებს. 2023 წლის ოქტომბრიდან ევროკავშირმა პირველად აამოქმედა ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადის გეგმის საწყისი ფაზა, რომელიც იმპორტიორებს ნახშირბადზე გადასახადს უწესებს, თუმცა არა ყველა სფეროში. პირველი ფაზა მოიცავს ცემენტს, რკინასა და ფოლადს, ალუმინს, სასუქებს, ელექტროენერგიასა და წყალბადს. მას შემდეგ რაც ის სრულად ამოქმედდება, კერძოდ, 2026 წლიდან, ევროკავშირში იმპორტიორი გადაიხდის CO2-ის საფასურს, რასაც ევროპული კომპანიები უკვე იხდიან ევროპის ნახშირბადის ბაზარზე (ევროკავშირში არსებობს EU Allowances (EUAs), რომელიც იმ შემთხვევაში აჯარიმებს კომპანიებს, თუ ისინი დროის გარკვეულ პერიოდში 1 ტონაზე მეტ CO2-ს გამოყოფენ, ჯარიმამ მაქსიმალურ ნიშნულს 2023 წლის თებერვალში მიაღწია და ტონაზე 101.25 ევრო გახდა). სამართლიან კონკურენტულ პოლიტიკასთან ერთად, ახალი მექანიზმის მიზანია, უფრო სუფთა წარმოების ხელშეწყობა როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
სოფლის მეურნეობა ევროკავშირის მთლიანი სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით 10%-ს შეადგენს. CAP მეშვეობით კი ევროკავშირი მიზნად ისახავს ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკაში სოფლის მეურნეობის წვლილის გაზრდას. CAP მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ფერმერების დახმარების პროცესში, რათა პროდუქტიულობასთან ერთად, გაძლიერდეს მათი წვლილი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამდენად, მტკიცება, რომ „მწვანე დღის წესრიგი“ და ზოგადად ევროკავშირის დონეზე „მწვანე შეთანხმება“, კლიმატის ცვლილების მიზეზით, სოფლის მეურნეობის განადგურებას ნიშნავს, მცდარია. ამავდროულად, პოსტის ავტორი მანიპულაციურად ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირში არსებულ სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.